სულ სხვა ფერია სამყარო..

0

ერთი უღიმღამო, ჩვეულებრივი დღე იყო. მზე სადღაც ღრუბლის მანტიებში მიმალულიყო და ქარი მოუსვენრად დასისინებდა ქუჩებში. თვალები მტვრით მქონდა სავსე, მაინც აუჩქარებლად მივდიოდი სახლში. როგორც ყოველთვის მაშინაც ვფიქრობდი… მეტროში ჩავედი და ესკალატორი ცანცარა ნაბიჯებით ჩავირბინე, მეტრო მალე მოვიდა, დავჯექი და ისევ მშვიდად განვაგრძე ფიქრი.

ერთ – ერთ სადგურზე ორი პატარა ბიჭი შემოვიდა, ჩემს წინ დასხდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. დასვრილი ფეხსაცმელი და დახეული ჯინსები ეცვათ. ერთს ფანდური ეჭირა, მეორეს ჩასადები. როგორც ვიოლინოს მეტისმეტად მაღალი ჟღერადობა მინას ამსხვრევს, ჩემს დაჭიმულ ნერვებზე მისმა ხმამ მსგავსი ზეგავლენა მოახდინა. დამავიწყდა რაზე ვფიქრობდი, სად ვიყავი.
ერთს ყინულივით ცივი, პირველი ხმა ქონდა, მეორეს კი უფრო ბოხი და ჩახლეჩილი. ხმებში მღეროდნენ, რაღაც უჩვეულო სიმღერას, რომელიც გულის ყველა კარს აღებდა. ეს სიმღერა ალბათ პირველი ხმის დაწერილი იყო. ისეთი გულით და სულით მღეროდა. კოპებ შეკრული, სადღაც გრძნობების მორევში იყო ჩაძირული. არ უნდოდა თვალების გახელა .პატარა თითებით სიმებს ეფერებოდა, სევდიანი რითმებით შემოწყვეტილი ღილებივით გაბნეულ სიტყვებს აგროვებდა. ცეცხლი მოედო გულს ზღვა მელოდიით, ძარღვებში უცნაურმა ჟრუანტელმა დაიწყო შფოთვა…
როცა სიმღერა დაასრულეს, ჩემდა უნებურად ტაში დავუკარი, მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ გიჟივით მხოლოდ მე ვუკრავდი ტაშს გაოცებული. იმ წუთას იქ თითქოს ძალიან ბნელოდა, ყველას ეძინა. სადღაც შემრცხვა ჩემი ემოციის.
ამოვკრიფე საფულედან ხურდები და ფანდურის ჩასადებში ფრთხილად ჩავუყარე.. პირველმა ხმამ ლამაზი, თბილი, თაფლისფერი თვალები შემომანათა.. მადლიერება და გაკვირვება მკაფიოდ ჩანდა მის თვალებში, მართლაც “თვალები სულის სარკეა” გავიფიქრე ჩემთვის.
-მადლობა, მაგრამ ჩვენ არ ვართ “მათხოვრები”. მითხრა გაოცებულმა და ცოტათი ნაწყენმა.
-იმისთვის არ გვიმღერია, რომ ვინმეს მოწყალება გაეღო… მითხრა მეორემ, ჩახლეჩილი ხმით.
უკვე მეორედ შემცხვა, მატარებელი გაჩერდა და უკან მოუხედავად ჩამოვედი. ხანდახან ისე არ არის ყველაფერი, როგორც ჩვენ გვგონია.. სულ სხვა ფერია სამყარო და სხვაგვარად ვხედავთ. ცოტა ხანს კიდევ ვიდექი სადგურზე. ისევ ცივი, პირველი ხმა ჩამესმოდა:
“როგორც უდედოდ ძილის წინ ბავშვი
უსუსურ აკორდებს ავაწყობ დავშლი…
შეიძლება სათქმელს ვერ ვამბობთ ბგერით,
მაგრამ გვემღერება და უბრალოთ ვმღერით..”
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ მოსიაშვილი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply