სიკეთის ჯარისკაცი

0

არსებობენ ასეთი ადამიანები. მე მათ სიკეთის ჯარისკაცებს ვეძახი.

ზუგდიდში თუ მოხატულ ნაგვის ურნების ნახვა ერთი ძალიან საინტერესო ბიჭის წყალობით უკვე აღარ უკვირთ. 33 წლის როსტომ ზარანდია ზრუნავს თავისი ქალაქის კეთილმოწყობაზე, სილამაზეზე, საზოგადოებრივ კულტურაზე…

როსტომმა, მეგობრების დახმარებით, ქალაქში გააკეთა თაროები, ე.წ. „განჯინა“. ადამიანები იქ ტანსაცმელს და საკვებს ტოვებენ, რაც ქმნის იმის პირობას, რომ ვისაც სცივა გათბეს, ვისაც შია კი – დანაყრდეს. რასაც ეს ადამიანი აკეთებს დიდ ფინანსებს არ მოითხოვს. მთავარია მონდომება და მიზანი. ურჩევნია მოქმედებით გამოხატოს სათქმელი ვიდრე ილაპარაკოს.

კეთილი ჯარისკაცის იდეით ქალაქში, სკვერებში გამოჩნდა წარწერები ,, ეს შენი ქალაქია” ,, შეიყვარე შენი ქალაქი” ,, აცადე გალამაზდეს”. როსტომს იმედი აქვს, რომ მსგავსი მოწოდებებით მოქალაქეებს გამოაფხიზლებს.

,, საქმის კეთება ადვილია, როცა გულით აკეთებ”.

ის არც ქარის წისქვილებს ებრძვის და არც უქმად კარგავს დროს. ის სიკეთით აკეთებს საქმეს, სხვებს ამის დასანახად დრო სჭირდებათ.

ამ ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც როსტომზე ბევრს საუბრობენ. იმასაც ამბობენ, რომ სხვა ურნებისგან განსხვავებით შეღებილ ნაგვის ურნებთან ნაგავი არასდროს უნახავთ. ესეც შედეგი.

როსტომს უყვარს თავისი ქალაქი და ზრუნავს ისე, როგორც შეუძლია.

დახმარებას უწევს უნარშეზღუდულ ადამიანებსაც, ამისათვის მან, მეგობრებთან ერთად, შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ზუგდიდი“.

მისი მეგობრები ამბობენ, რომ დიდ საქმეს აკეთებს.

,, როდესაც შეგიძლია ადამიანის სახეზე თუნდაც წამიერი ღიმილი გამოიწვიო, ეს ბევრს ნიშნავს”.
სიკეთის ჯარისკაცს სჯერა, რომ რასაც აკეთებს შედეგს გამოიღებს და რომ ადამიანები იცვლებიან, მაგრამ უკეთესობისკენ.

როსტომი მაგალითია და არა მხოლოდ ზუგდიდის სინამდვილისთვის. ამ ყველაფერს აკეთებს ადამიანი მაშინ, როდესაც თვითონაც აწუხებს უკურნებელი დაავადება. როგორც ამბობს, დიაგნოზი დაეხმარა გამხდარიყო ადამიანი.

მისთვის დიაგნოზი არაფერს ნიშნავს. შეეცვალა ფიქრები, გახდა უფრო პოზიტიური და დროს უქმად არ ხარჯავს.

უყვარს ზღვა, რომელიც მისთვის ჯადოსნურია განსაკუთრებით ღამით. მოდის და ფიქრობს.

როსტომის აზრით, არსებობს 2 არჩევანი როდესაც აღარ იქნები :

1) იგლოვებენ და შემდგომ გაგიხსენებენ ოჯახის წევრები.

2) მოქალაქე – როსტომ ზარანდია, რომელიც საჭირო საქმეს გააკეთებს, კვალს დატოვებს.

როსტომი იმედის გმირია და ჩემთვის, სიკეთის ჯარისკაცი.

როსტომის ისტორიამ მომცა შთაგონება, რომ ოდნავ უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ. გავაკეთო მეტი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქუჩისთვის, სოფლისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. თუ შენ ამ პოსტს კითხულობ ალბათ ხვდები, რომ ხშირად ის, რაც უმნიშვნელო გვგონია რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დღეს თუ მე, შენ და ყველა ერთად ჩვენს პატარა საქმეებს გავაკეთებთ წვლილს შევიტანთ საერთო საქმეში. ერთად გავხდეთ ჩვენი ქვეყნის კეთილი ჯარისკაცები!

ნინო მაზანიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მასწავლებელი, "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Leave A Reply