სიყვარული თქვენს ხელშია

1

ლევ ტოლსტოი წერდა: ”ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული, რამდენი გულიცაა ამ ქვეყანაზე.” თუმცა ამდენი სახის სიყვარულს ერთი რამ, შეყვარებული გული აერთიანებს. და, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვაგვარად გვიყვარს, მაინც ერთსა და იმავე საფეხურებს გავდივართ.

ყველა კვლევა, დასკვნა, დებულება, არგუმენტი სიყვარულის შესახებ აზრს კარგავს, როცა ”მეხრე ცაზე დაფრინავ”, როცა თვალებიდან სხივებს აფრქვევ, როცა არაფრისმომცემი ლაპარაკის ნაცვლად იღიმები, როცა პეპელასავით მსუბუქი ხარ, ან პეპლები შენშია..

და ეს ყველაფერი არაა, როცა გიყვარს… მოდით, ერთად მივადევნოთ თვალი ახალდაბადებულ სიყვარულს. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზებს, მოტივებსა და სიტუაციებს. გრძნობა დაიბადა, ეს ნიშნავს, რომ თქვენში რაღაც დაუკითხავად შეიცვალა:

. გულს ვერ უდებთ ყოველდღიურ საქმიანობას;

. ცდილობთ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ, თუმცა არ გამოგდით;

. იძიებთ და კითხულობთ ისეთ ლიტერატურას, რაც სხვა დროს არც გაგახსენდებოდათ;

. ხშირად გეცვლებათ განწყობა: იცინით და მოიწყენთ, არც კი იცით, რატომ.

. დაკვირვებული ადამიანი თქვენს თვალებში ჩამდგარ იმ სხივებს ხედავს, რომლებიც ძალუმად იზიდავს სხვებსაც, რადგან არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო საყურებელი, ვიდრე შეყვარებული ადამიანის მზერა.

. იგივე დაკვირვებული ადამიანი კარგად ამჩნევს, როგორ მოუსვენრობენ თქვენი თითები: ზარისა და შეტყობინების მოლოდინში ვეღარც ითვლით უკვე მერამდენედ აცქერდებით ტელეფონს, ან კითხულობთ საგულდაგულოდ შენახულ შეტყობინებებს.

გეცნოთ, არა? ეს ხომ ეიფორიაა, ერთგვარი ემოციური დატვირთვა, რომელიც სიამოვნებასა და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული!!!

ეფექტ ეიფორიას საუბრის დროს ვიყენებთ, როგორც სტანდარტულ ტერმინს იმ ემოციისა, რომელიც გაურკვეველ ბედნიერებას, კარგად ყოფნის სხვადასხვაგვარ გრძნობას უკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ”ადვილად შეგუების, ნაყოფიერების ძალაუფლებაში” მყოფი ადამიანი მზად არის… სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ. წარმოიდგინეთ კოკისპირული წვიმა. არ აქვს მნიშვნელობა, შენობაში ხართ, ტრანსპორტში თუ ქვაფენილზე მისეირნობთ, როცა სხვები გარბიან, ელვა გულს გინათებთ და ჭექა-ქუხილი სუნთქვას გიჩქარებთ. გული, სუნთქვა, გონება, მთელი თქვენი არსება შეიგრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც იყო, მანამ შეგიყვარდებოდათ. თითქოს ფრთები გესხმებათ, საკუთარი თავის რწმენა გაძლიერებთ. განიცდით გაურკვეველ სიხარულს. მიგეჩქარებათ მისკენ, თუნდაც ნაბიჯიც არ გადადგათ და მზად ხართ, თქვენი განცდები გადმოსცეთ პალიტრაში არეული ფერებით, ბგერებით, სიტყვებით.

შემდგომ ურთიერთობის პირველი ნაბიჯებია, რომლებიც ძალიან ჰგავს სწორედ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როცა სიარულს სწავლობდით: ასეთივე ფრთხილები და მიზანმიმართულნი იყავით; იქცეოდით, დგებოდით, ისევ იქცეოდით და ჯიუტად იშორებდით უფროსების გამოწვდილ ხელებს, როგორც ახლა, ისმენთ რჩევებს, მაგრამ იმას აკეთებთ, რაც გსურთ და სწორადაც იქცევით: თქვენზე უკეთ არც ერთმა მეგობარმა არ იცის, რა გაახარებს ან დაასევდიანებს თქვენს რჩეულს. ამ ეტაპზე განწყობა უკვე იმის მიხედვით იცვლება, როგორ ჩაიარა პაემანმა, რა მოგწერათ, აეწყო თუ არა დიალოგი, სწორად თქვით თუ არა ის, რაც გინდოდათ, რომ მას სცოდნოდა. მიიღო თუ არა საჩუქარი, რამდენად ყურადღებიანია თქვენ მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი ეიფორია თქვენსავე ფსიქოლოგიური დამძაბველებით, ანუ სტრესორებით მუსიკალური ბგერებივითაა, როგორც ფორტე და პიანო… და თქვენი ურთიერთობებიც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ამის მიხედვით იცვლება.

შემდეგ თქვენი ნაბიჯები სიმტკიცეს იძენს და სწორი გზით მიდიხართ, ანუ გვერდს უვლით წინააღმდეგობებს, გადაჭრით პრობლემებს, რომლებიც მაშინ ამოიმართება, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. ჰოდა, ურთიერთობაც იცვლება, თქვენ უკვე ბევრი იცით ერთმანეთზე, იცით, შეგიძლიათ თუ არა გაძლოთ მის გარეშე. მხიარული განწყობილება, კმაყოფილება, აღგზნება გსურთ ერთმანეთს გაუზიაროთ და ასეც იქცევით. მნიშვნელობა არ აქვს დროს, ადგილს, შეხვედრის ინტენსივობას, მაინც გრძნობთ ერთმანეთს და სავსე ხართ, რადგან იპოვეთ თქვენი ნახევარი.

დრო გადის და ერთმანეთს ეჩვევით. ეს ის სიტუაციაა, რომელიც ყველაზე მეტად მოითხოვს ყურადღებასა და წინდახედულებას. შეჩვევის სიტუაციამ თქვენში შეიძლება კითხვები გააჩინოს, სიახლისკენ სწრაფვის დაუოკებელი ჟინი გაგრძნობინოთ, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება მოგანდომოთ. ამიტომ, ფრთხილად! თქვენს ხელებში თქვენი გულაჩქარებული, აფორიაქებული სიყვარული განაჩენს ელის: იცოცხლებს თუ მოკვდება? მნიშვნელობა არ აქვს, საკურთხევლამდე მიიყვანთ თუ თავისუფალ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, თქვენ უნდა გაზარდოთ და რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლოთ გრძნობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ღამეებს გათენებინებდათ. აიღეთ თქვენი სატრფოს ხელი, მზრუნველად გადააფარეთ საკუთარი ხელისგული და სასიამოვნო ტყვეობაში ამყოფეთ განცდა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.

მთავარი ისაა, შეძლოთ და რაც შეიძლება დიდხანს იყოთ მეცხრე ცაზე. გაბრიელ გარსია მარკესის ”ბოლო სიტყვა” ხომ ყველას გვახსოვს: ”… ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს…”

მარადიულ ახალგაზრდობას გისურვებთ!

კომენტარები

შეთავაზებები

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply