ცვლილებების რელსებზე: დევიდ ბოუი

0

“My whole professional life is an act…
I slip from one guise to another very easily.”

უამრავ მუსიკოსს აქვს გაყიდული გაცილებით მრავალრიცხოვანი ალბომი, ისევე, როგორც უამრავი მუსიკოსის ნამუშევარი გაცილებით ხშირად გამხდარა # 1 ჰიტი და მათ იმაზე მეტი ფანი ჰყოლიათ, ვიდრე დევიდ ბოუის, თუმცა ბევრ მუსიკოსს არ მოუხდენია იმხელა გავლენა ერთდროულად სოციალური, კულტურული და მუსიკალური ცხოვრების მრავალ მიმართულებაზე, როგორიც დევიდ ბოუიმ მოახდინა.

საზოგადოაბაში, რომელიც სივრცეს არ უტოვებს პიროვნებას ინდივიდუალიზმისა და ორიგინალურობისათვის, მან გაარღვია საზღვრები, იპოვა გზები და საკუთარი ინტერპრეტაციით, კრეატიულად წარმოაჩინა, ის რაც შემდგომში უამრავმა ადამიანმა გაიგო, გაითავისა და შეიყვარა. მისი მუსიკალური შემოქმედების კონცეფცია წარმოსახვით, გამოგონებულ სამყაროს და რეალობას შორის კავშირის არაპირდაპირი გზებით ძიებაა.

დევიდ ბოუი იქცა არა მხოლოდ ექსტრაორდინალურ გამომგონებლად, არამედ ცვლილებების სახედ. მას როგორც მუსიკოსს, როგორც სოციო-კულტურული გარდაქმნების ბიძგის მიმცემს, აქტუალურობა სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს. ის იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, რომელმაც გავლენა მოახდინა არაერთ მიმდინარეობაზე, გლამ როკიდან, გოთიკ როკის, პანკ როკის, სოულის, დისკოს, პოპის და ა.შ ჩათვლით, არამედ მან განსაზღვრა და ჩამოაყალიბა საკუთარი მოდური სტილი. ბოუის მრავალფეროვანმა და ექსტრავაგანტულმა სასცენო იმიჯმა გავლენა მოახდინა ისეთი დიზაინერების ხედვებზე, როგორებიცაა ჟან პოლ გოტიე, ალექსანდრ მაქქუინი და ა.შ

მან წარუშლელი კვალი დატოვა კულტურაზე, განსაკუთრებით გენდერის და სექსუალობის საკითხების კუთხით. ანდროგენულობას მის კარიერაში, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ის იყო სადღაც შუა ზღვარზე, არც ჰომოსექსუალის, არც ტრადიციული ორიენტაციის მქონეს შორის, თუმცა მისთვის ბისექსუალის წოდებაც ბოლომდე მართებული არ იქნებოდა. ის იყო გაცილებით შორს და სხვა რელსებზე. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ფენტეზი სამყაროში, რომლიდანაც არ გამოდიოდა. როგორც იაპონელი დიზაინერი იამამოტო ამბობდა: „მას მოსწონდა დევიდ ბოუისთვის სამოსის შექმნა, რადგან ის არ იყო არც ქალი, არც კაცი.“ და სწორედაც, იმიჯი, რომლითაც დევიდ ბოუი თავდაპირველად გახდა პოპულარული, იყო სრულიად უცნაური, იდუმალი, უცხოპლანეტური, თუმცა სახიფათოდ მაცდური.

ის დაეხმრა ადამიანებს აღმოეჩინათ და წარმოეჩინათ თავი ახალ სოციო-კულტურულ სივრცეებში. უცნაური, იზოლირებული კაცი სხვა პლანეტიდან „Ziggy Stardust“ ერთგვარი ნიმუში და საკულტო ფენომენი გახდა. როგორც ბოუი, „Ziggy“ ს პერსონაც უცხოპლანეტელი იყო, გრძელ თმით, ანდროგენული იმიჯით და მაკიაჟით. თუმცა უკიდურესი „აუთსაიდერის“ სტატუსმა იგი პირიქით ბევრი თინეიჯერისთვის, ასევე ზრდასრულისთვის მისაბაძ იდეალად აქცია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ცხოვრების მეინსტრიმ მიმართულებებისგან მოწყვეტილი და იგნორირებული იყო. ის გახდა ერთგვარი მესია, რომელმაც გაიზიარა, მიიღო და შეიყვარა ყველა, ვინც ტრადიციულმა კულტურამ გარიყა. ხოლო მისმა კინოგმირმა, გობლინების მეფე ჯარეტმა, ფილმიდან ლაბირინთი (1986), ხელი შეუწყო და ჩამოაყალიბა ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა სექსუალობისა და გენდერის დანახვა. ჯარეტის პერსონაჟი ბევრისთვის გახდა სექსუალური გამოღვიძების ინსპირაცია.

კარიერის მანძილზე არასდროს შეუწყვეტია განახლება. მისი მუსიკალური ალტერ ეგოები იცვლებოდა „Ziggy Stardust“ (1972) ის ანდროგენული, უცხოპლანეტური იმიჯიდან – “Aladdin Sane”(1973) მდე, “Halloween Jack”(1974) იდან – “Thin White Duke” (1976) მდე და ა.შ. მას საკუთარი სტილის გარდაქმნა გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია.

სამყაროში, სადაც ორიგინალურობა და ექსტრავაგანტულობა ერთობ დეფიციტურია, სადაც მიმბაძველობა, გამეორება, ერთგვარად მიღებული ნორმაა, დევიდ ბოუის არ ეშინოდა ყოფილიყო საკუთარი თავი და შეექმნა, დაეკავებინა სრულიად ახალი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშა. ის იყო იმიჯის, სტილის, ნამდვილი ქამელეონი და ხედვის, მუსიკალური მიმდინარეობების ინოვატორი. ის იყო მეამბოხე, რომელმაც დაგვანახვა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ და არა ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა რომ ვიყოთ. მან გვასწავლა, როგორ უნდა გამოვხატოთ პროტესტი ხელოვნების მეშვეობით იმ სისტემისადმი, რომელიც არ გვიღებს.

მასალა მომზადებულია სხვადახვა უცხოური გამოცემის სტატიაზე,

ინტერვიუზე და დევიდ ბოუის ფანების ჩანაწერებზე დაყრდნობით.

ავტორი: ნანა ბერუაშვილი, 2016

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი