ქართველი ქალი, როგორც ისიდა

0

ისიდა უზენაესი ღვთაებაა ეგვიპტურ მითოლოგიაში, რომელიც მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაშიც გვხვდება. ის ოსირისის ცოლია- მიცვალებულთა მფარველი და მსაჯულის, რომელიც ბოროტმა სეთმა ნაკუწებად აქცია და მთელს ქვეყნიერებას მოჰფინა. ისიდამ კი შეაგროვა ყველა ეს ნაწილები (აქედან გვევლინება ჩაგრულთა და ქალთა შემწედ), მრავალი განსაცდელის  მიუხედავად და ქმარი დაიბრუნა.

ისიდა – სიცოცხლის და ჯანმრთელობის ქალღმერთი ხშირად მახსენდება ქართველი ქალის ფენომენზე ფიქრისას. ნაკუწ-ნაკუწ, რომ კრეფენ და აგროვებენ ქმარს – მორალურ, ეთიკურ, ადამიანურ ჭრილში, რომ მერე იდეალებად იქციონ და უქციონ შვილებს.   ძალიან ხშირად სიცოცხლეს ჩუქნიან არა მხოლოდ შვილებს, არამედ მათ იდეალურ მამებს. ქართველი ქალი – საკუთარ თავში ყოველთვის პოულობს ძალას იპოვოს გამოსავალი, მაშინ როცა მისი ქმარი გაოგნებულია, ხელ-ფეხ შეკრულია და განწირულია (გნებავთ დანაკუწებულია). უზრდის არა მხოლოდ შვილებს… ზრდის მასაც და ეს მისი ნომერ პირველი მოვალეობაა.

,,ცოლს, რომ მოიყვანს დაჭკვიანდება”- ქართული მოვლენაა, რაც ნიშნავს შექმნა ოჯახი და პრიზად გადმოგეცეს აღსაზრდელი, გასაზრდელი ადამიანი, რათა ცხოვრების ბოლომდე შენ განსაზღვრავდე მის ღირსეულობას თუ უღირსობას.

ქართველი ქალის ოჯახი ნიშნავს – გიყვარდეს, აღზარდო, ზრდიდე, მთელი ცხოვრება მადლიერი იყო ყველაფრისთვის, აკეთებდე ყველაფერს ისე, როგორც კაცს სურს. გაითავისო რომ, ქალი მეორეხარისხოვანი როლია, რომლის თამაში ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ სახიფათოა, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს პირველხარისხოვან როლს შემსრულებელთა წარმატება–არ წარმატებას, რადგან იყო მეორეხარისხოვანი გაცილებით რთულია, ვიდრე პირველხარისხოვნება, რადგან ქალობა ეს დემიურგობას ნიშნავს- მუდმივად პოულობდე თავში რეგენერაციის ძალას, მუდმივად რეინკარნინდე და არასოდეს არ გქონდეს თუნდაც კლინიკური სიკვდილი, მეტიც საკუთარ თავზე აიღო მთელი ოჯახის რეინკარნაცია, მარადიული სიცოცხლე.

ქართველი ქალი ისიდაა- მარადიულად ქმრის ნაწილაკების მაძიებელი, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნაყოფიერების, დედობის ქალღმერთი, ზეციურ მნათობთა შემქნელი – საკუთარი თანავარსკვლავედისთვის შეწირულ-გაწირული, მარადიულად ბედნიერი, მარადიულად პირველი, მეორეხარისხოვანთა შორის. ქართველი ქალი მითია, ლეგენდაა.

ნელი კილასონია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply