შთამაგონებელი მოთხრობა – Underground

0

როდესაც ქუჩის მუსიკოსობა გადავწყვიტე, ყველამ ზურგი შემაქცია. მიწისქვეშა გადასასვლელი არც ისე შორს იყო ჩემი სახლიდან და სწრაფად მოედო ეს ამბავი მთელ უბანს. მეზობლები გვერდს ისეთი ღიმილით მივლიდნენ , ვფიქრობდი ჩემი შემოქმედებით მოხიბლულები არიან მეთქი. სინამდვილეში კი, ძალიან მალე უბნის პატარებმა ჩვენი ბეჟუკას მაგივრად, გიჟი ბეჟუკას ძახილი დამიწყეს. მეგობრების მისალმებაც ცივი და ცინიკური გახდა. დაკვრისას მათზე არ ვფიქრობდი, როდესაც კეისის თავს ვხსნიდი, ძველი ხის გიტარა და მე პლუტონზე მივდიოდით.

პლუტონზე ყველაფერი ერთი ფერისაა, ეს ფერი ძალიან გავს მუქყვითელს. იქ დიდხანს არავინ დაგტოვებს, ამიტომ უნდა ეცადო დრო სისულელეში არ დაკარგო. მაგალითად, თუ დაინახავ ძალიან მომხიბვლელ გოგოს, შეგიძლია გაესაუბრო, მაგრამ არასდროს უნდა დაპატიჟო დედამიწაზე, თუ შემთხვევით შეგხვდა ძველი ნაცნობი, შეგიძლია მასთან ერთად ლუდი დალიო, მაგრამ არსდროს უნდა კითხო როგორ მოხვდა აქ, თუ დაინახავ მოწყალების მთხოვნელს, არასდროს უნდა მისცე მას 20-თეთრი, რადგან პლუტონზე შენი მათხოვრები არ არიან.

როდესაც პირველად აღმოვჩნდი ყვითელ პლანეტაზე ყველას ვუღიმოდი, ისინიც მიღიმოდნენ. მერე რამდენჯერმე თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე, სხეულს ჩავებღაუჭე, დავრწმუნდი რომ რეალობაა და დაკვირვება დავიწყე. აქ ადამიანები ტანსაცმლის გარეშე დადიან და მათი სხეულები მოყვითალოდ ანათებს. ყველა თბილად გესალმება ტკბილადმჟღერ, უცნაურ ენაზე, რომელიც ძალიან მალე შენიც ხდება და შენი ჯერის დადგომისას, უკრავ უბრალოდ შენს დასაკრავ მელოდიას, ამ დროს ყველა ჩერდება და გისმენს. ყვითელ პლანეტაზე ყოველთვის ძალიან ლამაზი მუსიკა ისმის.

როდესაც პლუტონიდან მიწისქვეშ ვბრუნდები, კეისი თითქმის სავსე მხვდება ხურდა ფულით, მომდევნო სამი დღე დედამიწაზე დარჩენა მიწევს და ფული მჭირდება. გიტარას პლუტონზე მეცხრე ნოტის აღებისას, ზოგჯერ ბოლო სიმი უწყდება, ამ სიმს დახლს ქვევიდან ყიდიან და საკმაოდ ძვირი ღირს, თან ბინის ქირა და სხვა ვალები მაქვს გასასტუმრებელი…

პლუტონზე ყველა ეგოისტია და ეს უარყოფით თვისებად არ მიაჩნიათ. ამბობენ, საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, შენი გარშემომყოფების კარგად ყოფნისკენ, ყველაზე მეტად ეგოიზმი გიბიძგებსო. ამ პლანეტაზე ყველაზე ძვირფას ნივთებად სავარცხელი, სამარილე და მუსიკალური საკრავები ითვლება.

იმ დღეს, ფული დროზე ადრე გამითავდა, პლუტონზე გამგზავრებამდე მთელი 24-საათი იყო დარჩენილი, დაკვრა დავიწყე და ადამიანებს მიწის ქვეშ პირველად დავაკვირდი , ციოდა, მათ მხოლოდ ფერმკრთალი სახე და სიცივისგან გაწითლებული ხელები უჩანდათ. მოხუცმა, რომელიც კუბოკრული ჩანთის სიმძიმეს ორად მოეკეცა, ნელი ნაბიჯით ჩაგვიარა, მას არ გაუგია ჩვენი ხმა. კიკინიანმა ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და რამდენიმე ღერი ჩვენს კეისში მოათავსა, გამეღიმა, არც მას გაუგია მელოდია, უფრო მოწყალება გაიღო, ვიდრე მიღებულის საფასური გასცა. ქერა გოგონამ თმა გაისწორა, რამდენიმე წამს დაყოვნდა, თვალებზე მაკვირდებოდა მერე ჩანთაში ხურდა მოძებნა და ღიმილით დაიხარა ჩემს წინ.

მე უბრალოდ ვუკრავდი ჩემთვის საყვარელ მელოდიას და ვიღებდი გამვლელებისგან მოწყალებას, ცუდი ჩაცმულობისთვის, საღებავგაცრეცილი გიტარისთვის, გამოხედვისთვის და არც ერთი ნოტისთვის, რომელიც ჩემი სულიდან მოდიოდა.

ავტორი: ტატო გოგოლაძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply