წაიკითხე ეს, როცა გამხნევება დაგჭირდება

0

ვგრძნობ შენი “მე”-ს ძიებაში მწუხარების კლდოვანი ლაბირინთების უკუნ სიბნელეში გზას ხელების ცეცებით როგორ მიიკვლევ. ნელნელა და ფრთხილად ადგამ შიშველ ტერფებს ნესტიან მიწაზე. დადარდიანებულმა, არც კი იცი, საით მიჰყავხარ ლაბირინთის ჩაბნელებულ-ჩახლართულ გზას…

დროდადრო, მტკივნეული ფიქრის წვეტიან ქვაზე უნებლიე დაბიჯებისას მოულოდნელი ტკივილისგან კივილი აღმოგხდება და ძირს ეცემი. ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ამ სიბნელეში სრულიად მარტო ხარ და დროდადრო გგონია, რომ ვერასოდეს გამოაგნებ გამოსასვლელს, არავინ მოვა დასახმარებლად, რადგან ვერავინ გაიგონებს შენს ხმას…

ვიცი ახლა გიმძიმს და არ ვაპირებ შენთვის რჩევა-დარიგების მოცემას, რადგან შენ ეს ახლა არ გჭირდება. შენ ახლა ჩემი გვერდით დგომა და გამხნევება გესაჭიროება, ჩაკიდებული ხელის სითბო, რომელიც განიშნებს, რომ “მალე განათდება” … შენ კი ჯერაც გგონია, რომ ამ პატარა ნესტიან ორმოში სრულიად მარტო აღმოჩნდი და ხსნა არსაიდანაა… დროდადრო მთლიანად გიპყრობს შიში და უიმედობა, მუხლებში იკეცები და სადღაც ზემოთ, ორმოს ზედაპირზე ყრუდ ისმის შენი გოდება…

შენ არავის ეუბნები, რა არის შენი ტკივილის მიზეზი, რადგან თვლი, რომ უბრალოდ არ შესწევთ უნარი – გაგიგონ, მაგრამ შენს სახეზე მწუხარების სურათები სლაიდებად ენაცვლება ერთმანეთს – შენ გიმძიმს… არ აქვს მნიშვნელობა რა გაწუხებს, არის ეს მსუბუქი – ადვილად მოგვარებადი თუ რთულად გადასალახი, მაგრამ დღეს ჩემი მისიაა, რომ შეგიმსუბუქო ტვირთი, იქნებ ისიც კი მოვახერხო, რომ გულიდან ეგ მძიმე ლოდი ჩამოგხსნა, არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ იცოდე, რომ ეს მთელი გულით მინდა…

მინდა ხელი ჩაგკიდო მაგრად და გითხრა, რომ შენ არ ხარ მარტო, მე ვიქნები შენთან ერთად ამ სიბნელეში მანამ, სანამ არ იგრძნობ ჩემს აქ არსებობას და არ აივსები იმედით… თუკი ეს იქნება საკმარისი და შენს თვალებში იმედის ნაპერწკალს დავინახავ, ხომ კარგი, მაგრამ თუკი ვერ შემამჩნევ და მაინც გადაწყვეტ ამ სიბნელეში ჯიუტად განაგრძო გამოსასვლელის ძიება და კვლავაც დაისერო ფეხები, მეც შენთან ერთად წამოვალ ფეხშიშველი, რომ არც მაგ ტკივილში იყო მარტო…

თუკი ჩემს თბილ საუბარს ვერ გაიგონებ ან არ დაიჯერებ, არაუშავს, მდუმარედ გამოგყვები გვერდით, მაგრამ ხელი კი მაგრად მექნება ჩაკიდებული, იქნებ მოგცე ძალა იგრძნო, რომ არ ხარ მარტო…

როცა წაიქცევი და მორიგი ჭრილობა აგატირებს, ცრემლებით ჩამოგბან სისხლს და თმებით შეგიმშრალებ, შემდეგ კი ჩემს კაბას პატარა ნაჭერს ჩამოვხევ და საიმედოდ შეგიხვევ…

როცა გზაჯვარედინზე მდგომი ვეღარ გაიგებ, რომელ გზას გაუყვე, რადგან უკვე მერამდენედ დაგაბრუნა ლაბირინთმა ამავე წერტილში, ჩუმად ჩაგჩურჩულებ, ტყის მშვიდი ნიავივით, რომელ გზაზე გელის გამოსავალი…

როცა უიმედოდ ცივ კედელზე სიმწრით დაიწყებ თავის რტყმას, გული მეტკინება, რადგან მეც ვიგრძნობ შენს სიმწარეს და დამენანები, მოგიახლოვდები და ჩუმად გეტყვი, რომ შენ არ ხარ მარტო, რომ მე ვარ შენთან ერთად, ხოლო დარდისგან სავსეს თუკი არ შეგეძლება ამის აღქმა, კიდევ ერთხელ გამწარდები და იტირებ, შენთან ერთად ვიტირებ მეც და ვილოცებ მთელი გულით, რომ დარდი შეგიმსუბუქდეს…

როცა დაქანცული და ძილმორეული იქვე, კუთხეში უღონოდ ჩაიკეცები, გულში ჩაგიხუტებ და თბილად მიგაძინებ, რომ დროდადრო არ გამოგაღვიძოს ნესტმა და სუსხმა…
როცა უცნაური სითბოსგან ჟრუანტელჩაღვრილს გაკვირვებულს გამოგეღვიძება, იქამდე გიყურებ თვალებში, მანამ არ იგრძნობ და არ მიხვდები, რომ ამ სრულ უკუნში არ ხარ მარტო და არის ვიღაც, ვინც შენთან ერთად დაბოდიალობს შენი მწუხარების უკიდეგანო სივრცეებში და მოთმინებით ელოდება, ვიდრე მის მხარდაჭერას დაინახავ და როდესაც დაინახავ, სახეზე გადაგკრავს მკრთალი ღიმილი და გამშრალი თვალიდან ზოზინით ჩამოგიცოცდება კენტი ცრემლი. მიხვდები და გაიხსენებ, რომ როცა ყველაზე მეტად გიმძიმდა, ვიღაცის კეთილი გული გათბობდა და თბილ ხელს მაგრად ეჭირე, მაგრამ შენ არ შეგეძლო ამის დანახვა, რადგან შენ მხოლოდ მწუხარებას ხედავდი, ახლა კი შენი გული ნელნელა თბება და სახესაც სიცოცხლის ფერი უბრაუნდება…

ეს იმიტომ, რომ შენ გრძნობ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და ფასეული ხარ. შენ გაიღვიძებ და გაწყვეტ დარდისა და ტკივილის ბორკილებს, გადაიძრობ მელანქოლიის, უიმედობის მძიმე საბანს, მთელი ძალით ჩამოგლეჯ ლაბირინთიდან გამოსასვლელში აფარებულ ბნელ ფარდას და სითბოშეპარული სხივებისგან თვალებმოჭრილი გაოგნებული აიფარებ სახეზე ხელებს…

ვეღარაფერი დააკავებს ნათელს, რადგან შენ აირჩიე, რომ ის იყოს შენში და გამოაღწიე ბნელ-ცივი ლაბირინთიდან, რადგან შენ თავად გადაწყვიტე ასე. შენ გჭირდებოდა საკუთარი თავისთვის თვალებში ჩახედვა და ამიტომ მადლიერების თვალი გამისწორე მე, შენს სულის ნახევარსა და მეგობარს, რადგან ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც მარტო გეგონა თავი და მტკიოდა მაშინ, როდესაც გტკიოდა შენ, ახლა კი მეც შენთან ერთად ვზეიმობ დღის შუქზე გამოსვლას, ვზეიმობ იმედის გამართლებას…

მთელი სამყარო ელოდა შენს გაღვიძებას. ახლა შენ ძალიან სჭირდები მათ, ვინც ჯერ კიდევ მისი მწუხარების ლაბირინთებში დაეხეტება. შენ უკვე იცი, რამხელა ტკივილს განიცდიან ეს ადამიანები, ხოლო ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, გავუწოდოთ მეგობრული ხელი და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი არ არიან მარტო! შენ გაიხსენებ, რომ არ იყავი მარტო ყველაზე მიყრუებულ ჯურღმულშიც კი და უფრო მეტი სიხარულით აივსები. ახლა შენ შეგიძლია ანუგეშო ისინი, ვინც მწუხარებას ვერავის უზიარებს, ვისაც დარდის ჭია ხრავს შიგნიდან, ახლა შენ შეგიძლია წამოაყენო დაცემული.

გასაკეთებელი საქმეები გიცდიან… მთელი სამყარო ელოდება შენს გამოღვიძებას, შენს ღიმილს, რომელიც მზეს დააბნელებს, შენ ენერგიას, რომელიც შთაგონებით აავსებს, შენს წილ სიკეთეს, რომლისთვისაც ამქვეყნად მოხვედი, შენს წილ სიყვარულს, რომელიც საჩუქრად გაგიმზადა ბედმა…

ნუ ელი ხსნას, შენ არ ხარ მარტო და ხსნა შენს გულშია, თუკი მას მოუსმენ, გაიგონებ, როგორ ლოცულობს შენი სულის ნახევარი, გულით გისმენს და გელოდება, როდის გაამსხვრევ დარდის სქელ კედლებს და იხილავ თქვენს ტახტს, რომელზეც შენ სიკეთისმქმნელი ხელმწიფის ღირსეულ ადგილს დაიკავებ.

გაიღიმე, გამხნევდი, გაძლიერდი, შენ ბედნიერებისთვის ხარ გაჩენილი, დროა მიიღო ეს საჩუქარი ღირსეულად და მადლიერებით… მე შენს გვერდით ვარ და მაგრად მიჭირავს შენი ხელი…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply