სტიგმატიზაცია, როგორც დამნაშავეობის ამხსნელი მიდგომა

0

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიდგომას,რომლის მიზანია დამნაშავეობის გაგება,სტიგმატიზაციის (იარლიყის მიწებების) თეორია ეწოდება. ამ მიდგომის თეორეტიკოსები დევიაციას განსაზღვრავენ არა როგორც ინდივიდებისთვის ან ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ერთობლიობას, არამედ როგორც დევიანტებსა და არადევიანტებს შორის ურთიერთქმედების პროცესს. მათი აზრით,იმისათვის,რომ გავიგოთ თავად დევიაციის ბუნება,უპირველეს ყოვლისა,უნდა გამოვიკვლიოთ,რატომ აწებებენ „დევიანტის“ იარლიყს ზოგიერთ ადამიანს.

ძირითადად, სწორედ ის ადამიანები აწებებენ იარლიყს, რომლებიც კანონისა და წესრიგის დამცველ ძალებს წარმოადგენენ, ან შეუძლიათ, საყოველთაოდ აღიარებული ზნეობის დეფინიციები სხვებს მოახვიონ თავს. ამგვარად, იარლიყები, რომლებიც დევიაციის კატეგორიებს ქმნიან, ასახავს საზოგადოების ძალაუფლების სტრუქტურას.

როგორც კი ბავშვს დამნაშავის (დელიქუენტის) იარლიყს მიაწებებენ, ის უკვე ხდება დამნაშავის სტიგმის მატარებელი და, ალბათ, მასწავლებლები და მომავალში, სამსახურში დამქირავებლები, მას არასანდო პიროვნებად მიიჩნევენ. შემდეგ ინდივიდი კვლავ სჩადის კრიმინალურ ქმედებას და ამით უფრო შორდება საყოველთაოდ მიღებულ სოციალურ წესებს. ედვინ ლემერტი(1972) კანონის დარღვევის თავდაპირველ აქტს უწოდებს პირველად დევიაციას. მეორადი დევიაცია ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდისთვის მისაღები ხდება მიწებებული იარლიყი და თავის თავს დევიანტად მიიჩნევს.

სტიგმატიზაციის თეორია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის თვლის, რომ არც ერთი მოქმედება თავისი ბუნებით არ არის კრიმინალური. თეორიის კრიტიკოსები ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ არსებობს გარკვეული მოქმედებები, რომლებიც სინამდვილეში, ყველა კულტურაში მკაცრად არის აკრძალული, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება და ყაჩაღობა. თუმცა, ეს შეხედულება არ არის სწორი. თქვენს საკუთარ კულტურაშიც კი მოკვლას ყოველთვის არ განიხილავენ, როგორც მკვლელობას, დანაშაულს. ომის დროს მტრის მოკვლა დადებითად აღიქმება; ბოლო დრომდე, ბრიტანეთის კანონების თანახმად, ქმრის მიერ ცოლის მიმართ ძალით განხორციელებული სქესობრივი კავშირი არ ითვლებოდა გაუპატიურებად.

ჩვენ შეგვიძლია უფრო დასაბუთებულად გავაკრიტიკოთ იარლიყის მიწებების თეორია სხვა მიზეზების გამო. პირველი, სტიგმატიზაციის თეორეტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იარლიყის მიწებების აქტიურ პროცესს, ხოლო ის პროცესები, რომლებიც იწვევენ დევიანტურ მოქმედებებს, მათი ყურადღების მიღმა რჩება. აშკარაა, რომ გარკვეული ქმედებებისთვის დევიანტის იარლიყის მიწებება არ არის მთლიანად თვითნებური; სოციალიზაციის, ატიტუდებისა და შესაძლებლობების განსხვავებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად არიან ადამიანები ჩართულნი ქცევაში, რომელსაც, ალბათ, დევიანტურის იარლიყს აწებებენ. მაგალითად, ძალიან ღარიბი ოჯახის ბავშვები, შესაძლოა, უფრო ხშირად იპარავენ მაღაზიიდან, ვიდრე უფრო მდიდარი ბავშვები. ჯერ ერთი ისინი იარლიყის მიწებების გამო კი არ იპარავენ, არამედ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ცხოვრობენ. მეორე სინამდვილეში, არ არის ცხადი, იარლიყის მიწებება ახდენს თუ არა გავლენას დევიანტური ქცევის რიცხვის გაზრდაზე. ჩვეულებრივ, მსჯავრის დადების შემდეგ, დელიქუენტური ქცევა იზრდება, მაგრამ ეს თავად იარლიყის მიწებების შედეგია? შესაძლოა, აქ სხვა ფაქტორებიც ერთვება, როგორიცაა, მაგალითად, სხვა დელიქუენტებთან ურთიერთქმედების გაზრდა ან ახალი კრიმინალური შესაძლებლობების გაცნობა.

ავტორი: გიორგი სიხარულიძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply