Connect with us

ცხოვრება

“ძლიერი ქალი”…

სინამდვილეში, მართლაც არსებობენ ძლიერი ქალები და არსებობენ ქალები, რომლებიც ძალის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის. გააჩნია ვისთვის რა არის სიძლიერის ეტალონი, ვისთვის რას წარმოადგენს ცნება “ძალა”.

ამ, ერთის მხრივ, თითქოს მარტივ სიტყვაში, რეალურად იმდენი თავსატეხი და ანკესია, რომ შეუძლებელია კონსენსუსს ადვილად მიაღწიო. მაინც რას გულისხობს ქალი, როდესაც ამბობს, რომ ის მამაკაცზე ძლიერია? ბევრი “წარმატებული” ქალბატონისგან მსმენია მსგავსი ფრაზა, იმედია არ მიწყენენ, და პირიქით ჩაუღრმავდებიან თუ მართლაც აქვთ პრეტენზია “ძალაზე”, და იმას მაინც ჰკითხავენ საკუთარ თავს, რას გულისხმობენ ამ ძალაში. დარწმუნებული ვარ, ყველა სხვადასხვა რამეს გულისხმობს და აქედან გამომდინარე თავადვე გასცემენ პასუხს საკუთარ შეკითხვას.

ზოგადად ფემინიზმი არის მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. ეს ყველამ ვიცით და გასაგებია ყველასთვის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. პრობლემა სხვა რამეშია, პრობლემა იმაშია, თუ რასთან აიგივებენ უფლებებს. აბსოლუტურად სამართლიანია უფლებების თანასწორობის მოთხოვნა, მაგრამ რა გზით, რა ხერხით მიდიან ამ სამართლიანობასთან?? ძალით?? ძალადობით?? სწორედ იმ ძალადობით, რომელსაც აპროტესტებენ მამაკაცის მხრიდან, და რომელზეც თავადვე უთითებენ, რომ ძალა არ უნდა გულისხმობდეს მეტ უფლებას? რეალურად ამას აპროტესტებს ქალი, ანუ “სუსტი” ქალი, რომელიც სინამდვილეში სწორედ ასეთად მიიჩნევს თავს და რომელსაც პრეტენზია აქვს “სიძლიერეზე”… სხვა შემთხვევაში მის ლექსიკონში არ გაიჟღერებდა “ძლიერი ქალი”, ამიტომაც გავუსვი ხაზი “სუსტს”. გამოდის რომ ის მამაკაცს “უშლის” ძალის გაიგივებას უფლებასთან, როცა პარალელურად საკუთარი “ძალის” დემონსტრირებას ახდენს. მაგრამ, შინაგანად ის თავადვე აიგივებს ძალას მეტ უფლებასთან და სწორედ აქ უშვებს შეცდომას.

სანამ გადავალ კონკრეტულად ძალის და სიძლიერის ცნებებზე და მათ ახსნაზე, მინდა ერთი კითხვა დავსვა. ნუთუ ეს “ძლიერი ქალები” თვლიან, რომ სუსტს ადამიანს ნაკლები უფლებები აქვთ? პარადოქსია მათი მხრიდან მართლაც… გამოდის რომ რეალურად აპროტესტებ სისუსტეს, და არა უუფლებობას, ამავე დროს ძალის (და ხშირად ძალადობის) დემონსტრირებას ახდენ (ანუ იმის დემონსტრირებას, რასაც აპროტესტებ მამაკაცის მხრიდან), და ამავე დროს გაიძახი, რომ ქალის სისუსტეში უუფლებობის დანახვა უსამართლოა. რომ არა სისუსტის უუფლებობასთან გაიგივება, ამ დილემის წინაშეც არ დავდგებოდით, თუმცა აქვე მინდა გავიმეორო, გააჩნია ვინ რას გულისხმობს ძალაში… ძალაში და არა ძალადობაში.

მოდით დროებით შევეშვათ ქალის და მამაკაცის სისუსტეს და სიძლიერეს, ზოგადად ქალი და მამაკაცი ამოვიღოთ თემიდან და ისე შევხედოთ… გვერდიდან, უსქესოდ.

ბავშვი სუსტია თუ ძლიერი? ან რაში მდგომარეობს მისი სისუსტე და სიძლიერე? არის საკითხები, რაშიც ბავშვი შეიძლება სუსტად ჩავთვალოთ, მაგ: ის, რომ დამოკიდებულია ბევრ რამეში მშობელზე, ან ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანზე, ის რომ საკუთარი ძალებით ჯერ არ შეუძლია კვებაზე ან თავის რჩენაზე იზრუნოს, გზაზე გადასვლაც კი არ შეუძლია ხშირად უფროსი ადამიანის დახმარების გარეშე. ასეთ საკითხებში შეიძლება ითქვას რომ “სუსტია”, ანუ დამოკიდებულია სხვაზე… “უუფლებოც” კი არის გარკვეულწილად, მაგრამ… ის არ არის ნივთი, მისი უუფლებობა განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მისივე დაცვაში და არა ძალადობაში! სწორედ ეს უუფლებობაა მას რომ იცავს (ასე ვთქვათ), მასზე მეტ ზრუნვას და პასუხისმგებლობას აკისრებს სხვას. მისი “უუფლებობა” ზრდასრულ ადამიანს არ აძლევს მეტ უფლებას, ან ზოგადად რაიმე სახის უფლებას მასზე ძალადობის ან ჩაგვრის, პირიქით, მასზე უფრო მეტი ზრუნვის, პასუხისმგებლობის და დახმარების ვალდებულებას გაკისრებს მხოლოდ. ასე რომ, მისი სისუსტე არ ნიშნავს შენი უფლების ბოროტად გამოყენებას, მისი რეალური უფლებები (როგორც ასეთი) არ და ვერ დაირღვევა… ანუ როგორც ფემინიზმი გვკარნახობს “სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული” თვალსაზრისით, ბავშვის უფლებები ამ გარემოების გამო არ შეიძლება დაირღვას. დაახლოებით მსგავსი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ავადმყოფ ადამიანზე, რომელიც კლინიკაში წევს და მედ.პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. იმ კონკრეტულ და გარკვეულ პერიოდში ის ისეთივე “უუფლებოა”, როგორიც ზემოთხსენებული ბავშვი, რომელსაც არა აქვს უფლება ექიმის ნებართვის გარეშე ფეხზე ადგომის ან კვების რეჟიმის დარღვევის, მაგრამ მისი მოქალაქეობრივი უფლებები ამით არ ირღვევა, ხოლო ექიმის “უფლებები” ვრცელდება მხოლოდ ავადმყოფის ზრუნვაზე და პასუხისმგებლობაზე, და არამცდარამც მისი ფიზიკური სისუსტის ბოროტად გამოყენებაზე და მასზე ძალადობაზე.

ეს რაც შეეხება ზოგადად სისუსტის “უუფლებობას” და ძალის “უფლებებს”, შევეცადე მოკლედ გადმომეცა რამდენად შეუსაბამო და სასაცილოც კი არის ამ ორი ცნების გაიგივება. და რამდენად სასაცილოდ ჟღერს ქალის მხრიდან “ძალაზე” პრეტენზია უფლებების გამო. თუკი ამ ორ ცნებას გავაიგივებთ და ჩავანაცვლებთ “ქალის ძალას” მამაკაცის ძალის ადგილას, ეს არც მეტი არც ნაკლები პატრიარქატის მატრიარქატით ჩანაცვლება იქნება… და ამას ვეძახით თანასწორუფლებიანობას??? არა, ამას პირველობისთვის ბრძოლა ქვია და სამწუხაროდ არანაკლებ ძალადობრივია ეს გზა.

ხოლო, რაც შეეხება თვითონ “ძალას”… მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ იძლევა მეტ უფლებებს (ამაზე ალბათ შევთანხმდით), მაინც მინდა შევეხო ამ ბევრისთვის მტკივნეულ თემას და რეალურად დავანახო თავიანთი ძალა ერთსაც და მეორესაც (დასამშვიდებლად). იმედია ქალბატონებს არ სურთ ყველაფერში, ყველა სფეროში უფრო ძლიერები იყვნენ მამაკაცებზე, მაგ: ფიზიკურად, თორემ კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, ვიდრე ზემოთ მოყვანილი მაგალითებია. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქალი მიდის სათევზაოდ (ან სანადიროდ, ოღონდ არ მითხრათ რომ ეს მხოლოდ ადრე იყო, ეხლაც ხშირად დადიან მამაკაცები), ბრუნდება სახლში, სადაც წინსაფარ-აფარებული ქმარი ელოდება, ქალს სუნამოს მაგივრად თევზის სასიამოვნო არომატი ასდის, ლამაზი, მოხდენილი ფეხსაცმლის მაგივრად ტალახიანი ბოტები აცვია (რატომაც არა, პირველობა ღირს ამად), დაღლილი და გაბურძგნული იქვე ტახტზე ჩაიძინებს, ამ დროს კი ქმარი სადილს უმზადებს. მშვენიერია… ან კიდევ, წარმოიდგინეთ: ომია (არც ეს არის ჩვენი დროისთვის უცხო და შორეული), ქალები მზად არიან საკუთარი ქმრები და ოჯახები დაიცვან (თუმცა ერთეული გმირული შემთხვევები მისასალმებელია), მძიმე ზუგჩანთებს და იარაღებს იკიდებენ სუსტ მხრებზე, ქმრები კი ყვავილების ქნევით აცილებენ ფანჯრიდან… ან შორს რომ არ წავიდეთ, აქვე ახლო-მახლო სადმე ბუნებაში, სასეირნოდ რომ გადის შეყვარებული წყვილი და პატარა მდინარის ან გუბის გადალახვა რომ უწევთ, წარმოიდგინეთ უბრალოდ, როგორ აიტაცებს ეს “ძლიერი” ქალი საყვარელ მამაკაცს ხელში და მდინარეზე გადაიყვანს, ფეხი რომ არ დაუსველდეს… გეცინებათ ხომ?? რათქმაუნდა, იმიტომ რომ სასაცილოა, მარაზმულად სასაცილოდ ჟღერს, და ასეთივე სასაცილო შეიძლება სხვა ბევრ რამეში ჩანდეს ქალი, როცა საკუთარი სუსტი მხრებით მამაკაცის ტვირთს იღებს სათრევად. კიდევ უფრო უარესი, თუ ეს ქალი “ბოდიბილდერია”, სათუთად დაბერილი კუნთებით, სადაც ვერ გაარჩევ კუნთია თუ მკერდი, მთავარია მაკიაჟი არ დაავიწყდეს, რომ კაცისგან გაარჩიონ. მე მხოლოდ ფიზიკურ დონეზე ავღწერე, იქ სადაც ბევრად თვალნათლივ ჩანს, შეიძლება ასე თვალნათლივ არ ჩანდეს სხვა შემთხვევებში, მაგრამ ვისაც ფიზიკურს მიღმა ხედვა შეუძლია, იგივეს დაინახავს იქაც.

ის, რაც არაბუნებრივია, ყოველთვის ან მახინჯი ან სასაცილოა. მე არ მესმის, რატომ უნდა სურდეს ქალს ყველაფერში უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მისი მამაკაცი. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ სიძლიერეს ვერ ხედავს იქ, სადაც უნდა ხედავდეს. კიდევ ალბათ იმიტომ, რომ ძალაში მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობენ და ზოგადად აქტივობას. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვგულისხმობ იმ სფეროებს, სადაც გონებრივი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეუძლია სრულფასოვნად ჩაერთოს რაიმე საქმიანობაში და იმოღვაწეოს. ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ვაიგივებ პრობლემას ვერც უფლებებთან და მითუმეტეს ვერც ძალასთან, აქ უბრალოდ ნიჭთან და შრომისუნარიანობასთან გვაქვს საქმე. რა შუაშია აქ ან ძალა, ან უფლება, ან ძალადობა?? ან როდის სჭირდებოდა რეალურ ძალას სადმე რამის მტკიცება?? ან როდის უშლიდა ქალს ვინმე ასეთ საქმიანობას (თუ რათქმაუნდა ოჯახურ ძალადობას არ აქვს ადგილი, ძალადობას და არა ძალას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ).

თუმცა… ქალის ძალას (ისევე როგორც მამაკაცის) მე სხვა რამეში ვხედავ. იმ დონეზე ნუ დავამცირებთ ამ სიტყვას, რომ რუსული გამოთქმის არ იყოს “Сила есть, ума не надо”-მდე დავიყვანოთ. ძალა სუსტზე ძალადობაში კი არა, მასზე ზრუნვაშია, მის დაცვაშია, საყვარელი ადამიანების მიმართ თავდადებაშია (თუნდაც საკუთარი სამზარეულოს კედლებს არ ცდებოდეს ეს), დათმობაშია, პატიებაშია, სითბოშია… გაფრთხილებაში, მოფერებაში, ცრემლშიც კი მეტი ძალაა, ვიდრე შეკრულ მუშტში… ახალი ადამიანების, ბავშვების აღზრდაშია, მათ სიყვარულში, სხვისთვის ბედნიერების, სიხარულის და ღიმილის მინიჭებაში, საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაშია ძალა, ადამიანო! რატომ იყურები კუნთებზე…

ყველა თუ არა, უმრავლესობა ქალების ამ თვისებებში უფრო ძლიერია, სწორედ ქალის ამ “სისუსტეშია” მისი ძალა და სიძლიერე, უფრო სწორად, იმ ნამდვილად ძლიერ თვისებებში, რომელსაც დღეს სისუსტედ თვლიან დამახინჯებული იდეალების გამო. სინამდვილეში არცერთ მართლა ძლიერ ქალს არ მოუვა თავში აზრად საკუთარი ძალის შესახებ იყვიროს, ზოგადად სიმართლე არასოდეს არის მყვირალა, ის რაც თავისთავადია – ჩუმია, არ საჭიროებს მტკიცებას. არ შეიძლება ყველაფერში იყო პირველი და ძლიერი, არის რაღაც, სადაც მამაკაცი უფრო ძლიერია და უნდა იყოს კიდეც, არის რაღაც, სადაც მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს ძლიერი… და იმდენად ბევრია ასეთი “რაღაცეები”, რომ შეუძლებელია აწონო, ვინ, სად და როდის უფრო ძლიერია. მთავარი ბუნებრიობაა, ის რომ მისი კანონები არ დაირღვას და სიმახინჯეში არ გადაიზარდოს მათი უგულვებელყოფით. იყოს ქალი ძლიერი იქ, სადაც უნდა იყოს, და მამაკაცი იქ – სადაც ევალება იყოს… ეს ბალანსია. ის რაც მამაკაცის “ძალის” ილუზიას ქმნის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი აქტიურობაა, ბუნებაა მისი, ისევე როგორც ქალის პასიურობა (ზოგადად), თუმცა ამ აქტიურობა – პასიურობაში არ ვგულისხმობ, როგორც უკვე ვთქვი ნიჭს და მათ გამოვლინებებს, როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაში და ბევრს სხვა სფეროში. მამაკაცი აქტიურია და მისი აქტიურობა ყოველთვის ხიბლავდა ქალს, გამბედაობა, სიმამაცე, მამაკაცურობა… და ნუ მეტყვით “ძლიერი ქალები”, რომ თანახმა ხართ თქვენ იბრძოლოთ მათ გამო და არა მათ – თქვენს გამო. ფიქრობთ თქვენი აქტიურობა უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო იქნება, თუნდაც თქვენთვისვე?.. ყველაზე ძლიერ ქალსაც კი (თუ რათქმაუნდა ქალია და ქალურობა მართლაც დევს მასში) მოსწონთ მათი მხრიდან ეს აქტიურობა, თუნდაც ყველაზე ელემენტარული: ყურადღება, საჩუქრები, ყვავილები, სუნამოები, რომანტიული საღამოები… ქალი, თუ მართლაც ქალია, და არა უბრალოდ რობოტი, რომელსაც მხოლოდ ძალის და ძალაუფლების დემონსტრირება სწყურია, ყოველთვის მოხარული იქნება თავის გვერდით ძლიერი მამაკაცის ხილვის. ის ქალი კი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალის დემონსტრირებით არის დაკავებული, ცნობიერად ვერასოდეს აღიარებს ვერცერთ მამაკაცს თავისზე უფრო ძლიერად, შესაბამისად გვერდით ყოველთვის ეყოლება (თუკი ეყოლება საერთოდ ვინმე) სუსტი და დათრგუნული მამაკაცი, რომელიც ვერასოდეს დაიმსახურებს პატივისცემას მის თვალში. შეუძლებელია ქალი რეალურად იყოს ძლიერი, ან პრეტენზია ჰქონდეს ამაზე, და სუსტი მამაკაცი მოსწონდეს… შეუძლებელია! ამიტომ ყოველთვის დადგება დილემის წინაშე, თუ არ აღიარა ან თავის სისუსტე ან სხვისი სიძლიერე, უსასრულო და უიმედო ძიებების მსხვერპლი გახდება. ის ვერასოდეს იპოვის მისთვის სასურველ, მოსაწონ და შესაფერის მამაკაცს, იმიტომ რომ არასოდეს აღიარებს მის სიძლიერეს, თუმცა ქვეცნობიერად ყოველთვის ეცდება სწორედ ასეთი იპოვოს, და ამავე დროს ვერასოდეს აიტანს გვერდით სუსტს. ასეთი ქალები მარტოობისთვის არიან განწირულნი… მარტოობისთვის და უსასრულო ძიებისთვის.

არადა… ქალი ხომ ყვავილია…

რა მოხდება ხანდახან იყოთ “სუსტები”, ნაზები, მიუხედავად იმისა, თვლით თუ არა თავს ასეთად. მიეცით მამაკაცს საშუალება იაქტიურონ, თქვენთვის იბრძოლონ, დაგიცვან, თქვენზე იზრუნონ, გეფერონ, გასიამოვნონ, ხელის გულზე გატარონ, ყვავილივით მოგიარონ… თქვენ ხომ მათ ამით აძლიერებთ.

მე ყველა ძლიერ ქალს ვუსურვები გვერდით ასეთივე ძლიერი მამაკაცის ხილვას. ერთი ჩემი მეგობრის სიტყვებს გამოვიყენებ, თუ არ მიწყენს, უბრალოდ სიტყვა “ჭკვიანს” ჩავანაცვლებდი “ძლიერით”:

“უჭკუო ქალი, ქმარს მონად აქცევს და თავად მონის ცოლი იქნება, ჭკვიანი ქალი, ქმარს მეფედ აქცევს და თავად დედოფალი გახდება!”

იგივეს ამბობენ მამაკაცზე: “მხოლოდ მაშინ აქვს უფლება თავს მეფე უწოდოს, თუ ქალს დედოფლად აქცევსო”… რათქმაუნდა, ვინაიდან ასეთი ურთიერთობა, როგორც წესი ორმხრივია და მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი, აქ ჩანს მთავარი, ერთის პატივისცემა, სიყვარული და ზრუნვა მეორის მიმართ. ასეთი ადამიანები არასოდეს ცდილობენ დაასუსტონ და დაამცირონ მეორე ნახევარი, არასოდეს ჩანან ერთმანეთის გვერდით სუსტები, ისინი ყოველთვის აძლიერებენ ერთმანეთს.

/16.01.2017/
ავტორის/განმთავსებლის სახელი უცნობია; წყარო;

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცხოვრება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ