ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა

0

რამდენიმე დღის წინ დამეზარა მოკლე მანძილი ფეხით გამევლო და გადავწყვიტე ავტობუსით მესარგებლა უნივერსიტეტამდე. მოგეხსენებათ, როგორც წესი, დილით პიკის საათია (თბილისი „დუღს“ ) და ყოველთვის ბევრი მგზავრია, განსაკუთრებით ჭირს გადაადგილება. შევნიშნე ერთი ლამაზი გოგონა მოკლე კაბით. ავტობუსში ასვლისთანავე დავიჭირე მგზავრების უკმაყოფილო მზერა და შმუშვნა. არ გამკვირვებია, როდესაც მათ აწითლებული საახეების დანახვაზე გოგონამ კაბას ქვემოთ დაუწყო ქაჩვა, თუმცა რას უშველიდა ეს ქმედება.

„აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“ – ამ ყველასათვის ნაცნობმა ფრაზამ საკუთარი არსი და რაობა XXI საუკუნეში რატომღაც ვეღარ შეინარჩუნა, დავიწყებას მიეცა. არადა რიგით ქართველს რომ ჰკითხოთ, შეურაცხყოფად მიიღებს, დამცირებული სახით გისაყვედურებთ, რომ ზემოთხსენებული სიბრძნე მისთვის ფასდაუდებელი და ძვირფასია.

ბევრი რამ გვეამაყება ქართველობას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავმოსაწონი მართლაც ბევრი გვაქვს. არსებობს ასეთი სიბრძნე: „ადამიანი საკუთარ თავში კარგს გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე ცუდსო.“ არც ქართველები ვართ ამ ცნებისადმი მწყრალად განწყობილნი. „ქართული მენტალიტეტი“ და ზოგადად არსებული რეალობა, მრავალგზის კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული თემაა და აქტუალურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი. იმდენად გვეამაყება ყოველივე არსებული, რომ თავი ძალიან მაღლა გვიჭირავს და ვერც კი ვამჩნევთ საძირკველი როგორ გვეთხრება.

მოკლედ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. იმდენად ვრცელი და ამოუწურავი თემაა, მე მაინც ვცდი ჩემეული ინტერპრეტაციით თქვენამდე მოვიტანო სათქმელი, თუნდაც მცირე და თუნდაც ბევრი თქვენგანისთვის მიუღებელი.

ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ ქართველი ერი მეტად სტუმართმოყვარე და გულღიაა. ამ თემაზე ალბათ ყველა ერთად შევთანხმდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციების მიხედვით, ჩვენს სუფრას ყოველთვის ჰქონდა მკაცრი წესები, რომელსაც ყველას უნდა სცოდნოდა. ჰყავდა თამადა, რომელიც სუფრაზე არსებულ სიტუაციას რკინისებური, მედგარი დისციპლინით უძღვებოდა. ეს მხოლოდ ადრე. ახლა ფორმალობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სასმელი, ეს ღვთით ბოძებული სითხე, უფლის დასალოცად რომ გამოიყენებოდა, ახლა მხოლოდ პრობლემების დასავიწყებლად, დასათრობად გამოიყენება ძირითადად და სხვა დატვირთვას იძენს. საინტერესო სანახავია თამადა, რომელიც ჩვენი ძველი წარმოდგენით ყველაზე ჭკვიანი უნდა იყოს, სრული და ენაკვიმატი. ყანწით სადღეგრძელოს დალევის შემდეგ სველ ულვაშს ცოლის მიერ სათუთად გაუთოებული პერანგის სახელოზე რომ შეიწმენდს და ”ალავერდს” მოადგილესთან რომ გადავა. სუფრა ხურდება. უკვე მთვრალ კაცებს უსკდებათ სიყვარულის ბუშტი შემდეგი სიტყვებით:- ”ძალიან მიყვარხარ“,“შენ შემოგევლე“, „აქამდე არ გიცნობდი კარგად და დღეიდან ძმები ვართ”.

მიუხედავად იმის, რომ ფრაზა – „XXI საუკუნეა“ ყველა საკითხის ირგვლივ ტრიალებს, ქალების „მხსნელი“ მაინც ვერ გამოდგა. ახლავე მოგახსენებთ, რაზეც მაქვს საუბარი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე საქართველოს მამაკაცების 60-70%ს კიდევ სწამს, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს, ბავშვები გაზარდოს და სახლი დაალაგოს. არ უნდა იმუშაოს, ანუ სახლი არ დატოვოს და საერთოდ, საჭესთანაც არ არის მისი ადგილი. თბილისი ამ მხრივ ნამდვილი გამოირჩევა, ძალიან ცოტაა მსგავსი ფაქტი, სამაგიეროდ რეგიონებია აღსანიშნავი. რეგიონები კი საქართველოს ქმნის. ნამდვილად არალოგიკურია ის, რომ ქალის თითოეული ნაბიჯი მამაკაცის მიერ უნდა იყოს გაკონტროლებული და რომ მას „პირადი“ ცხოვრება , საკუთარი „მე“ არ უნდა გააჩნდეს. ჩაცმის სტილიც კი მამაკაცის მიერ უნდა იყოს გაკონტროლებული. აბა მოკლე კაბა რომ ჩაიცვას და ასე ქუჩაში გაიაროს, სირცხვილი არ არის?

სასაცილოა, როდესაც მთელი საქართველო გიჟდება ჰოლივუდის ფილმებზე და ქუჩაში ყოველი გამვლელი გოგონას კაბის სიგრძეს ძალიან ცუდ კომენტარებს აყოლებენ. ეს რეალობაა, ჩვენი ყოველდღიურობა.

„რა თაობა მოდის“, „ჩვენს დროს ასე არ იყო“ – ეს ის ფრაზებია, რასაც უფროსი ხალხისგან მოისმენთ. მიჩნდება კითხვა: – საზოგადოება თუ ცხოვრების ჩამოყალიბებაში უმთავრეს როლს თამაშობს, მაშინ ახალი თაობის აღზრდაში დამნაშავე ვინ გამოდის? მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მიუთითოს არასწორი ნაბიჯის გამო ერთმანეთს, არა თუ გროტესკულად იქილიკოს.

არავის ეგონოს, რომ თითქოს „ტრადიცია“ დრომოჭმული სიტყვაა და მისი გამოყენება სირცხვილია.

ევროპიცაზია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებას გულისხმობს. მწამს, რომ ევროპას ისეთი საქართველო სჭირდება, რომელიც მას ბრმად კი არ მიბაძავს, არამედ რაღაცას შესთავაზებს, რაღაც ახალს, შუალედურს ტრადიციასა და ინოვაციას შორის. კოპირებული საზოგადოება ევროპისთვის უბრალოდ საინტერესო და პროდუქტიული ვეღარ იქნება.

ჩემი ევროპული იდეალი არის სწორედ გონიერი, საღად მოაზროვნე, თავისუფლების, ინდივიდუალიზმის და შემწყნარებლობის იდეალებზე დაფუძნებული მტკიცე საზოგადოება, რომელსაც არც მომავალი გადაგვარების ეშინია და არც წარსულის დაკარგვის. მე მგონია, რომ არცერთი ეს ღირებულება მიუღებელი არ არის ქართული საზოგადოებისთვის. თანაც, სულ არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მათი აზროვნების ქვეშ უნდა მოვექცეთ. ერი საკუთარი ინდივიდუალიზმით ფასდება, იმ ღირებულებებით, რომლითაც ის სულდგმულობს.

რატომღაც თანამედროვე ახალგაზრდობას „სხვანაირად“ ესმის „ევროპელობა“ და მსოფლმხედველობის მკვეთრ მეტამორფოზას საფუძველი ეყრება. არადა, რაც რეალურად შესაცვლელია ( ჩვენი მანკიერი მხარეები), მასზე არავინ ფიქრობს, არავინ ქილიკობს და მითუმეტეს, არავინ ცდილობს ფეხი აუწყოს რეალობაზე დაფუძნებულ ყოველდღიურობას. თითოეულმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს, რომ ევროპული ფასეულობები დოგმატურად სავალდებულო სულაც არ არის. რაც „ახლოსაა“ ჩვენთან, რაც მოგვწონს და ვიაზრებთ, შეგვიძლია „ჩვენად“ ვაქციოთ. ჩემი ევროპული იდეალი სწორედ ისეთი საზოგადოებაა, რომელიც უპასუხებს ოქროს გამოწვევას: “შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ.“

ჩემს გარშემო ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მსგავსი თემების ირგვლივ მსჯელობს, რადგან XXI საუკუნის რეალობა გაჭირვებით და უამრავი ბარიერითაა აღსავსე. მთავარ პრობლემად მზის ჩასვლამდე ყოველდღიური წვრილ-წვრილი პრობლემების გადაჭრა გამხდარა და აღარავინ ფიქრობს, რომ საჭიროა თვალების ცოტა უფრო ფართოდ გახელა და მომავლის დაცვა.

რეალურად, პრობლემა იმაშია, რომ არ გამომგვდის სხვისი ქუდის მორგება და ვფიქრობ, არც არის საჭირო. სხვის სამშობლოს სხვა არსი აქვს, შენ სხვა არსში ვერ ჩაშენდები, იმიტომ, რომ განსხვავებულია შენი გენეტიკური კოდი. სხვისი მიბაძვით მხოლოდ უნიჭო ასლები ვიქნებით, ქარის მიმართულებით ადვილად რომ ირწევიან.

განა რა ფასი აქვს ვან გოგის ნახატის ასლს მისი ორიგინალის გვერდით?!

გამომგზავნი/ავტორი: სალომე საგინაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply