ქალი უკიდურესი აღმასვლისა და მარტოობის საზღვრებზე

0

1915-1963 – ამ ორ თარიღს შორისაა მოქცეული იმ ადამიანის სიცოხლე, რომელის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. 7 ოპერაცია, 4 საავტომობილო კატასტროფა, 3 ჰემატური კომა, ჰალუცინაციური ფონის გამწვავება, თვითმკვლელობის მცდელობა – სულისშემძვრელია არა? ჯერ სად ხართ! ახლა მიდით და მის სიმღერებს მოუსმინეთ, მაშინ მიხვდებით, რა არის სულისშემძვრელად გენიალური. მოუსმინეთ ედიტ პიაფს, ახლა მე სწორედ მასზე უნდა გიამბოთ. მაშ ასე:

ეპიზოდი (1)

როცა ნორმანდიული საროსკიპოს მზარეული ქალი, ედიტის ბებია, 6 წლის შვილიშვილს ხელს ჩასჭიდებს და საფრანგეთის პატარა ქალაქ ლიზიენში წაიყვანს, მაშინ ედიტი მუხლებზე დაიჩოქებს წმინდა ტერეზას საფლავზე და განკურნებას ითხოვს. იმ წამებში მას კატარაქტისგან დაბრმავებული თვალების წვა და გარყვნილების სუნით გაჟღენთილი ქალების მოთქმით ტირილი შეაწუხებს მხოლოდ. ყველას უნდა ედიტი ხედავდეს. 19 აგვისტოს ედიტი მეძავებთან ერთად ილოცებს, 25 აგვისტოს კი მიხვდება, რომ ის უკვე ხედავს. მიხვდება, რომ თვალების დახუჭვა დასჭირდება სიბნელის დასანახად, მიხვდება, რომ ის შეძლებს კითხვას, წერას, ხატვას. მაგრამ ვერ მიხვდება, რომ გავა დრო და მისით აღფთოვანდებიან. ამას მხოლოდ იმ დროს გაიგებს, როცა…

ეპიზოდი (2)

როცა სასმელით სავსე ბოთლი ედიტის ტუჩებს მიეყრდნობა და თავად ედიტი კი ლამპიონის ბოძს, მაშინ მის სიმღერას მოისმენს პრესტიჟული კაბარეს მფლობელი ლუი ლეპლე და მოიხიბლება. ედიტი სიმღერას განაგრძობს ოღონდ მისი სცენა არა ღარიბული უბნის ქუჩა, არამედ კაბარეს სტუდია გახდება. ედიტს შემოეხვევიან, ედიტის მანერას აიტაცებენ, ედიტისთვის დამახასიათებელ ჩამცმულობას, თმას, წვრილ წარბებს სტილად აქცევენ, ერთადერთი რამ, რაც მის ტუზ კოზირად დარჩება არის მისი ხმა. მის ხმას ვერ მიბაძავენ, ის განუმეორებელია. თუმცა ვერავინ დაინახავს თამამი, ზოგჯერ კი ნამდვილად უხამსი იუმორის უკან, დიდ სევდას. ამ სევდას ის მარტოობას უწოდებს. ერთხელ ედიტი დაწერს: ,,პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი – შენით. შემდეგ დაცლილ დარბაზში გესმის საკუთარი მიმავალი ნაბიჯების ხმა. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ კი გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ!“. მარტოობასაც ექნება დასასრულო და ის დასრულდება როცა…

ეპიზოდი (3)

როცა ამერიკაში ჩასული მარსელ სერდანს გაიცნობს, ედიტი მიხვდება, რომ ძველ ჩვეულებას უღალატებს, ჩვეულებას მამაკაცებთან ურთიერთობა ყოველთვის თავად დაასრულოს. ის მარსელისგან ვერ წავა. რომ გენახათ 147 სანტიმეტრის სიმაღლის მინიატურული ქალბატონი პიაფი, მომღიმარი, როგორ მიაბიჯებს ნიუ-იორკის ქუჩებში მაღალ დაკუნთულ მსოფლიო ჩემპიონ სერდანთან ერთად, გაიფიქრებდით, რომ ,,ბეღურამ“ ბუდე იპოვა. (Piaf ფრანგული ჟარგონია და ბეღურას ნიშნავს). თუმცა მარსელის ცოლისა და 3 შვილის ყოლა ედიტს საყვარლის იარლიყის მეტს ვერაფერს სთავაზობს და მისი ბუდე, საბოლოოდ, აბლაბუდა უფრო აღმოჩნდება. ინტრიგებით სავსე სიყვარულის ისტორიას ავიაკატასტროფა დაასრულებს. იმ დღეს ედიტი უარს არ იტყვის და სცენაზე გავა, მაგრამ მაყურებელს სთხოვს: ,, ტაში არ დაუკრათ, დღეს მე მხოლოდ მარსელისთვის ვიმღერებ.“ თუმცა მომღერალს ჯერ კიდევ არ ეცოდინება, რომ ეს მხოლოდ დაცემა იყო და წინ დანარცხებაა. ამას კი მაშინ მიხვდება, როცა…

ეპიზოდი (4)

როცა წამალდამოკიდებული და დასუსტებული ედიტი საწოლის კიდესთან იჯდება, იგრძნობს, რომ მისი სცენაზე გასვლა და სიმღერა თვითმკვლელობას უდრის. მას კითხავენ:

,,-რა მოხდება, სიმღერა რომ ვეღარ შეძლო?

   -მაშინ, სიცოცხლესაც ვეღარ შევძლებ!“

ამიტომ ის უკანასკნელი ძალების გამოლევამდე გააგრძელებს სიმღერას. ბოლოჯერ გავა სცენაზე. მივა მიკროფონთან. ის იმღერებს. სიმღერას ერქმევა ,,Non, Je Ne Regretted Rien” ( ,,არა, არაფერს არ ვნანობ“ ). ეს სიმღერა იქნება სპექტაკლი და ეს სპექტაკლი ედიტის ცხოვრებას მოჰყვება. ჩვენ კი მის გენიალურობას გავიაზრებთ, როცა…

ეპიზოდი (ბოლო)

როცა დილით რბილ ხალათში გახვეული, უამრავი ფიქრით თავში და ცხელი ყავის ჭიქით ხელში, შემთხვევით გაიგონებთ ედიტ პიაფის ხმას, ალბათ ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ უსმენთ სულისშემძვრელ გენიალურობას. უსმენთ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება იდგა უკიდურესი აღმასვლისა და მარტოობის საზღვრებზე…

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply