ჩანახატი დედაზე – დედები გაზაფხულის ყვავილებს უამბობენ თავიანთ ფიქრებს

1

 ღამე ჩემს პატარას ისევ სიცხე ჰქონდა.თვალი არ მომიხუჭავს,არც მას ეძინა.გამთენისას,როგორც იქნა სიცხემ დაუწია და ჩაეძინა.რადგან დაღონებული და განერვიულებული ვიყავი,იავნანა არ მიმღერია  მისთვის. ვფიქრობ, იავნანა არასდროს  არ უნდა უმღერო სევდიანი გულით შვილს. პირიქით, დედის სიმღერა, ყოველთვის იმედით, ოპტიმიზმით და მზის სხივებით უნდა იყოს სავსე.დედა ყოველთვის იმედიანი უნდა ახსოვდეთ შვილებს,რადგან ცხოვრებას  პირველ რიგში მშობლებისგან ვსწავლობთ, ამიტომ პესიმიზმი არასდროს არ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს პატარებს.დიახ,რა თქმა უნდა რთულია,როდესაც ავად არის ჩვენი პატარა,ვნერვიულობთ და გვიჭირს ძალების მოკრება და  კარგი განწყობის შენარჩუნება,მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ ეს წუთები მალე გაივლის და ყველაფერი   იქნება კარგად.

       დედაჩემი ყოველთვის  უდიდესი პოზიტივის მატარებელი იყო.ბავშვობაში,როდესაც იმ ოთახში ვიწექი,სადაც შეშის ღუმელი ენთო,ყოველ დილით ვგრძნობდი,როგორ იღვიძებოდა ალიონზე დედა. მებრალებოდა  სოფლის საქმეებს,რომ  უნდა შესჭიდებოდა დილაუთენია,არ მემეტებოდა მიწასთან სამუშაოდ. თუმცა დედა ჩაიცვამდა ლურჯ კაბას,დაივარცხნიდა თმებს და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.უყვარდა სიმღერა და რომ არ გავეღვიძებინეთ,გულში ღიღინებდა.ვიცი, შეუძლებელია, ყოველთვის სამღერლად ჰქონოდა საქმე, ალბათ მაშინაც ხშირად მიდიოდა მდინარის პირას,რომ თავისი ფიქრები მოეყოლა მისთვის,მაგრამ მე არასდროს შემინიშნავს მასში სევდა.არასდროს მიფიქრია,რომ დედა  შესაძლოა უკმაყოფილო ყოფილიყო ცხოვრებით.პირიქით,მე ყოველთვის ვიცოდი,რომ მინდროში, ყოველ დილით, დედას უღიმოდნენ ყვავილები. ჩიტუნებიც ელოდებოდნენ  ჩვენი სახლის აივანზე.მდინარეც  ესაუბრებოდა და თავისი დინებით კიდევ ერთხელ ახსენებდა დედას, რომ ყოფილიყო ძლიერი ქალი. დედას ჩვენი სიყვარული აძლევდა იმედს და ძალას.მთელ დროს ერთად ვატარებდით.საოჯახო საქმეებშიც ვეხმარებოდით.სკოლაშიც კარგად ვსწავლობდით მე და ჩემი და-ძმა,ამიტომ ისიც, კარგად გრძნობდა თავს.

    არ მახსოვს ოდესმე    მოწყენილი ყოფილიყოს დედა. მხოლოდ გაზაფხული მახსოვს მასში.მხოლოდ ოქროსფერი თმები,რომელიც  ჰქონდა ჩამოშლილი  მხრებზე და ბევრი ყოჩივარდები მის ხელისგულებში. ჩვენ ძალიან ხშირად ვიცინოდით ხოლმე და ჩვენებური იუმორი გვქონდა,რომელზეც იშვიათად თუ გაეცინებოდა სხვას.ეს კი  ნიშანი იყო იმისა,რომ დედა ცდილობდა მხარი აება ჩემთვის.ასეთი იყო დედაჩემი. მე ასეთი დამამახსოვრდა. ბავშობაში ადამიანისათვის,ხომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.დედის ხმა,საუბარი,ინტონაცია,ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ბავშვის ბუნება და ხასიათი   ჩამოყალიბდეს  სწორად.

   მხოლოდ  შემდეგ,როდესაც  ძალიან გავიზარდე და ყველაფრის შემჩნევა ვისწავლე სამყაროში,მივხვდი, არც ისე ყოფილა საქმე,როგორც დედა გვაჩვენებდა.თურმე დედასაც ჰქონია უამრავი დარდი.უამრავი გაუმხელელი სევდა.წელს სააღდგომოდ სოფელში ჩავედი დედის სანახავად. ძალიან გაიხარა.მაშინათვე გაიქცა და წყაროს ცივი წყალი მომირბენინა.მე ჩამოვჯექი  სახლის აივანზე და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი. მზეს შეჰხაროდნენ მიწიდან ამოცვენილი ფურისულები.ჭიკჭიკებდნენ ტკბილად ჩემი ეზოს ჩიტები.სწორედ იმ წუთებში მივხვდი,რომ ადამიანები ვერასდროს დავივიწყებთ ჩიტებს,რომლებიც დაფრინავდნენ ბავშობაში ჩვენს ეზოებში.

  რამდენიმე დღით  დავრჩი სოფელში.წამოსვლის წინა დღეს კი,როდესაც საქონელი დაეკარგა დედას  და ამაოდ ეძება მთელი დღე მთაში,საყვედური წამოცდა თითქოს. ჩემი სახლის წინ  შრიალებდნენ მეჩხერი ხეები და მე ყოველთვის მომწონდა მათი სილამაზე.ვფიქრობდი,რომ ისინი დიდხანს  დარჩებოდნენ სამყაროში და კიდევ მრავალი წელი იშრიალებდნენ  თავმომწონედ. სწორედ,ამ ტყის შუაგულში, ყვაოდნენ და გიჟდებოდნენ გაზაფხულზე ყოჩივარდები და მოულოდნელად ინატრა დედამ,  (ალბათ როგორც ვაჟა ფშაველამ,როდესაც მოითხოვა უკანასკნელად გულზე დაეფინათ მისთვის ფოთლები და ყვავილები.) როდესაც მოვკვდები ყოჩივარდები დამიკრიფეთო სახსოვრად.

   მახსოვს როგორ მეწყინა მისი სიტყვები,მინდოდა თვალებში შემეხედა მისთვის და ახლა მაინც ამომეკითხა მისი ფიქრები,მაგრამ დედას არ სურდა შემემეჩნია წუხილი მის თვალებში. მე მივხვდი, დაიღალა დედა,გაუთავებელი შრომით, საოჯახო საქმეებით და მარტოობით.საყვედური არ წამოცდებოდა ვიცი,მაგრამ გული წყებოდა,რომ ძალიან იშვიათად ვახერხებდით შვილები მის სანახავად  სოფელში ჩასვლას. სამწუხაროდ, “დაფრთიანებული” შვილები ბუდეებს ტოვებენ და იშვიათად ახსენდებათ მშობლები. ამიტომ  ახლა ყოველთვის,როცა მახსენდება დედის თხოვნა, გული მტკივა.რადგან იმ დღეს პირველად გავიგე,რომ შეიძლება დედაც წავიდეს ჩვენგან.იმ დღის მერე გაბუტული ვარ ყოჩივარდებზე, რადგან გაზაფხულის  ყვავილებმა თურმე ყოველთვის იცოდნენ სინამდვილეში რას განიცდიდა ჩემი ლამაზი დედა.

  ყვავილებმა,ხეებმა და მთებმა უფრო მეტი იციან ადამიანებზე ვიდრე ჩვენ ერთმანეთზე,ვიდრე შვილებმა დედებზე.ზოგჯერ შვილებს ავიწყდებათ მშობლის ამაგი,ავიწყდებათ,რომ დედა და მამა,ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არიან მათთვის.მშობლები კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,რომ სასახელო შვილები ჰყავდეთ.დედები  ხშირად მალავენ თავიანთ პრობლემებს,ივიწყებენ საკუთარ სამყაროს და ყველაფერს აკეთებენ რომ  შვილები დააყენონ   სწორ გზაზე.ვიცი,მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირადი ცხოვრება, აკეთონ საყვარელი საქმე და  იყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული,მაგრამ ზოგჯერ დედები ისე გადაეშვებიან ხოლმე საკუთარი შვილების სიყვარულში,რომ  ავიწყდებათ პირადი ცხოვრება.

  ჩემი პოსტით  მინდოდა მეთქვა, წუთით მაინც ჩავხედოთ ჩვენს საყვარელ დედიკოებს თვალებში და  არა მგონია ჩვენი თავის გარდა,კიდევ რამე სხვა   დავინახოთ მათ გულებში.ამიტომ  გავუფრთხილდეთ დედებს ჩემო კარგებო,არ დავტოვოთ ყვავილების იმედად.მოვეფეროთ და ვაგრძნობინოთ ისეთივე   სიყვარული,როგორსაც  წლების მანძილზე  თავად გვჩუქნიან უანგაროდ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply