სექსისა და ოჯახური კონფლიქტის ფსიქოლოგია

0

სექსოლოგი ქეთრინ ბლენქი, ავტორი წიგნისა „ქალის სექსუალობა“, იმ წინასწარგანწყობებზე საუბრობს, რომლებიც ართულებენ ჩვენს ინტიმურ ცხოვრებას.

სექსუალობის სფერო ეხება არა მხოლოდ სექსს, არამედ ორი ადამიანის განსაკუთრებულად გამოხატულ ემოციებს, შინაგანი ბარიერების დაძლევას, ძლიერებისა და სიმყიფის ერთდროულ გამოვლენას, საკუთარი სურვილების მნიშვნელობის შეგრძნებას – ამ ყველაფერს საკუთარ თავში მოიცავს სექსუალობა და გვაძლევს საშუალებას მეტი სიახლოვე ვიგრძნოთ საკუთარ პიროვნებასთან და პარტნიორთან. ამიტომ სექსუალურ აქტს შეუძლია გაამთელოს ის, რაც ჩხუბმა ხელყო. გარდა ამისა, ჩხუბი შესაძლოა წყვილისთვის ურთიერთობაში გარკვევის საშუალებაც იყოს, ორივე პარტნიორს უწევს საკუთარი ადგილის გაცნობიერება და საკუთარი ღირებულებებისა და პირადი სივრცის დაცვა. საინტერესოა წყვილის ურთიერთობაში თვითდამკვიდრებისთვის რატომ არის აუცილებელი ურთიერთდაპირისპირება? ნუთუ იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ადამიანის წინასწარგანწყობებთან და ჩაკეტილობასთან ბრძოლა გვიწევს? ან იქნებ ჩვენვე გვაქვს პრობლემები თვითდამკვიდრებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენში იმედგაცრუებას იწვევს?

რატომ დაუკავშირდა ჩხუბი და სექსი ასე განუყოფლად ერთმანეთს? მიზეზი ჩვენს არაცნობიერ ფსიქიკაში უნდა ვეძებოთ – იმაში, რასაც ვსწავლობთ სხვა ადამიანების ურთიერთობების შემხედვარე და რა წარმოდგენებიც გვექმნება იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე ადამიანს ვუყვარდეთ. მაგალითად განვიხილოთ წყვილები, რომლებიც სექსისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ჩხუბის შემდეგ იღებენ: თითქოს მათ სჭირდებათ, რომ მუდმივად გაყრის ზღვარზე იყვნენ, რომ შემდეგ სქესობრივი ურთიერთობისას ხელახლა აღმოაჩინონ სიახლოვე, თითქოს ურთიერთობის ღირებულება დამოკიდებულია აყალმაყალის მასშტაბზე. ეს იმიტომ, რომ: არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნების მიღებისას დანაშაულის გრძნობას განიცდიან, ამიტომ საკუთარ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ სიამოვნების უფლებას, თუკი ამის საფასურს ტანჯვით გადაიხდიან. ზოგი ადამიანის მოტივი კიდევ უფრო დამახინჯებული არაცნობიერი წარმოდგენებითაა ნაკარნახევი: პარტნიორს ტკივილს აყენებენ რათა შემდეგ შექმნან მიყენებული ჭრილობის სექსით მოშუშების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს ვგრძნობთ თავს უფრო ძლევამოსილად, ვიდრე იმ მომენტში, როცა მეორე ადამიანს ეშინია ჩვენი დაკარგვის, გულგატეხილია და მისი სიცოცხლისკენ შემობრუნება ჩვენზეა დამოკიდებული. ხშირად რთულია აღიარება, რომ ჩვენი სიამოვნება მთლიანად სხვა ადამიანზეა დამოკიდებული, საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ მასთან სიამოვნებას ვინაწილებთ ან უბრალოდ საერთო მისწრაფებებს ვიზიარებთ.

aმიტომ ადამიანებისთვის აუცილებელია გრძნობდნენ, რომ ურთიერთობაში ყველაფერს აკონტროლებენ თუნდაც მეორე ადამიანისთვის ტკივილის მიყენებით და შემდეგ მისივე მოშუშებით.
შესაძლოა ერთის მხრივ, ლოგინში შერიგება ძალიან კარგიცაა, რადგან წყვილი ჩხუბის დროს ჯანსაღი დისტანციის მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც მათ აძლევს საშუალებას კიდევ გამოსცადონ სიამოვნება ისე, რომ არ ითამაშონ თავსმოხვეული როლები და იყვნენ გულწრფელი ერთმანეთთან. მაგრამ სცენარი „ჩხუბი-ლოგინი“ ყოველთვის ასე მუშაობს? ყოველთვის, როცა „ბალიშზე ვრიგდებით“, სწორად ვიქცევით საკუთარი თავის წინაშე? იქნებ ზემოთ მოყვანილი არაცნობიერი მოტივები გვიბიძრებს არაგულწრფელი დამაზიანებელი ქცევისკენ? ღირს ამაზე დაფიქრება.

მოამზადა თამუნა გოგოლაძემ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply