Connect with us

მოტივაცია

ყველაზე შთამაგონებელი ადამიანები

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე
დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში იშვიათი დარღვევით: დაბადებიდანვე არ ჰქონდა ხელები და ფეხები, ასევე მხრების ნაწილი. მარცხენა ფეხის ადგილას პატარა ტერფი აქვს ორი თითით. ამის მიუხედავად, ნიკმა უკან არ დაიხია და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. უფრო მეტიც, ის მშვენივრად ცურავს, შეუძლია სერფერობა, გოლფისა და ფეხბურთის თამაში. 21 წლის ასაკში სასწავლებელი დაამთავრა ორი სპეციალობით: აღრიცხვა და ფინანსური დაგეგმვა. ის ბევრს მოგზაურობს, ცდილობს ბევრისთვის იყოს მოტივატორი და ცხოვრებისთვის სტიმულის მიმცემი. როგორც თავად აცხადებს, ბედნიერია და კმაყოფილი ცხოვრებით.
ნანდო პარადო – გადაურჩა ავიაკატასტროფას
ადამიანი, რომელსაც ანდებში 72 დღის გატარება მოუწია ექსტრემალურ სიტუაციაში. ავიარეისის დროს, რომელიც პარასკევ დღეს, 13 რიცხვში განხორციელდა, ბორტზე მყოფი ოჯახის წევრები ცნობილი ცრურწმენის შესახებ ხუმრობდნენ, როცა უეცრად თვითმფრინავმა მთის ფერდობს გამოკრა ფრთა და კონტროლი დაკარგა. 13 მგზავრი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა, 32 მძიმედ დაშავდა. –37 გრადუსის პირობებში სასმელიც და საჭმელიც გამდნარი თოვლი იყო, ღამით კი ერთად ეძინათ სითბოს შენარჩუნების მიზნით.
9 დღის შემდეგ, როცა მათი მდგომარეობა კრიტიკული გახდა, მსჯელობა გამართეს. ერთმა მგზავრმა დახოცილთა შეჭმის იდეა წარმოადგინა. ორსაათიანი ბჭობის შედეგად დათანხმდნენ, ასევე თუკი ვინმე დაიღუპებოდა, დანარჩენებს ეძლეოდათ გვამით დანაყრების უფლება.
მე-60 დღეს ნანდომ და მისმა მეგობრებმა გზის გავლა გადაწყვიტეს იმ იმედით, რომ ვინმეს მიაწვდენდნენ ხმას. ნანდოს თქმით, ის ადგილი იყო “ამაზრზენი, შარდით მოთხვრილი, ასდიოდა სიკვდილის სუნი და დანაგვიანებული იყო ადამიანის ძვლებითა და ხრტილებით.” ჯგუფმა გაუძლო ყინულსა და თოვლში ხეტიალს, შიმშილს, ორგანიზმის გამოფიტვას. 10 დღეში ჩილეელ ფერმერს წააწყდნენ, რომელმაც პოლიციას გამოუძახა. პარადო მაშველების ვერტმფრენში ჩაჯდა და დანარჩენების ადგილმდებარეობა მიასწავლა. 1972 წლის 22 დეკემბერს 72 დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ მსოფლიომ გაიცნო ის 16 ადამიანი, რომლებმაც საშინელ პირობებში სიკვდილთან გამკლავება მოახერხეს. სხვები ძილის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა.
ნანდომ სხეულის წონის 40 კგ დაკარგა. კატასტროფისას კი ახლობლების ნახევარი დაეღუპა. ხშირად ატარებს ლექციებს და ცდილობს, ადამიანებს ბრძოლის უნარი და სიცოცხლის წყურვილი ჩაუნერგოს.
ჯესიკა კოქსი: უხელებო პილოტი
ჯესიკა იშვიათი დარღვევით დაიბადა, მას ხელები არ ჰქონდა. მშობიარობამდელ პერიოდში ჩატარებულმა ტესტებმა ვერ გამოავლინა, რომ ნაყოფს რაიმე სახის დეფექტი ჰქონდა. თუმცა მას ორი კიდური აკლია, სამაგიეროდ უდიდესი შემართებით გამოირჩევა. დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფეხებით თავისუფლად შეუძლია წერა, კომპიუტერზე ტექსტის აკრეფა, მანქანის მართვა, თმის დავარცხნა, ტელეფონზე საუბარი. არის ყოფილი მოცეკვავე და აქვს მეორე დანის შავი ქამარი ტაეკვანდოში, ასევე წუთში 25 სიტყვის აკრეფა შეუძლია. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ თვითმფრინავის მართვაც შეუძლია.
თვითმფრინავს, რომელსაც მართავს, ერკუპი (Ercoupe) ჰქვია და სპეციფიკური დიზაინი აქვს – საჭის პედლების გარეშეა. ასეთ სისტემას ჯესიკა მშვენივრად უმკლავდება, ფეხებს ხელების მაგივრად იყენებს. ლიცენზიის ასაღებად სამი წელი ვარჯიშობდა, ჰყავდა სამი ინსტრუქტორი, შედეგად მსოფლიოში პირველი უხელებო პილოტი გახდა.
 
შონ სვორნერი: ადამიანი, რომელმაც კიბო დაამარცხა
შონი არაა უბრალოდ ის ადამიანი, ვინც კიბოს გადაურჩა – ის ნამდვილი სამედიცინო სასწაულია. ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც 13 წლის ასაკში ერთდროულად დაუდგინეს ჰოდკინის დაავადების (სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე) ბოლო სტადია და ასკინის სარკომა (ფილტვში). ფილტვიდან სიმსივნე რომ ამოაცალეს, ექიმებმა 2 კვირის სიცოცხლე მისცეს. 10 წლის შემდეგ არასრულყოფილი ფილტვებით შონმა დაიპყრო ევერესტი – მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, რომელიც საშინელი დღეში აგდებს მისი დაპყრობის მსურველებს 160 კმ/სთ-იანი სიჩქარის ქარით, ჟანგბადის ნაკლებობით, ქარიშხლებითა და ზვავებით.
ამის შემდეგ შონს მადა გაეღვიძა და სხვა კონტინენტების უმაღლეს მწვერვალებს მიადგა. წარმატებით დაიპყრო ჩრდილო ამერიკის უმაღლესი მთა მაკ-კინლი და სხვების დალაშქვრას აპირებს. გამოცემული აქვს წიგნი “Keep Climbing: How I Beat Cancer and Reached the Top of the World”.
რენდი პოში: ადამიანი, რომელმაც ყველა ოცნება აისრულა
რენდოლფ ფრედერიკ პოში (1960 – 2008) იყო ამერიკელი პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების დარგში. მას იშვიათი დაავადება – პანკრეასის კიბო დაუდგინეს 2006 წლის სექტემბერში. 2007 წლის 18 სექტემბერს კარნეგ მელონის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია სახელწოდებით “ბოლო ლექცია: ბავშვობის ოცნებების ასრულება”. მისი ჩანაწერი იუტუბზე ძალიან პოპულარული გახდა. იმავე თემაზე გამოსცა წიგნიც “The Last Lecture”, რომელიც ნიუ-იორკის ბესტსელერი გახდა. გარდაიცვალა 2008 წლის 25 ივლისს.
ცნობილ გამოსვლაში რენდი ყვება თავის ბავშვობის ოცნებებზე და ხსნის, როგორ აიხდინა ისინი. ეს ოცნებები იყო: ნულოვან გრავიტაციაში ყოფნა, ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში თამაში, მსოფლიო ენციკლოპედიის წიგნის რომელიმე სტატიის ავტორობა, შეხვედრა “Star Trek”-ის პერსონაჟთან, კაპიტან კრიკთან და დისნეის თემების დიზაინერობა.
ექიმებმა მას სამი თვე მისცეს, მაგრამ 2 წელი იცოცხლა.
ბენ ანდერვუდი: ბიჭი, რომელიც ყურებით “ხედავდა”
ბენი გამორჩეული მოზარდი იყო. მას უყვარდა სკეიტბორდი, ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთისა და ფეხბურთის თამაში. თითქოს ჩვეულებრივია 14 წლის კალიფორნიელი ბიჭისთვის. მაგრამ რაც მას უნიკალურად აქცევდა, იყოს ის, რომ ამ ყველაფერს თვალების გარეშე ახერხებდა – ის ბრმა იყო. 2 წლის ასაკში თვალის ბადურის სიმსივნე დაუდგინეს, რის გამოც ორივე თვალი ამოუღეს. ამის მიუხედავად, ის არასდროს განაწყენებულა და არ უგრძვნია თავი დაჩაგრულად.
მეთოდი, რითიც ის მოქმედებდა, იყო ხმოვანი სისტემა – სონარული ნავიგაცია. ამას იყენებენ ღამურები, დელფინები, ზოგიერთი ჩიტები და ძუძუმწოვრები. ბენი ენით გამოსცემდა ტკაცუნის მსგავს ბგერას და იმის მიხედვით, არეკლილი ბგერა როგორ ბრუნდებოდა უკან, ხვდებოდა, როგორ გარემოში იყო. ამ ხერხით არჩევდა მსუბუქ მანქანებსა და სატვირთოებს, სახლში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, აგნებდა კიბეს, კუთხეებს, სამზარეულოს. არჩევდა სხვადასხვა მასალებს.
სიცოცხლის ბოლო თვეებში მას სიმსივნე განუვითარდა თავსა და ზურგში. რწმენა ყოველთვის მტკიცე ჰქონდა და ხშირად ლოცულობდა. გარდაიცვალა 2009 წლის იანვარში, 16 წლის ასაკში.
ლიზ მიური: ჰარვარდის უსახლკარო სტუდენტი
დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს ნიუ-იორკის ღარიბულ უბანში. მშობლები შიდსით დაავადებული ნარკომანები იყვნენ. 15 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, მამა თავშესაფარში გადავიდა და ლიზი უსახლკარო გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსამზადებელ კურსებზე დაიწყო სიარული “Humanities Preparatory Academy”-ში . მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე გვიან დაიწყო და სახლიც არ ჰქონდა, მის დასამთავრებლად მხოლოდ 2 წელი დასჭირდა. ეს სასწავლებელი სტუდენტთა სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილებასაც უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული მონდომებისა და მაღალი ნიშნების გამო ლიზი 2000 წელს New York Times-ისგან სტიპენდიით დაჯილდოვდა და ჰარვარდის სტუდენტი გახდა. 2003 წელს ავადმყოფი მამის მოსავლელად დრომ რომ აღარ ჰქონდა, სწავლა შეწყვიტა. შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და წარმატებით დაამთავრა. 2006 წელს მამა გარდაეცვალა. 2008 წლის მაისში ჰარვარდში მიბრუნდა და 2009 წლის ივნისში ფსიქოლოგიის დარგში ხარისხი აიღო.
პატრიკ ჰიუსი: ბრმა მუსიკოსი
პატრიკი უსინათლო დაიბადა, ასევე აქვს დარღვევა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, სრულად აკონტროლოს კიდურები, უზღუდავს სიარულის შესაძლებლობას. პატრიკს ფოლადის ღერებიც ჩაუდგეს ზურგში, რომ ხერხემალი ძალიან არ გამრუდებოდა.
ამის მიუხედავად, პატრიკმა ეს დეფექტები დაძლია, გახდა მუსიკოსი და სტუდენტი. მხოლოდ 9 თვის იყო, როცა პიანინოზე დაკრის შესწავლა დაიწყო, მოგვიანებით საყვირიც აითვისა, ასევე საკმაოდ კარგად მღერის. ზრდასრულ ასაკში ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა ლუისვილის უნივერსიტეტში მუსიკალური მარშებში.
ვირტუოზი პიანისტი, ვოკალისტი და საყვირის დამკვრელი – ეს არის პატრიკის მიღწევა. აღებული აქვს მრავალი ჯილდო. მის შესახებ გადაცემები და სტატიები შექმნეს ისეთმა ტელეარხებმა, შოუებმა და ჟურნალ-გაზეთებმა, როგორიცაა: ESPN, ABC-TV, Oprah, CBS-TV, The Ellen Show, FOX-TV, CSTV, NBC-TV, Million Dollar Round Table, The Grand Ole Opry, People Magazine, Sports Illustrated, Star Magazine და უამრავი სხვა.
წყარო: charliuss.com
გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: მოტივაცია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ