ყველაფერი შენს ხელშია!

0

უამრავი ადამიანი ეძებს წარუმატებლობის მიზეზებს, ძიების პროცესი უწყვეტია, მიზეზების ნუსხა კი – ვრცელი.

ბუნებრივია, წესებთან, კანონზომიერებებთან ერთად არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოქმედებს მარტივი მიზეზ-შედეგობრივი უკუკავშირის პრინციპი – გაეცი და მოგეცემა, დათესე და მოიმკი, გაანძრიე ხელი და გეშველება, ეძებე და იპოვნი – უდავოდ არის  მათში სიმართლის მარცვალი, არა?

შესავალი წაიკითხეთ და ალბათ, უკვე კრიტიკულად განეწყეთ, მტკიცე არგუმენტიც გაქვთ – თქვენს ირგვლივ არის უამრავი ადამიანი, რომლებმაც წარმატებას თუნდაც ნეპოტიზმის წყალობით მიაღწიეს და სავსებით სამართლიანად გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რომ არც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება! – დაგეთანხმებით! მაგრამ, აქვე გიპასუხებთ – ასევე არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებმაც წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიეს, ამიტომ თუ თქვენ არ გყავთ მდიდარი და გავლენიანი ნათესავი, რომელიც წარმატებას ლანგარზე დადებულს მოგართმევთ, შანსი გაქვთ თავად მიაღწიოთ მას! ხოლო თუ თქვენ არსებითად არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული, მიზეზებს ნუ ეძებთ სხვებში.

ვისაც გჯერათ, რომ თქვენი წარუმატებლობა მხოლოდ და მხოლოდ ბედის, განგების, ავი თვალის, მარცხენა ფეხზე ადგომის ან სხვა „არგუმენტირებული“ ფაქტორების ბრალია, დაფიქრდით, იქნებ მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ?!

ერთი საკმაოდ ბრძნული იგავი მინდა გიამბოთ:

დიდი ხნის წინ, ერთ უძველეს ქალაქში, ცხოვრობდა თურმე ერთი ბრძენი, რომელსაც ბევრი მოწაფე და მიმდევარი ჰყავდა, მხოლოდ ერთ კაცს შურდა მისი. ერთხელაც კაცმა გადაწყვიტა ბრძენისთვის გამოცდა მოეწყო. მოიხმო ხალხი და გამოუცხადა: „დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი ოსტატი მატყუარაა. ზურგს უკან, ხელებში დავმალავ პეპელას და თუ გამოიცნო, რა მწერი მიჭირავს ხელში, მაშინ ვკითხავ – ცოცხალია თუ მკვდარია? თუ მითხრა – ცოცხალია, პეპელას გავსრესს, ხოლო თუ  მითხრა, მკვდარიაო – გავანთავისუფლებ და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება თქვენი ყოვლისმცოდნე ბრძენი“

ხალხი თან გაყვა კაცს. როგორც კი მივიდნენ ბრძენთან, კაცმა ჰკითხა:

  • აბა, მითხარით: ხელში რა მიჭირავს?
  • პეპალა,- მიუგო ბრძენმა.
  • ცოცხალი პეპელა მყავს, თუ მკვდარი? – გამომცდელად შეეკითხა კაცი

მოხუც ბრძენს გაეღიმა და მიუგო: ყველაფერი შენს ხელშია, ადამიანო!!!!!

ასე, რომ სანამ თქვენს წარუმატებლობაში მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, გარემოს, სამშობლოს, ღმერთს, იღბალს და სხვა უამრავ ფაქტორს დაადანაშაულებთ, დაუსვით საკუთარ თავს ერთი მარტივი შეკითხვა – რას ვაკეთებ მე იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული და რას აკეთბენ სხვა წარმატებული ადამიანები? ეცადეთ, პასუხი იყოს ობიექტური, არ მისცეთ თქვენში ჩაბუდებულ, მიზეზების მაძიებელ პატარა არსებას, შეცდომაში შეგიყვანოთ და დაგტოვოთ იქ, სადაც ახლა ხართ.

უამრავი რეზიუმე მინახავს, გაცნობის დროს ერთმანეთთან ვადარებ ადამიანების ცოდნა-გამოცდილებას, ვის უფრო ნაკლები შანსი ჰქონდა კარიერულ ცხოვრებაში, მაგრამ ბევრს მიაღწია, ვის მეტი – მაგრამ ვერ გამოიყენა, ვკითხულობ მსოფლიოს წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს, ვადარებ ჩვენს ყოფით რეალობასაც და ვხვდები, რომ მათ წარმატებაში არსებობს საოცარი კანონზომიერება, მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთქმედებით მიღებული.

რა აერთიანებს წარმატებულ ადამიანებს? ისინი არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ჩვენც გვარწმუნებენ ამაში, აქვთ მკაფიო მიზნები და არა წარუმატებლობისგან თავის გასასამართლებელი მიზეზები, მათ აქვთ სამოქმედო გეგმები, უშრეტი ენთუზიაზმი, უდიდესი შრომისუნარიანობა, თვითრწმენა, თავდაჯერებულობა და წარმატების ჟინი! ის, რაც ჩვენთვის ოცნებაა, მათთვის- მიზანი ან სულაც ყოფითი რეალობაა.  ირგვლივ უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაიქცა თავის შესაძლებლობებში და სილამაზეში დარწმუნებული იხვის ჭუკი ულამაზეს გედად, გაიხსენეთ, ცნობილი მოდელების, მსახიობების ბიოგრაფიები; ბიზნესის არ მცოდნე ადამიანები – მილიონერ და მილიარდერ ბიზნესმენებად; უნიჭოდ მიჩნეული ადამიანები – ცნობილ ხელოვანებად…  დასაწყისში, ცოტას თუ სჯერა მათი შესაძლებლობების, ბვრი ხელისშემშლელი წინაღობაც ხვდებათ, მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვევაა, რაც წარმატების მიღწევის სურვილს კიდევ უფრო გამძაფრებულს, ხოლო მიღწეულ შედეგს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის!

და რა გვაქვს ჩვენ? ოცნებები, ოცნებები და მიზეზები, რომლითაც ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი წარუმატებლობა!

დაფიქრდით – გაქვთ მკაფიო, რეალური მიზანი და ვერ აღწევთ მას? გაქვთ ნაფიქრი იმაზე, თუ რა არის საჭირო მის განსახორციელებლად? იქნებ არ გიფიქრიათ მიზნის მიღწევის სტრატეგიაზე? იქნებ ამაზეც იფიქრეთ, მაგრამ მოქმედებაში არ მოიყვანეთ? იქნებ მოქმედებაშიც მოიყვანეთ, მაგრამ არ მიჰყვებით მას სისტემატურად? ან იქნებ სხვა სტრატეგია უნდა აირჩიოთ მიზნის მისაღწევად?

თუ თქვენი მიზანია, იმუშავოთ რომელიმე წარმატებულ უცხოურ კომპანიაში და ხელისშემშლელი ფაქტორია უცხო ენის არასათანადოთ ფლობა, თავი დაანებეთ იმაზე ფიქრს, რომ იქ ვიღაც უცხო ენის ცოდნის გარეშეც მუშაობს, რადგან გავლენიანი ნათესავი ჰყავს, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწავლეთ და შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, შეიძლება იმ კომპანიაში მაინც ვერ მოხვდეთ, მაგრამ დამატებითი უნარის შეძენა გზას გაგხისნით ახალი შესაძლებლობებისკენ და ვინ იცის, იქნებ ეს კიდევ უფრო უკეთესიც აღმოჩნდეს თქვენთვის.

მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწავლეთ, გაიმდიდრეთ ცოდნა, გამოიმუშავეთ ახალი უნარები, განავითარეთ არსებული, დაანებეთ თავი მიზეზების ძებნას, ეძებეთ მიზნები, მათი განხორციელების გზები და წარმარმატება აუცილებლად მოვა, რადგან ჩვენი ქმედებები ყოველთვის, ყოველთვის გვიბრუნდება უკან!

თქვენ შეგიძლიათ, მერწმუნეთ ბევრად უფრო მეტი შეგიძლიათ, გახსოვდეთ – ყველაფერი თქვენს ხელშია!

და ბოლოს, თომას ჯეფერსონის ძალიან მარტივ, მაგრამ გენიალურ სიტყვებს დაგიტოვებთ:

„მე მყარად მწამდა იღბლის არსებობის და შემდეგ შევატყვე, რომ რაც უფრო მეტს ვშრომობდი, მით უფრო იღბლიანი ვხვდებოდი“.

ავტორი: შ. ქუთათელაძე

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply