Connect with us

სიყვარული და ურთიერთობები

შტეფან ცვაიგის – ”უცნობი ქალის წერილი”

ამბავი სიყვარულზე, რომელიც ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ იყო განწირული. ამბავი ქალზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა სიყვარულთან ერთად. ქალზე, რომელიც დაივიწყეს. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: ადამიანი მაშინ კვდება, როცა ივიწყებენო, სიყვარულიც სწორედ მაშინ კვდება, როცა მისი არსებობის აღარ სწამთ. ისტორია ქალზე, რომელსაც ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარს მწერალი მამაკაცი და სამუდამოდ მისი ერთგული რჩება! ერთგული რჩება მამაკაცისა, რომელსაც აღარც კი ახსოვს პატარა გოგონა, რომელიც გაიცნო …..

სიკვდილის წინ ქალი გადაწყვეტს მას ყველაფერი გაუმხილოს .

გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

„გადმოგიშლი მთელ ჩემს ცხოვრებას, რომელიც ნამდვილად მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად გიხილე. მანამდე ჩემთვის არსებობდა მხოლოდ რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი სამყარო. თუმცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი, მთელ საღამოს შენზე ფიქრი მაინც მოსვენებას არ მაძლევდა. გესმის თუ არა, საყვარელო,რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის, პატარა გოგონასათვის…

ვიცი – რასაც გიამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა,ბავშვური სისულელეა. კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არ მრცხვენია: ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ისე წმინდა და მხურვალე, როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში……

გუშინ შვილი მომიკვდა, ის შენი შვილიც იყო, საყვარელო, შენი შვილიც, პირმშო იმ სამი ღამისა. გეფიცები ჩემი სიტყვების სიმართლეს, იცოდე სიკვდილის პირას არ ტყუიან. ჩემი შვილი იყო, ვფიცავ შენს სახელს, რადგან არც ერთი მამაკაცი არ შემხებია მას შემდეგ, რაც შენ დაგნებდი და იქამდე, ვიდრე ბავშვი ქვეყანას მოევლინა. თავი წმინდანად მიმაჩნდა – ჩემს სხეულს ხომ შენ შეეხე! აბა, როგორ შემეძლო ჩემი თავი გამენაწილებინა შენსა და სხვებს შორის. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, სხვები კი ჩემს ცხოვრებას მხოლოდ გაკვრით თუ ეხებოდნენ. ეს ჩვენი შვილი იყო, საყვარელი, ნაყოფი ჩემი შეგნებული სიყვარულისა და შენი უდარდელი, გამფლანგველი, თითქმის შეუგნებელი სინაზისა, ჩვენი პირმშო, ჩვენი ვაჟი, ჩვენი ერთადერთი შვილი. მაგრამ შენ შემეკითხები ალბათ – შეიძლება შეშინებული ანდა მხოლოდ გაკვირვებული – შემეკითხები, საყვარელო, რატომ გიმალავდი ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს შვილს და მხოლოდ დღეს ჩამოგიგდე სიტყვა, როდესაც იგი აქ,სიბნელეში წევს და სძინავს, მარადიული ძილით, მალე წაიღებენ და უკან არასდროს, არასდროს აღარ დაბრუნდება…

რატომ არ უნდა ვეძებდე სიკვდილს, როცა შენთვის უკვე მკვდარი ვარ? რატომ არ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, როცა შენ წახვედი ჩემგან?არა, საყვარელო, არ გადანაშაულებ, არ მინდა ჩემი ურვა შენს მხიარულ სახეში შემოვიტანო. ნუ შიშობ, მეტს აღარ შეგაწუხებ, – მაპატიე, მაგრამ ერთხელ მაინც გული უნდა მომეოხებინა. ამ წუთებში, როცა შვილი წინ მიწევს, უსულო და მიუსაფარი, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ უნდა გამოგკაპარაკებოდი, შემდეგ კი კვლავ უჩემოდ დავუბრუნდებოდი ჩემს წყვდიადს. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ღაღადისს ვერ მოისმენ, ხოლო როცა მოვკვდები, მიიღებ ამ ჩემს ანდერძს, იმ ქალის ანდერძს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი. შენ ის არასოდეს გცნობია. მთელი ცხოვრების განმავლობაში გიცდიდი, მაგრამ არ მოუხმე მას. ვინ იცის, შეიძლება ამ წერილის წაკითხვის შემდეგ დამიძახო კიდეც, მაგრამ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვეღარ გაგაგონებ – სამარეში აღარ ჩამომესმება შენი ხმა. სამახსოვროდ არაფერს გიტოვებ – არც სურათს, არც რაიმე ნიშანს, ისევე როგორც შენ არ დამიტოვე. ჩემს ცნობას ვეღარასოდეს შეძლებ, ვეღარასოდეს! ასეთი იყო ჩემი ბედი სიცოცხლეში, დაე, ასეთი იყოს სიკვდილის ჟამსაც. უკანასკნელ წუთებში არ მინდა მოგიხმო ჩემთან, მივდივარ ამ ქვეყნიდან; შენ კი ჩემი სახელიც არ იცი და ჩემს სახეს არ ცნობ. სიკვდილი აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, ალბათ,  სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.

შენი მადლიერი ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.გულზე მომეშვა: ხომ ყევლაფერი გითხარი. ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ! მაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ – და ეს  მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ…  ეს, მხოლოდ მე მამშვიდებს, ჩემო საყვარელო“…

მოამზადა: მარიამ ნებიერიძემ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ