Connect with us
შექმენით საკუთარი მომავალი

განათლება

შექმენით საკუთარი მომავალი

3300–ზე მეტი ჩატარებული კვლევა, ლიდერების შესახებ, ცხადყოფს, რომ არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ყველა ლიდერს გააჩნია. ეს თვისება მომავლის ხედვაა.

ადრე ვახსენე, რომ ადამიანის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა:  „თქვენ ხდებით ის, რასაც ფიქრობთ – უმეტეს შემთხვევაში.“ და რა არის ის რაზე ფიქრშიც ლიდერები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ? ლიდერები მომავალზე ფიქრობენ, იმაზე თუ საით მიდიან და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ იქ.

მეორეს მხრივ, ისინი ვინც ნაკლებად გამოირჩევიან ლიდერული აზროვნებით, აწმყოზე ფიქრობენ – ამჟამინდელ სიამოვნებასა და პრობლემებზე. ისინი ფიქრობენ და დარდობენ წარსულზე, იმაზე რაც უკვე მოხდა და აღარ შეიცვლება.

იფიქრეთ მომავალზე

ლიდერის ამ თვისებას „მომავალზე ორიენტირებას“ ვეძახით. ლიდერები ფიქრობენ, რას შეიძლება მიაღწიონ და საით სურთ წარმართონ საკუთარი გზა. ლიდერები ფიქრობენ რა სურთ და შეიძლება გააკეთონ მის მისაღწევად. კარგი ამბავი ისაა, რომ თუ მომავალზე დაიწყებთ ფიქრს, თქვენც ლიდერივით მოგიწევთ აზროვნება და ადრე თუ გვიან მიხვალთ იმ შედეგებამდე, რომელსაც ისინი იღებენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ედვარდ ბანფილდი ამტკიცებს, რომ 50 წლიანი კვლევის შედეგების მიხედვით „გრძელვადიანი პერსპექტივები და დაგეგმარება“ პირონული და პროფესიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ცხოვრებაში. ბანფილდმა „გრძელვადიანი პერსპექტივა“ განმარტა როგორც „შესაძლებლობა, იფიქრო წლების მანძილზე მომავალში და ამავდროულად იღებდე გადაწყვეტილებებს აწმყოში.“ ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. უბრალოდ დაფიქრდით! რაც უფრო შორს იხედებით მომავალში, მით უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებთ აწმყოში, საბოლოოდ კი თქვენი მომავალი რეალობად იქცევა.

გახდით მილიონერი

მაგალითად, თუ 18–დან 65 წლამდე, ყოველთვიურად 100 დოლარს დაზოგავთ და ამ ფულს დააინვესტირებთ ფონდში, საიდანაც ყოველწლიურად 10%–იან სარგებელს მიიღებთ, საბოლოოდ თქვენი დანაზოგი 1, 045 169 დოლარი იქნება.

თითქმის ყველას, ვისაც აქვს საკმარისი სურვილი, შეუძლია დაზოგოს ასი დოლარი ყოველთვიურად, თუ  რაღა ქმა უნდა მომავალზე იფიქრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს მუშაობას შეუძლია მილიონერი გახდეს.

შექმენით 5 წლიანი ფანტაზია

თქვენი პირადი ცხოვრების სტრატეგიული დაგეგმვაც, ცხოვრების გრძელვადიანი ხედვით უნდა წაიწყოთ. ეცადეთ იდეალისტი იყოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. იდეალიზაციის პროცესში, შექმენით ფანტაზიის ხუთი წელი და დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ამ ხუთი წლის განმავლობაში, თუ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა.

მიზნების დასახვის ყველაზე დიდი დაბრკოლება საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესებაა. შესაძლებელია გწამთ, რომ არ გაქვთ საკმარისი გონება, ნიჭი, შესაძლებლობა, შემოქმედებითი უნარი ან სხვა რამ, შედეგად, ჩნდება შეზღუდვებიც. თქვენი შესაძლებლობების არასწორად შეფასების გამო, თქვენ ან საერთოდ არ ისახავთ მიზნებს, ან ისახავთ იმაზე ბევრად მცირე მიზნებს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ მიაღწიოთ.

წარმოიდგინეთ, რომ შეზღუდვები  არ არსებობს

მომავალზე ორიენტირებისა და იდეალიზაციის შერწყმის წყალობით, თქვენ შეძლებთ გაანეიტრალოთ ან სრულიად თავი დააღწიოთ შეზღუდვებს. ახლა წარმოიდგინეთ ის წამი, როცა უკვე შეზღუდვები არ გაგაჩნიათ.

წარმოიდგინეთ, გაქვთ ყველა საჭირო ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დაისახავთ. არა აქვს მნიშვნელობა, სად ხართ ახლა ცხოვრებაში, წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ყველა საჭირო კონტაქტი, სამეგობრო წრე და ურთიერთობები იმისათვის, რომ თქვენთვის ყველა კარი ღია იყოს და შესაბამისად, მიაღწიოთ ყველაფერს, რაც ნამდვილად გსურდათ. წარმოიდგინეთ, რომ ამიერიდან თქვენთვის შეზღუდვები აღარ არსებობს,  შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გსურთ და მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ.

პრაქტიკაში გაატარეთ „ცისფერი ცის“ აზროვნება

ჩარლზ გარფილდმა კვლევაში „Peak Performers,” საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. მან გაანალიზა ქალთა და კაცთა მაგალითები, რომლებიც მხოლოდ საშუალო შედეგებს აღწევდნენ წლების მანძილზე, მაგრამ მოულოდნელად დიდი წარმატება განიცადეს. მან აღმოაჩინა ერთი საინტერესო დამთხვევა, რომელიც ყველას აკავშირებდა, ჩარლზმა მას „ცისფერი ცის აზროვნება“ უწოდა.

„ცისფერი ცის აზროვნების“ მიხედვით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია, დააკვირდით ცისფერ, კრიალა ცას, რომელსაც ლიმიტები არ გააჩნია. თქვენ მომავალში იწყებთ მოგზაურობას და წარმოიდგენთ რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ იდეალურია, შემდეგ კი უბრუნდებით დღევანდელ დღეს და უსვამთ საკუთარ თავს კითხვას: „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შევქნა იდეალური მომავალი?“

რა უნდა მოხდეს, ამ წუთიდან დაწყებული, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს მომავალში?

უარი თქვით ოცნებების კომპრომისზე

როდესაც იდეალიზიაცისა და მომავალზე ორიენტირებას პრაქტიკაში ატარებთ, ამავდროულად უარს არ ამბობთ იმ ხედვებზე და ოცნებებზე, რომლებიც მომავლისთვის გაგაჩნიათ. თქვენ არ ისახავთ უფრო მცირე მიზნებს ან წარმატებას. ნაცვლად ამისა, დიდ ოცნებებზე ოცნებობთ და წინ მიდიხართ, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ამ სამყაროში. თქვენ ქმნით თქვენს სრულყოფილ მომავალს. თქვენ წყვეტთ, რაც ნამდვილად გსურთ, ვიდრე აწმყოში დაბრუნდებით და გააკეთებთ იმას, რაც შესაძლებელია თქვენს ახლანდელ სიტუაციაში.

დაიწყეთ თქვენი ბიზნესითა და კარიერით. წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის შემდეგ თქვენი სამუშაო იდეალურია.

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

1. როგორი იქნება თქვენი სამუშაო?
2. რით იქნებით დაკავებული?
3. სად იმუშავებთ?
4. ვისთან ერთად იმუშავებთ?
5. როგორი იქნება თქვენი პასუხისმგებლობის დონე?
6. რომელი ახალი შესაძლებლობები და თვისებები გექნებათ?
7. როგორი იქნება თქვენი მიზნები?
8. როგორი დონის იქნება თქვენი სტატუსი, იმ დარგში სადაც მოღვაწეობთ?

პრაქტიკაში გაატარეთ ლიმიტების გარეშე აზროვნება

როდესაც ამ შეკითხვებს უპასუხებთ, წარმოიდგინეთ რომ შეზღუდვები აღარ გაქვთ. წარმოიდგინეთ რომ თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. ერთხელ პიტერ დრუკერმა თქვა: „ჩვენ ზედმეტად გადაჭარბებით ვაფასებთ იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთ წელიწადში და ამავდროულად, ვერ ვაფასებთ იმას, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია 5 წელიწადში.“ ნუ მოიქცევით ასე.

ახლა, წარმოიდგინეთ თქვენი იდეალური ფინანსური ცხოვრება მომავალში:

1. რამდენს გსურთ გამოიმუშავებდეთ დღეიდან ხუთ წელიწადში?
2. როგორი ცხოვრების სტილით გსურთ, რომ ცხოვრობდეთ? როგორ სახლში გსურთ ცხოვრობდეთ?
3. როგორი ავტომობილი გსურთ გყავდეთ?
4. რა მატერიალური ფასეულობები გსურთ შესთავაზოთ საკუთარ თავსა და ოჯახს?
5. რამდენი გსურთ გქონდეთ საბანკო ანგარიშზე?
6. რამდენს გსურთ ზოგავდეთ და აინვესტირებდეთ, ყოველთვიურად და ყოველწლიურად?
7. როგორი დანაზოგი გსურთ გქონდეთ, როცა დასვენებას გადაწყვეტთ?

წარმოიდგინეთ რომ ხელში „ჯადოსნური ფურცელი“ გიჭირავთ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მასზე, რაც გსურთ. ამავდროულად შეგიძლიათ წაშალოთ ყველაფერი, რაც მოხდა წარსულში და დახატოთ თქვენი სასურველი მომავლის სურათი. ასევე შეგიძლიათ წაშალოთ ყველაფერი ნებისმიერ დროს და თავიდან დაიწყოთ. თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს.

წარმოიდგინეთ იდეალური ოჯახური ცხოვრება 

შეხედეთ თქვენს ახლანდელ ოჯახსა და ურთიერთობებს, წამოიდგინეთ იგი მომავალ ხუთ წელში:

1. თუ ხუთი წლის შემდეგ თქვენი ოჯახური ურთიერთობა იდეალურია, როგორი იქნება იგი?
2. ვისთან ერთად იქნებით? ვისთან ერთად არ იქნებით?
3. სად და როგორ იცხოვრებთ?
4. როგორი იქნება თქვენი ცხოვრების პირობები?
5. როგორი ურთიერთობები გექნებათ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, დღეიდან ხუთი წლის შემდეგ, თუ ყველაფერი იდეალურად იქნება?

როდესაც თქვენს იდეალურ მომავალს წარმოიდგენთ, ერთადერთი შეკითხვა რომელიც უნდა დასვათ არის „როგორ?“ ეს უდიდესი ძალის მქონე შეკითხვაა. მისი დასმა სტიმულს აძლევს თქვენს შემოქმედებით უნარს და აყალიბებს იდეებს, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. წარუმატებელი ადამიანები, ყოველთვის ფიქრობენ შესაძლებელია, თუ არა მათი გარკვეული მიზნების მიღწევა. ისინი კი ვინ დიდ მიზნებს აღწევენ სვამენ კითხვას „როგორ?“, შემდეგ კი საქმეს ჰკიდებენ ხელს იმისათვის, რომ თავიანთი ხედვა და მიზნები რეალობად აქციონ.

იდეალური ჯანმრთელობა და ფიტნესი

გადახედეთ თქვენ ახლანდელ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას

1. ხუთი წლის შემდეგ, თუ იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იქნებოდით, როგორი იქნებოდა თქვენი შესახედაობა, რას იგრძნობდით?
2. რა იქნებოდა თქვენი იდეალური წონა?
3. რა სიხშირით ივარჯიშებდით კვირაში?
4. როგორი იქნებოდა თქვენი საერთო ჯანმრთელობის დონე?
5. რა ცვლილებებს განახორციელებდით დღეიდან, თქვენს დიეტაში, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობაში?

შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანი ხართ. თქვენ გარე სამყაროსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი სარგებელი მოგაქვთ, თქვენ ქმნით განსხვავებას თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

თუ თქვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრება იდეალური იქნებოდა:

1. რა საქმიანობით იქნებოდით დაკავებული?
2. რომელ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებდით?
3. რა არის ის მოვლენები, რომელიც თქვენი ღრმა რწმენით დახმარებას საჭიროებს და როგორ შეგიძლიათ უფრო ღრმად ჩაერთოთ ამ პროცესებში?

უბრალოდ გააკეთეთ!

მოქმედებაზე ორიენტირება გამოარჩევს ერთმანეთისგან დიდი და პატარა მიღწევების მქონე ადამიანებს. ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად რთულ მიზნებს აღწევენ, მუდამ მოქმედებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი მუდამ წინ მოძრაობენ, ყოველთვის დაკავებულები არიან. მათ მუდამ ახალი იდეები აქვთ და მათ მისაღწევად ძალ–ღონეს არ იშურებენ.

რაც შეეხება მას, ვინც არ ისე მაღალი მიღწევების დონით გამოირჩევა, მასაც  ხშირად აქვს კარგი იდეები, მაგრამ არც კარგი მიზეზების გამოძებნა უჭირს მათზე უარის სათქმელად.

გამოსცადეთ საკუთარი ნიჭი, ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები. თუ გსურთ თქვენი მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინოთ (რომლის საზღვრები ვირტუალურად არ არსებობს), უპასუხეთ ამ კითხვებს:

1. რა დამატებით ცოდნასა და თვისებებს შეიძენდით, დღეიდან ხუთი წლის განმავლობაში?
2. რომელ სფეროში იქნებოდით ცნობილი, როგორც საუკეთესო პროფესიონალი?
3. რას გააკეთებდით, რას გაიღებდით იმისათვის, რომ თქვენი დარგის საუკეთესო პროფესიონალთა შორის აღმოჩენილიყავით?

როდესაც ამ კითხვებს უპასუხებთ, კიდევ ერთ დამატებით კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა: „როგორ?“ . კონკრეტულად კი, როგორ უნდა შეიძინოთ ის თვისებები და ცოდნა, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ?

შექმენით თქვენი სრულყოფილი კალენდარი

კონკრეტულად, გადაწყვიტეთ როგორ გსურთ იცხოვროთ, დღიდან დღემდე, იდეალური ცხოვრების სტილით. შექმენით თქვენი იდეალური კალენდარი, 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე:

1. რას გააკეთებდით დასვენების დღეებსა და შვებულებებზე?
2. რამდენ დროს დაუთმობდით დასვენებას ყოველ კვირას, თვესა თუ წელს?
3. სად წახვიდოდით?
4. როგორ მოაწყობდით თქვენს წელს, თუ შეზღუდვები არ გექნებოდათ და დროს სრულიად გააკონტროლებდით?

ბიბლიაში ნათქვამია: „სადაც არ არის ხედვა, ადამიანები იღუპებიან.“ რას იგულისხმება ამაში? თუ მომავლის ხედვა არა გაქვთ, „დაიღუპებით მოტივაციისა და ენთუზიაზმის ნაკლებობის გამო. მაგრამ როგორც კი მასზე ფიქრს დაიწყებთ თქვენ მოგეცემათ ყოველდღიური სტიმული, რათა თქვენი იდეალური მომავალი რეალობად აქციოთ.

ბედნიერების გასაღები

ეს გამონათქვამი მახსენდება: „ბედნიერება ღირებული იდეალების პროგრესული რეალიზაციაა.“ როდესაც ნათელი და განსაზღვრული მიზნები და იდეალები გამოძრავებთ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ. უფრო მეტად ოპტიმისტი და პოზიტიური ხდებით. მეტი ენთუზიაზმითა და ხალისით ხართ სავსე. გაქვთ ძლიერი შინაგანი მოტივაცია, რომ წინ წახვიდეთ, რადგან თითოეული ნაბიჯს, რომელსაც დგამთ, თქვენთვის ღირებული მიზნისაკენ მიჰყავხართ.

ხშირად იფიქრეთ თქვენს იდეალურ მომავალზე . გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. ყველაზე ბედნიერი წუთები, რომლებიც ოდესმე შეიძლება გამოსცადოთ, ჯერ არ დამდგარა. ყველაზე დიდი შემოსავალი,რაც აქამდე მიგიღიათ თვეებისა და წლების შემდეგ იქცევა რეალობად. თქვენი მომავალი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე თქვენი წარსული. არ არსებობს ლიმიტები.

რაც უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს მომავალს, მით უფრო სწრაფად მოიზიდავთ ადამიანებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ ოცნებები რეალობად აქციოთ. და რაც უფრო კარგად აანალიზებთ, ვინ ხართ და რა გსურთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ მას თქვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტში.

მესამე თავი ბრაიან ტრეისის წიგნიდან “მიზნები”
თარგმანი: თემო ბერიშვილი

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: განათლება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ