შენი სიყვარულის მელოდია – Moon River

0

გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც გულზე სევდისღრუბლებშემოწოლილს მოულოდნელად შეგიჩნდება უცნობი ღიტინი და მთელს ტანში ჟრუანტელი ვერცხლისწყალივით დაიწყებს სრიალს, მიხვდები, რომ ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ დანატრებული გაზაფხულის კვირტივით რაღაც აფეთქდა შენს არსებაში და სადღაც, ქვეცნობიერის დონეზე იგრძნობ, როგორ დაიბადა ლეგენდა შენი სიყვარულის მელოდიაზე…

ჯერ ვერ მიხვდები რა ვირუსია ასეთი, ქარიან ამინდში მოფრიალე ცელოფნის პარკივით რომ შეგეფეთა სახეში, ვერც იმას მიხვდები, ასე რატომ დაგიბუჟდა მთელი სხეული და ეს კუპიდონის სამიზნე ორგანო (გული) რატომ ცახცახებს ასე გამალებით, რატომ იბერება და შემდეგ კანკალით ისევ იწყებს მოდუნებას, საერთოდაც, მთლიანად უცნაურ ჟრუანტელს რატომ ჰყავხარ აყვანილი… (ესეც შენი პირველი გაუბედავი ნოტები…).

მაგრამ ჯერ წყნარ შესავალსაც არ გაცდის წესიერად, რომ იხუვლებს, უცებ წამოვა სეტყვასავით მაჟორული აკორდები და ტრიუმფალურად დაგიპყრობს, ხელში აგიტაცებს და დაგაბზრიალებს, სიგიჟეებს ჩაგადენინებს, საკუთარი თავის ცნობას დაგაკარგვინებს და გააღვიძებს იმ პატარა ბავშვს, რომელიც იყავი ოდესღაც და შემდეგ მიატოვე… თითქოს გეძინა და შენს გულს ჯადოსნური მელოდია შეეხო…

და შენ ამღერდები… რაღაც მძიმე ჩამოგეხსნება გულიდან, თითქოს დიდი ხნის დატყვევებულს ჟანგმოკიდებული ბორკილები მოხსნესო… ამსუბუქდები და თან დროდადრო გაურკვევლობის შიში შეგიპყრობს, რადგან უცხო იყო შენთვის აქამდე ასეთი საჩუქარი და ჯერ კიდევ თვლი, რომ არ იყავი ამის ღირსი, მაგრამ ეს არ მოგეცემოდა სხვა შემთხვევაში…

შეიცვლება ყველაფერი შენ გარშემო… შეიცვლები შენ… იგრძნობ რაღაც როგორ გათბა გულში… იგრძნობ, როგორ გეღვრება მელოდია მთელს სხეულში… ეს ის მელოდიაა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის და მხოლოდ ერთ სხვა ადამიანს შეუძლია მისი გაგონება… სამყარო შენი ფეხით მიგიყვანს მასთან და გაუღიმებ ნაცნობ ფერს, სურნელს, გემოს, თვალებს… ის წაიმღერებს შენთვის ნაცნობ მელოდიას და მიხვდები, რომ “სახლში ხარ”…

ამის შემდეგ “შენი სახლი”, “შენი კერა” მუდამ შენს გულშია და თან დაატარებ… მის ხმას გაიგონებ მაშინაც, როდესაც ხელფეხშეკრული და დატყვევებული ვერ ახერხებ ცივი კედლების განგრევას, როდესაც გგონია, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდა… მის სიმღერას გაიგონებ ყველაზე მიყრუებულ საპყრობილეში, სადაც ბნელა და ყოველგვარი იმედი წაგრთმევია… ეს ნაზი მელოდია გაგიმრთელებს გადაგლეჯილ გულს, როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა და მოგცემს ძალას გამოამტვრიო ყველა საკეტური, რადგან შენ უკვე იცი გზა შენი გულიდან მისი გულისკენ… შენ უკვე იცი, რომ როგორც კი გულის მოსმენას იწყებ, ის, როგორც უტყუარი კომპასი ყველაზე უკუნ სიბნელეშიც “შენს კერამდე” მიმავალ გზას გაპოვნინებს… შენ ისიც იცი, რომ თუკი გულს არ უსმენ ახლა, იქამდე გეტკინება, მანამ ისევ გულის მოსმენას არ დაიწყებ, ხოლო ის, თავის მხრივ, მაშინვე გაგიძღვება იმ მელოდიით, რომელსაც შენს გარდა ამ სამყაროში კიდევ ერთი ადამიანის გული მღერის…

თითქოს წლებია გეძინა და გამოიღვიძე, საკუთარი თავის შესწავლას ახლიდან დაიწყებ, შენს გულში ეს მელოდია შემოიტანს ნდობას, რწმენას, რომელიც შენმა ტყუპისცალმა სულმა გამოგიგზავნა და გახსნის ისეთ ტკბილ ჰანგებს, ენერგიებს, ხედვებს, შესაძლებლობებს, რომლამდე მისასვლელი კარი მუდამ დალუქული და ამოუცნობი იყო შენთვის… იგრძნობ და დაინახავ ისეთ “მე”-ს, როგორიც იყავი ოდესღაც და შემდეგ დაივიწყე… თუმცა, ზოგჯერ მაინც გეგონება, რომ გძინავს, რადგან როგორ შეიძლება ასეთი სასწაული ნამდვილად მომხდარიყო და ასეთ მელოდიას აევსო შენი გული??? (მაინც რა ეჭვიანია ადამიანი, ყველაფერში ეძებს საშაროს, სადავოს…)

დაღლილ ნაბრძოლ მოგზაურს, ის დაგიამებს ყველა ტკივილს, მოგიშუშებს ყველა ჭრილობას, ფრთხილად ამოგაცლის ეჭვის ყველა ეკალს და თბილ ჩახუტებასთან ერთად მზრუნველად გაკოცებს ნაგროვები დარდით დახაზულ შუბლზე…

ის მიგიღებს ისეთად, როგორიც ხარ, შენი ყველაზე ბნელი და ყველაზე ნათელი მხარეებით… ის ჩაგახედებს საკუთარ თავში, დაგანახებს იმ სიღრმეებსა და სიმაღლეებს, სწორ გზას… ის შენით იქნება სავსე, თავადაც აგავსებს და გაჩუქებს აქამდე დაუტეველ ბედნიერებას…

მაგრამ “მწარე რეალობას” მიჩვეულს, სადაც იშვიათი ფუფუნებაა ოცნებების ახდენა და მლიქვნელობა, გულგრილობა და სიცივე ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, აუცილებლად დაგაეჭვებს ასეთი სასწაული… და თუკი გადაწყვეტ “გამოფხიზლდე” და “რეალობას დაუბრუნდე”, “გამოხვიდე ილუზიებიდან”, კარი ჩაუკეტო ამ ჟრუანტელს, რომელმაც უკვე მთლიანად მოგიცვა, გული არ გაპატიებს ეჭვებს და დაგსჯის მანამ, სანამ არ ირწმუნებ, რომ არსებობს ქვეყნად ის სასწაული, რაც შენს გულში ამღერდა ასე მოულოდნელად და შენი ცხოვრების თანმდევი ნაწილი, შენი გულის მფლობელი გახდა…

ის მოგცემს ძალასა და რწმენას, დაძლიო გრავიტაცია, თამამად გაშალო ფრთები და მთელი შენი სიგიჟე გამოსცადო… ის გაგაძლიერებს მაშინაც, როდესაც ამ დიდი ბედნიერებისთვის ჯერ საფასურის გადახდა მოგიწევთ, რადგან კარგად იცის, რომ ამქვეყნად ყველა დიდ საჩუქარს, განძს, ჯილდოს, ბედნიერებას აქვს მისი ფასი, რათა ის მიეცეს მხოლოდ მას, ვისაც ნამდვილად ძალიან უნდა ( სამყარო ხომ ყოველთვის გვცდის, რომ დარწმუნდეს ჩვენს გამძლეობაში და სურვილების სიძლიერეში)… ის ჩაგკიდებს ხელს და იმღერებს შენთან ერთად მარადიულ მელოდიას, რომელიც თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იყო დაწერილი… ის იქნება შენს გვერდით და თქვენ გაუყვებით მთვარის მდინარეს, როგორც ორი თავგადასავლების მაძიებელი მოგზაური, რომელმაც იგრძნო მისი სიყვარულის მელოდია…

პოსტის დასასრულს, მე გიძღვნი ამ სიმღერას – Moon River, ჩემი შესრულებით… ამით მინდა გაგრძნობინო, რომ ყოველივე ის, რაც ზემოთ წაიკითხე სრულიად რეალურია და ნამდვილი… გაიღვიძე, გულო, სიმღერის დროა…

სიყვარულით და ღიღინ-ღიღინით,
თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply