ჩესტერფილდის წერილი 9 წლის ვაჟიშვილს

0

ჩემო საყვარელო ბიჭო!

ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ისეთი ცნობები ვერ მივიღე მასწავლებლისგან შენზე, როგორსაც ველოდი. ის იმდენ ენერგიას ხარჯავს შენთან მეცადინეობაზე, რომ სავსებით იმსახურებს შენგან გულისყურსა და სიბეჯითეს.

რამდენიმე საგანს სწავლობ: უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას,წერას…რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ნიჭი, გულისყური და დრო სჭირდება. მეხსიერებას შენ ნამდვილად ვერ დაემდურები – იოლად ითვისებ ყველაფერს, გულისყური გაკლია მხოლოდ! უმაგისოდ კი წიგნზე მუშაობის მთელი დრო წყალში ჩაყრილად უნდა ჩათვალო. აბა, დაუფიქრდი – გქონდეს სწავლის ასეთი შესაძლებლობა და დარჩე მაინც უვიცი! წარმატების მიღწევის ხერხი ერთია – მოეკიდო შესასწავლ საგანს ყურადღებით, მაშინ იგი ასჯერ ნაკლებ დროს წაიღებს შენგან.. ნიჭიერი კაცი სისტემატური მუშაობითა და სწრაფი ათვისებით სძლევს ყველაფერს. აბა, ახლა დაფიქრდი – რა გირჩევნია, იყო ყურადღებიანი და ბეჯითი, რათა თამაშისთვისაც მეტი დრო დაგრჩეს, თუ იმუშაო უგულოდ, მასხრად ააგდებინო თავი ყველას, უნიჭოდ ჩაგთვალონ და თანაც აღარც დრო დაგრჩეს სათამაშოდ?! გარწმუნებ თუ არ ისწავლი, თამაში და გართობაც აღარ მოგიწევს.

ნება მომეცი გირჩიო – დააგროვე ცოდნის მარაგი, ვიდრე ამის უნარი შეგწევს. შეიძლება ამ ცოდნის ნაწილი სიჭაბუკის წლებში ვერც კი გამოიყენო, მაგრამ დადგება დრო და იგი აუცილებლად დაგჭირდება. მოსავლიან წლებში სახელმწიფო ბეღლებს მარცვლეულით ავსებს. არავინ იცის, რომელი წელი იქნება მოუსავლიანი,მაგრამ იციან, რომ ადრე თუ გვიან იგი დადგება და ხალხს მარცვლის ნაკლებობა, უპურობა, აღარ შეაწუხებს. ასეა ცოდნაც – არავინ უწყის, როდის დაგჭირდება და გამოგადგება იგი.

არ იფიქრო, რომ ცოდნას, რომლის შეძენასაც ასეთი დაჟინებით გირჩევ, მარტო კითხვით მოიპოვებ. ადამიანების შეცნობა უფრო მეტად არის აუცილებელი, ვიდრე შენ მიერ წიგნებიდან მიღებული ცოდნა. ცოდნის ეს ორი სახე ერთმანეთს ავსებს. ცოდნას ადამიანები ხალხში ყოფნით იძენენ და არა მხოლოდ წიგნების კითხვით. მარტო წიგნებიდან ცოდნის ამოღება შეუძლებელია, თუმცა წიგნებიც ბევრ რამეს გიკარნახებენ და უიმათობაც არ შეიძლება. როცა წიგნებიდან ამოკითხულ ცოდნას შეადარებ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებას, სიმართლის მიკვლევა გაცილებით გაადვილდება.

შენი მომავალი ასპარეზი უზარმაზარი საქმიანი სამყაროა. ამ სამყაროში კი შენი ადგილი მხოლოდ ცოდნითა და აღზრდით შეგიძლია დაიმკვიდრო.

შენი მამა
19 ნოემბერი, 1741 წელი.

გაზიარება:

მასწავლებელი, "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply