საჯარო გამოსვლის კომპლექსი – როგორ დავძლიოთ?!

0

ამას წინათ, ერთმა მკითხველმა მომწერა:

თაკო, შეგიძლია, რომ კომპლექსების დაძლევაზე დაწერო პოსტი?!

სალო, კომპლექსები ბევრნაირია, შენ რომელი გაწუხებს ყველაზე მეტად?!

დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგომის კომპლექსი, მაგალითად, კონფერენციების დროს…

… ეგ მეც მაქვს :)))))) )…

იცინის…

მეც ვიცინი: – ხომ მოგეშვა გულზე, ცოტათი მაინც?! :)))

ის: – კი!!!

მაინც, როგორ გვიმსუბუქებს დარდს იმაზე ფიქრი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვაწუხებს, არა??? :))) მე კი ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიღაც თვლის, რომ მე მისთვის აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით დახმარება და გამხნევება შემიძლია, დიდი მადლობა ნდობისთვის!!! მოკლედ, ვასრულებ დანაპირებს!..

თავის დროზე, როდესაც ამ საკითხზე გამოსავალს თავად ვეძებდი, მეგონა, რომ ეს პრობლემა ასე მწვავედ მთელს სამყაროში მხოლოდ მე მქონდა… მუდმივად ვკითხულობდი წიგნებსა და სტატიებს, სადაც იყო რჩევები, სავარჯიშოები, განხილვები და სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი, მაინც, როგორ ახერხებს ზოგიერთი სცენაზე თავისუფლად დგომას, ხოლო შენ დასაკლავად განწირული ხბოსავით თრთი?!

დავაკვირდი, რომ წიგნებსა და სტატიებში მოცემული რჩევები, დაახლოებით, ასეთ შტაბეჭდილებას მიტოვებდა: “ – რა მოგივიდა, გოგო, რა უნდა ამის გაკეთებას?! ნახე, რა ადვილია, მიდი, მიდი, ჰოპ! ჰოპ! ჰოპ! ერთი, ორი სამი და წავიდააააააააააა!” – მე კი ვიჯექი და აზრზე ვერ მოვდიოდი, რატომ ვერ მშველოდა :))))) …

საქმე ისაა, რომ როდესაც ადამიანს ეშინია, არ ღირს რჩევის მიცემა… ის ჯერ უნდა დაამშვიდო…

ჩემო ძვირფასო მეგობარო, პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ საჯარო გამოსვლა სრულიად უსაფრთხოა და ამით არ მოკვდები (მიუხედავად იმისა, რომ ის მეორეა ადამიანური შიშების ტოპ სიაში – პირველ ადგილს ამაყად იკავებს სიკვდილი…). ალბათ, ათასი ფიქრი და აზრი გიტრიალებს თავში: “როგორ გამოვალ??”, “მოეწონებათ??”, “ხომ არ დამცინებენ?!”, “მომისმენენ??”, “რას ვგავარ, როგორი გამოვჩნდები…”, “ოღონდ, იქიდან ცოცხალი გამოვიდე”…

გულახდილად გეტყვი, ყოველ ჯერზე, სცენაზე გასვლის წინ, მეგონა, რომ მოვკვდებოდი, სწორედ ამიტომ ყოველთვის მთელი გულით ვანუგეშებ მათ, ვინც ამის გამო ნერვიულობს… ხშირად ხელს ჩავკიდებ ხოლმე, რომ ჩემი მშვიდი ენერგია იგრძნოს და რამდენიმე წუთში მშვიდდება…
როდესაც იგრძნობ შიშს, ნუ გაექცევი მას, რადგან ეს შენი ემოციაა, შესაბამისად, საითაც გაიქცევი, იქით გამოგეკიდება და სულ უფრო დაგაფრთხობს, ამიტომ ეცადე მოდუნდე, თუნდაც გაკანკალებდეს და მიეცი ამ შიშს საშუალება, რომ სრულად მოგიცვას… შიში და მღელვარება ცუდი არაა, ეს სრულიად ბუნებრივი ადამიანური ემოციებია და მათი გამოყენება შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ, რადგან ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი, რაც ადამიანს აძლევს დამატებით ენერგიას.

ცხადია, გამიპროტესტებ, თუ შიში მომიცვავს ხომ უფრო უარესად გავხდებიო, მაგრამ სიტყვას გაძლევ, ეს გამოსავალია და ახლავე გეტყვი, რატომ…

საქმე ისაა, როგორც წესი, ჩვენ მიჩვეულები ვართ სურვილს – ვაკონტროლოთ საკუთარი თავი, სიტუაცია, რასაც მეტ ნაკლებად ვახერხებთ კიდეც, ხოლო როდესაც გვეშინია, ვკარგავთ ამ კონტროლის უნარს და ინსტინქტურად ვძაბავთ ყველა კუნთს და მთლიანად ფიზიკურ ძალას, რომ კვლავაც მოვიპოვოთ კონტროლი სიტუაციასა და საკუთარ თავზე, მაგრამ რაც მეტად “ვიჭიმებით”, მით მეტად გვეცლება ძალა და ეს საშინლად დამღლელია… ერთადერთი გამოსავალი აქ შინაგანი ნდობაა: “- რაც უნდა მოხდეს მაშინ, როცა გავალ, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.”

სცენაზე გასვლისას, შენ გაქვს მისია, რომლის კარგად გაცნობიერებაცაა საჭირო. წარმოიდგინე, რომ შენ მომზადებული გაქვს ინფორმაცია, რომელიც შენ უნდა მიაწოდო საზოგადოებას. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც მათ არ აქვთ, ან შთამაგონებელი მიმართვა, მოტივაციის ამაღლება ან ბიძგი რაიმე მოქმედებისკენ, ყოველ შემთხვევაში შენი გამოსვლა მაყურებლისთვის საჭირო და სასარგებლოა, სხვა შემთხვევაში ადამიანები, უბრალოდ, არ მოვიდოდნენ შენს მოსასმენად. აქედან გამომდინარე, შენ სასარგებლო და ფასეული ხარ მათთვის!

“- მე ჩემი მაყურებლისთვის კარგი ამბავი მიმაქვს” – მხოლოდ ეს აზრი უკვე ღიმილისმომგვრელია. შენ გრძნობ, რომ მნიშვნელოვანი ხარ, რომ შენ გელიან, რომ შენ მოგისმენენ… რა კარგია, არა?! უკვე ახლა, ამის გაფიქრებაზე, თავად გამეღიმა და წინასწარ გამიჩნდა სიმპატია ამ ადამიანების მიმართ. მე ისინი შევიყვარე ისე, რომ ჯერ თვალითაც არ მინახავს…

– როგორ შეიძლება შეგიყვარდეს სრულიად უცნობი ადამიანი?! – მკითხავ შენ, მე კი გეტყვი, რომ ეს საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი… თუ შენ არ შეგიძლია შეიყვარო შენი მაყურებელი და უყურებ მას, როგორც შენს გამკრიტიკებელს, განმკიცხველს, საშიშს, მტერს, როგორ გინდა, რომ მან, ფეხზე წამომდგარმა, ტაშით გაგაცილოს სცენიდან?! მახსოვს, ერთხელ ძალიან უგუნებოდა ვიყავი, არადა 15 წუთში ტრენინგზე უნდა შევსულიყავი… ავდექი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩავაგონე ჩემს თავს: “- მე მიყვარს ჩემი მაყურებელი! მე მიყვარს ჩემი მაყურებელი! მე მიყვარს ჩემი მაყურებელი!..” ამის თქმაზე, უნებლიედ, გამეღიმა რადგან როცა გიყვარს, სახე გინათდება. ტრენინგზე ისეთი გაღიმებული შევედი, ცოტა ხანში მეგობრებმა უკან რიგებიდან ტრაფარეტზე დაწერილი დამანახეს: “- გოგო, ნუ უღიმი ამდენს, ცოტა მკაცრი სახე მიიღეო” :)))) …

ხალხთან ურთიერთობისას ძალიან მეხმარება ადამიანების მიმართ სიყვარული. ჩემს თავს ხშირად ვეუბნები, რომ ახლა დარბაზში ჩემი მეგობრები სხედან, რომლებიც უნდა გავიცნო და გავახარო, მე მათ მაქსიმალურად გულიანად მინდა გავუზიარო ჩემი სათქმელი, – ეს მოსაზრება მადუნებს და მიხსნის დაძაბულობას. ჩემს გონებაში ჩემი მაყურებელი ჩემთვის ახლობელ ადამიანად გადაიქცევა ხოლმე და ეს ძალიან მეხმარება სცენიდან საუბრისას ვიყო უშუალო, ხალისიანი და ენერგიული. სწორედ, ამ მიდგომის გამო, ხშირად უთქვამთ, რომ ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს დიდი ხანია მიცნობენ და იცი რატომ?! მე ისინი ჩემს გონებაში “წინასწარ დავიმეგობრე” და მათ ეს იგრძნეს…

რა გიშლის ხელს გამოსვლის წინ? – ესაა საკუთარი არასრულყოფილების მწვავედ განცდა… წინასწარ იტანჯები იმის გამო, რომ არ მოემზადე სათანადოდ, რომ არ გამოიყურები სათანადოდ, რომ არ ხარ განდაპასი ან რობინსი, თითქოს ვინმემ დაგავალდებულა, რომ იყო უნაკლო… შენ არანაირად არ ხარ ვალდებული გამოხვიდე საუკეთესოდ, უბრალოდ, არ ხარ ვალდებული! მაშინაც კი, როდესაც ვიღაც ჩაგჩიჩინებს და გძაბავს, რომ ახლა შენ უნდა ასახელო, რომ შენს კისერზეა ვიღაცის ღირსება, ჩააგონე შენს თავს, რომ შენ არ ხარ ვალდებული იყო სრულყოფილების განსახიერება, რადგან ადამიანები, რომლებიც ამას მოითხოვენ შენგან, თავად არიან ძალიან შორს სრულყოფილებისგან. ვფიქრობ, ეს ქმედება ძალიან შეგიმსუბუქებს მდგომარეობას.

გამოხატე ინტერესი, ცნობისმოყვარეობა “შეუცნობელის” მიმართ – “მაინტერესებს, როგორ გამომივა”, “აბა ვცადოთ”, “ოჰოოო, ეს ახალი თავგადასავალია”, “საინტერესოა”. ეს თამაშია, სადაც შეიძლება კარგად გამოხვიდე, შეიძლება უკეთესად, მაგრამ როდესაც უბრალოდ გაინტერესებს და უბრალოდ აკეთებ, მეტად იხსნები და გაცილებით უფრო ბუნებრივი ხარ, ხოლო მაყურებელს უყვარს ბუნებრივობა.

მახსოვს, იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ მოძღვარს ვუთხარი, ასეთი პრობლემა მაქვს მეთქი, მან კი მითხრა, რომ ამხელა პრობლემას ეგოიზმი მიქმნის. მაშინ ვერ გავიგე, მაგრამ ახლა ვხვდები, რასაც ნიშნავდა ეს ნათქვამი. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვპატიობთ საკუთარ თავს შეცდომებს, ვთვლით, რომ წააგო ან არასათანადოდ გააკეთო შენი გასაკეთებელი, ნიშნავს იყო ხელმოცარული, “ლუზერი”, “ფუუუუუ!” და ამის გამო წინასწარ ვკვდებით და ვიტანჯავთ თავს! როდესაც ვიაზრებ, რომ მე უბრალოდ ადამიანი ვარ და დავიბადე იმისთვის, რომ განვვითარდე, ვისწავლო, უკეთესი გავხდე, რომ ყველა მცდელობა წარმატებული ვერ იქნება, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი მცდელობა და ბევრი შეცდომები სრული ნორმაა, ვმშვიდდები. რატომღაც, ადამიანებს თავი იმდენად მაგრები გვგონია, წარმოდგენაც კი არ გვინდა, რომ შეიძლება სადღაც რაიმე “ისე” არ გამოგვივიდეს! ხშირად, ბავშვებს ვასწავლით, რომ “რა მოხდა მერე, რა გატირებს, ხან მოიგებ, ხან წააგებ! წაგება და მოგება ძმები არიანო” და თავად გვავიწყდება, რომ თუ ცდი, შეიძლება წააგო, მაგრამ თუ არ ცდი – გატანტირებული გაქვს დამარცხება…

ძალიან დამრიგებლურად ხომ არ გესაუბრები?? :)) არ მინდა რაიმე “გასწავლო”, ამ პოსტის მიზანი უფრო შენი გამხნევება და შთაგონებაა, ვიდრე რეცეპტი და ჭკუის დარიგება…

როდესაც გამოსვლისთვის ვემზადები, გონებაში ვფანტაზიორობ და წინასწარ ვხატავ, თუ როგორი განწყობა მინდა მქონდეს, მანამ შევალ, როგორ შევალ, პირველად როგორ გადავავლებ თვალს დარბაზს, როგორ მივესალმები, როგორ გავაღიმებ, გავახალისებ, როგორ განვაწყობ მოსასმენად, შემდეგ თემატიკაზე როგორ გადავალ, როგორ დავაინტერესებ, როგორ ვიხუმრებ, როგორ ვიცანცარებ, ვიმაიმუნებ… ამით საკუთარ თავს ვუქმნი ერთგვარ სურათს, სცენარს, თუ როგორი მინდა გამოვიდეს, თუმცა აქვე ჩემს თავს ვეუბნები: “რაც უნდა მოხდეს, საუკეთესოდ გამოვა, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი…”

ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, როდესაც ამ პოსტის წერა გადავწყვიტე, მეორე დღეს ჩვენი ორგანიზაციის ტრენერების კონკურსზე გავდიოდი, სადაც ნახევარფინალში პირველი ადგილი ავიღე და ახლა ფინალისთვის ვემზადები, ხოლო იქამდე დიდ კონფერენციაზე ერთერთ წამყვან სპიკერად ვარ მიწვეული… ვღელავ თუ არა?! ცხადია ვღელავ :))))…

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძალიან მინდა დაგამშვიდო და გითხრა, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, რომ ამ პრობლემით იმ დარბაზში მჯდომთაგან 98% იტანჯება (ჰა, გაგიხარდა, ხომ?! :))) ), რომ მათ ძალიან უნდათ შენს ადგილას იყვნენ, მაგრამ ეს ადგილი შენ გერგო და შენ ერთს გაქვს პრივილეგია ისაუბრო, ხოლო მათ მოგისმინონ, ისინი შინაგანად პატივს გცემენ უკვე დასაწყისიდანვე, სწორედ ამიტომაა ეს უსაფრთხო და შეგიძლია ამით დიდი ენერგია და მუხტი მიიღო და ერთხელ გემოს თუ გაუგებ, შემდეგ სულ მოგინდება, რომ იგივე კვლავ გამოსცადო, ამიტომ გეუბნები, რომ გამოგივა, დედასგეფიცები, გამოგივა :))!!!

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

P.S. თუ გქონია მსგავსი პრობლემა, მოგვიყევი, როგორ გადალახე ან როგორ ცდილობ გადალახო, დარწმუნებული ვარ, სხვა მკითხველებს ამით ძალიან დაეხმარები, ხოლო მე – გამახარებ შენი აქტიურობით! 🙂

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply