ყურადღების გამოჩენა – მარტივი გზა პოზიტიური ურთიერთობებისთვის

0

გამოვიჩინოთ ყურადღება სხვა ადამიანების მიმართ – ამ, თითქოსდა, მარტივ საქციელს, არც თუ ხშირად ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ თუნდაც მცირედი ყურადღების გამოჩენით, შეიძლება ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ.

ყურადღების მნიშვნელობასა და ძალასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბანკში საკრედიტო მიმართულებით ვმუშაობდი. ერთხელ, სესხის ასაღებად ქალბატონი მოვიდა. სესხი შვილის ოპერაციისთვის უნდოდა. ოპერაცია რთული არ ჩანდა, მისმა შვილმა ჩხუბის დროს ცხვირი დაიზიანა და ექიმებმა ურჩიეს, ოპერაცია გაეკეთებინა. ჩემი კლიენტი ძალიან ნერვიულობდა ამ ოპერაციის გამო. რამდენიმე დღეში ხელშეკრულება გავაფორმეთ. სესხი გაიტანა, თუმცა დავინტერესდი, როდის ჰქონდა მის შვილს ოპერაცია დაგეგმილი და ოპერაციიდან მეორე დღეს, დავურეკე. როდესაც ვუთხარი, რომ იმ ბანკის წარმომადგენელი ვიყავი, ვისთანაც სესხი აიღო, შეეშინდა, ეგონა ბანკთან პრობლემა შეექმნა და ამიტომ ვურეკავდი. დავამშვიდე და ავუხსენი, რომ მხოლოდ მოსაკითხად და შვილის ამბის გასაგებად დავუკავშირდი. მართალია, ტელეფონით ვესაუბრებოდი და ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი აღფრთოვანებული და მადლიერი საუბრიდან გამომდინარე, ქალბატონის სახე ნათლად მქონდა წარმოდგენილი. მისი მადლიერებით კი, მე თვითონ ვიყავი კმაყოფილი და ბედნიერი. მიხაროდა, რომ უბრალო ყურადღების გამოჩენით, ამ ადამიანის გაოცება და სიხარული გამოვიწვიე.

როგორც წესი, იმ კომპანიებში, რომელთა მენეჯერები ყურადღებას იჩენენ თანამშრომელთა მიმართ, ეკითხებიან აზრს და ინტერესდებიან მათი სიახლეებით თუ პრობლემებით, დასაქმებული პერსონალის მოტივაცია უფრო მაღალია.

ყველას გვსიამოვნებს, როცა ახსოვართ, კითხულობენ, გვილოცავენ, იზიარებენ ჩვენს სიხარულს ან მწუხარებას, გამოხატავენ ჩვენს მიმართ თუნდაც უბრალო ყურადღებას, რომელსაც, არცთუ იშვიათად, გაცილებით უფრო მეტი ეფექტის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე – საჩუქრის ჩუქებას.

გამოიჩინეთ ყურადღება სხვების მიმართ და ნუ დაელოდებით სანაცვლოდ იგივეს, თქვენ ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი – მათი სიხარული.
რაც მთავარია, ყურადღების გამოჩენით ადამიანებს საკუთარ მნიშვნელობას აგრძნობინებთ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply