სტივენ ჰოკინგის ცხოვრების წესები

0

აზრზე არ ვარ რამდენია ჩემი IQ , ეს მხოლოდ წარუმატებელ ადამიანებს აინტერესებთ.

შესაძლოა რაღაცები კარგად გამომდის, მაგრამ მთლად აინშტაინი არ ვარ.

ჩემი მიზანი ძალიან უბრალოა. მე მინდა შევიცნო სამყარო: რატომ არის ის ასე მოწყობილი და რატომ ვართ ჩვენ აქ.

განტოლება მათემატიკის ყველაზე მოსაწყენი ნაწილია, მე ვცდილობ ყველაფერს გეომეტრიის ტერმინებით ვუყურო.

ჩვენ მხოლოდ  მაიმუნების განვითარებული შთამომავლები ვართ, პატარა პლანეტაზე მცხოვრებნი, არაფრით გამორჩეული მზით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამყარო შევიცნოთ! აი, ეს კი გამორჩეულებს გვხდის.

ჩემი აზრით, კომპიუტერული ვირუსები სიცოცხლის ფორმად უნდა მიიჩნეოდეს, ეს კარგად მეტყველებს ადამიანის ბუნებაზე: ერთადერთი სიცოცხლის ფორმა, რომელიც დღემდე შევქმენით – დამანგრეველია: ჩვენ ვქმნით სიცოცხლეს, რომელიც ბუნებით ძალიან ჰგავს ჩვენსას.

არ უნდა გვიკვირდეს, რომ სამყარო სიცოცხლისთვის ხელსაყრელად არის მოწყობილი. ეს სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ მისი შექმნა სწორედ ამისთვის იყო ჩაფიქრებული.

ჩვენ შესაძლოა დავაკავშიროთ სამყაროს მოწყობა ღმერთის სახელთან, მაგრამ ეს იქნება უპიროვნებო ღმერთი. ფიზიკის კანონებში არ არსებობს პიროვნული მახასიათებლები.

ცოდნის მთავარი მტერი, არა უცოდინრობა, არამედ ცოდნის ილუზიაა.

მთელი ჩემი ცხოვრება მაოცებდა ის მთავარი კითხვა, რომელსაც მუდმივად ვეჯახებოდი და რომელზეც პასუხის პოვნას მეცნიერულ დონეზე ვცდილობდი, ვფიქრობ, ამიტომ გავყიდე ფიზიკის შესახებ დაწერილი იმაზე მეტი წიგნი, ვიდრე მადონამ – სექსის შესახებ დაწერილი წიგნები გაყიდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მუშაობაში მეხმარება, მაგრამ ის მეხმარება ვკონცენტრირდე კვლევებზე, ლექციებiსა და მოსაწყენი კონფერენციების თავის არიდებით.

ოდესღაც მხოლოდ ერთი საშუალებით შემეძლოა კომუნიკაცია: წარბს მაღლა ვწევდი, როდესაც ბარათზე დაწერილ ასოს მაჩვენებდნენ. ეს ძალზე ნელი პროცესი იყო, მე არ შემეძლო ლაპარაკი ადამიანებთან და, რაღა თქმა უნდა, არ შემეძლო სამეცნიერო ნაშრომის დაწერა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მაქვს საკმარისი ძალა ხელებში, რომ დავაჭირო პატარა ჩამრთველს თითი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, მის მონიტორზე კი მუდმივად მოძრაობს კურსორი, რომელიც  მეხმარება ეკრანზე გამოსახული სიიდან სიტყვების არჩევაში. სიტყვები, რომლებიც უკვე არჩეული მაქვს, მონიტორის ზედა ნაწილში გამოისახება, როდესაც ფრაზას სრულად ავაწყობ, ხმოვან სინთეზატორში ვაგზავნი. ეს სინთეზატორი უკვე ძველია, ის 13 წელს ითვლის, მაგრამ მას ძალიან მივეჩვიე. ნაწილობრივ, იმიტომ რომ, უკვე ჩემი ასოცირება მხოლოდ მასთან ხდება, ნაწილობრი კი, ის არც ისე მონოტონურია, როგორც დანარჩენები და მისი ინტონაციაც თითქმის ისევე იცვლება, როგორც ადამიანის, არავის სურს ილაპრაკოს, როგორც მანქანამ ან მიკი მაუსმა.

იქ სადაც სიცოცხლეა, არის იმედიც.

თუ სადმე მინდა გამგზავრება, ეს ადგილი ნამდვილად არ მდებარეობს დედამიწაზე, არამედ ის კოსმოსშია. მე, რომ ვიყო ვინმე, ბილ გეიტსისნაირი, კოსმოსურ ხომალდს დავიქირავებდი, რაც ასეულობით მილიონი დოლარი დამიჯდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერებასა და კვლევით საქმიანობას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ფულის გამომუშავებას.

ჩემი ოცნება ისეთი წიგნის დაწერაა, რომელიც აეროპორტის ჯიხურებში გაიყიდება, მაგრამ როგორც ჩანს, გამომცემლობამ ამისათვის ყდაზე შიშველი ქალი უნდა დაბეჭდოს.

იქნებ მჯერა კიდეც ღმერთის, თუ ღმერთის განსახიერებად იმ ძალებს გულისხმობთ, რომლებიც სამყაროს მართავენ.

აინშტაინი არასდროს ეთანხმებოდა კვანტური მექანიკის პრინციპებს, შემთხვევითობის მემკვიდრეობითი ელემენტისა და არაპერმანენტულობის გამო. ის ამბობდა: „ღმერთი კამათლით არ თამაშობს“ – ის ორჯერ შეცდა. შავი ხვრელების არსებობა ამტკიცებს, რომ ღმერთი კამათლებით არამხოლოდ თამაშობს, არამედ მას იქ ისვრის, სადაც ვერავინ იპოვის.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მომავლიდან ტურისტები ჯერ არ გვწვევიან.

სამეცნიერო ფანტასტიკა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. ის ასტიმულირებს წარმოსახვას და გვათავისუფლებს მომავლის შიშისაგან, თუმცა მეცნიერული ფაქტები შესაძლებელია კიდევ უფრო განმაცვიფრებელი იყოს. სამეცნიერო ფანტასტიკაში არც კი დაუშვიათ ისეთი რამის არსებობა, როგორიც შავი ხვრელია.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის პირისპირაც კაცობრიობა მდგარა, ჩვენი აგრესიული ინსტიქტებია. პირველყოფილი ადამიანებისთვის ეს ინსტიქტები აუცილებელი იყო გადარჩენისათვის და გენეტიკური კოდის სახით, ისინი ჩვენს ტვინში აღიბეჭდა, რაც ნაკარნახები იყო დარვინის ბუნებრივი გადარჩევით. ახლა, ყველა იმ ატომური იარაღით, რაც ჩვენ გვაქვს, ვეღარ დავუცდით იმას, თუ როდის გადაგვარჩენს ევოლუცია ჩვენი ინსტიქტებისგან, ვშიშობ, ჩვენ გენეტიკური ინჟინერიის გამოყენება მოგვიწევს.

ვიღაცამ მითხრა, რომ ყოველი განტოლება, რომელიც წიგნში შემაქვს, წიგნის გაყიდვებს ორჯერ ამცირებს.

არავის შეუძლია კამათი მათემატიკურ თეორემასთან.

როდესაც მესმის, შრედინგერის კატის შესახებ, ჩემი ხელი პისტოლეტისაკენ იწევს. (ერვინ შრედინგერს აზრითი ექსპერიმენტით სურდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება).

არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანების რასა კიდევ 1000 წელს მაინც გასტანს, თუკი ისინი არ იპოვნიან კოსმოსში გაჭრის გზებს. ბევრი სცენარი არსებობს იმის, თუ როგორ შეიძლება ამოწყდეს ყოველი სულიერი პატარა პლანეტაზე, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ვარსკვლავებამდე.

მე შევამჩნიე, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დაბადებისთანავე გადაწყვეტილია და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, გზის გადაკვეთისას ორივე მხარეს იყურებიან.

ინტერნეტში ძრომიალი ისეთივე უაზრობაა, როგორიც ტელევიზორში არხების მუდმივი ცვლა.

ჩემი ლაპარაკის სინთეზატორი ამერიკული აქცენტით ლაპარაკობს. მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ამერიკული და სკანდინავიური აქცენტები ქალებს ყველაზე მეტად მოსწონთ.

მე ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვგრძნობ თავს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება) პასუხი მარტივია – არც ისე კარგად.

მხოლოდ ჩემი უფროსი ვაჟი – რობერტი ინტერესდება მეცნიერებით, ის მაიკროსოფტში კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობს. ჩემი ქალიშვილი, ლუსი, ფრანგულსა და რუსულს სწავლობს, ახლა ის ჟურნალისტია. ჩემი უმცროსი ვაჟი, თიმი, უნივერსიტეტში ფრანგულსა და ესპანურს შეისწავლის. მე, ასევე შვილიშვილიც მყავს, უილიამი, რომელიც ჯერ ახლა სწავლობს ლაპარაკს, თუმცა უკვე გაგიჟებით უყვარს კომპიუტერები.

ცხოვრება ძალზე ტრაგიკული იქნებოდა, ასეთი სასაცილო რომ არ იყოს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ არ დანებდე.

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply