სიყვარულის შიში

0
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა… სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო… სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა… მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს!
ბევრისთვის სიყვარული მართლაც სიგიჟესთან ასოცირდება, ზოგიერთისთვის ეს ვნებაა, ზოგისთვის პატივისცემა და მეგობრობა, სხვისთვის სიყვარული ამქვეყნად ყველაფრის სათავეა. თუმცა, ამჯერად მე ამ სიტყვის მნიშვნელობაზე საუბრით არ მოგაწყენთ თავს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სიყვარული არსებობს.
შიში… რატომ გვეშინია გვიყვარდეს და ვუყვარდეთ? მომიტევებენ ალბათ ძლიერი სქესის წარმომადგენლები თუ ვიტყვი რომ ძირითადად ეს ”შიში” სწორედ მათ აწუხებთ. რა ვქნათ, კი გვქვია სუსტი სქესის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია ტკივილის ატანა, ვიდრე მამაკაცებს, ალბათ ამიტომაც უფრო ხშირად ვრისკავთ სასიყვარულო ურთიერთობებში ვიდრე ისინი, უფრო ხშირად გვტკივა გული, ვიდრე მათ, თუმცა ეს ტკივილი მამაკაცებისთვის უფრო მწარე და დასამახსოვრებელია.
რისი გვეშინია? – არ ვატკინოთ გული და არ მივცეთ მას ფუჭი იმედები, თუ ჩვენ თვითონ არ გვეტკინოს გული. იქნებ არ შემიყვაროს? იქნებ როგორც მეგობარი ისეც დავაკარგო? იქნებ აჯობებს საერთოდ არ ვუთხრა ამ გრძნობის შესახებ? – ეს სიტუაცია ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია. გადის დრო, ერთ მშვენიერ დღეს კი შენს ”მეგობარს” სხვა ადამიანის გვერდით ძალიან ბედნიერს დაინახავ, მაშინ ხვდები რომ ბევრი დაკარგე, მაშინ ნანობ რატომ არ გამოუტყდი შენს გრძნობებში, რატომ არ იბრძოლე იმისთვის რაც ასე ახლოს იყო.
სინანული, იმედგაცრუება, გულისტკვილი… თუმცა, უეცრად ახალი გრძნობა იბადება შენში, ახალი ადამიანი, თუმცა ძველი შიში. ერთი კითხვა მაქვს პირადად თქვენთან – გიხარიათ უბედური ადამიანის როლში ყოფნა? გიხარიათ როდესაც უბრალო მეგობარი ხართ იმისთვის ვინც სიგიჯემდე გიყვართ?
გარწმუნებთ, თქვენ მასაც ისევე დაკარგავთ, როგორც პირველი სიყვარული გაუშვით ხელიდან და ასე გაგრძელდება მუდამ, სანამ დამარცხებას არ ისწავლით.
გიყვართ? – უთხარით, ეს ხომ ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად. არ გპასუხობთ იმავე გრძნობით, არ უყვარხართ? – ყველაფერი გააკეთეთ, რომ თავი შეაყვაროთ. მაინც არაფერი გამოგდით? – დამერწმუნეთ, სჯობს გაეცალოთ, ვიდრე თუნდაც მეგობრის სახით გვერდით გყავდეთ ეს ადამიანი. ტკივილი გაივლის, მისგან შორს უფრო ადვილად და მალე, სამაგიეროდ თქვენ ის მაინც გეცოდინებათ, რომ მაქსიმალური გააკეთეთ იმისთვის, რათა ეს ადამიანი გვერდით გყოლოდათ. და მაინც, სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე მთელი ცხოვრება ინანო, რომ არ გააკეთე.
“ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. ჩვენ, ადამიანთა გულები, შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას, თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა, რადგან, გვეშინია ტანჯვის.” – პაულო კოელიო.
ნინო დარბაისელი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply