სად მიდიან ბავშვობის დღეები?

0

კვირის ნანატრი დასვენების დღე. . . ჯერ არც კი გათენებულა, ეზოში ბავშვების გადაძახილები კი იმაზე უფრო მალე გაფხიზლებს, ვიდრე წარმოიდგენდი. გგონია, პატარებმა შეთქმულება სწორედ შენ წინააღმდეგ მოაწყეს, პირველ შეძახილს მჭახე ხმა აქვს, მეორე ძილს არ გაცდის, მერე ბრაზობ, ბრაზობ და უცებ ხვდები, რომ შენც ბავშვობაში ბრუნდები. გახსენდება, როგორ გეგმავდით წინა ღამეს თამაშებს ისე, რომ არასოდეს გიფიქრიათ სამსახურიდან დაბრუნებულ უფროს ძმებზე, მამებზე, ბიძიებზე..

გახსენდება არდადეგები, როცა ბებოსთან, ბიძიასთან ან დეიდა-მამიდასთან მიემგზავრებოდი ცოტა ხნით, სანამ ქანცგაწყვეტილი მშობლები დამსახურებულ შვებულებას მიიღებდნენ და სადმე, მთაში თუ ზღვაზე, ერთად წახვიდოდით. შენ კი ამ დროს უკვე აღარც ზღვა გინდოდა, აღარც მთა, შენი და შენი მეგობრების შტაბი, ეზოს მივარდნილ კუნჭულში აგებული ქოხი, ტალახით გოგონების გამომცხვარი, ბალახეულით გაფორმებული ტორტი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს ზღვასა და მთას გერჩია…

მშობლების გადაწყვეტილება ურყევი იყო, ჰოდა, გაცილებდნენ მეგობრები სევდიანი და აცრემლებული თვალებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ წლამდე.. ნატრობდი, როდის მიიწურებოდა ის სასწავლო წელი, ყველაზე მეტად პირველი თვის გადაგორება გიჭირდა, წრიალებდი საწოლში, გეგმებს აწყობდი მომავალი წლისას, და ნატრობდი, როდის დადგებოდა კიდევ ერთი ზაფხული…

მაშინ არასოდეს დაფიქრებულხარ, როგორ სწრაფად იცვითებოდა დღეები და მასთან ერთად ბავშვობა.… რას ნიშნავს ყოველი მომდევნო ზაფხული, ყოველი მომდევნო დაბადების დღე, ეს მერე ყველაზე დიდმა მასწავლებელმა, ცხოვრებამ გასწავლა.

სად მიდიან ბავშვობის დღეები? შენ მას ყოველთვის ესათუთები, როგორი მტკივნეული, როგორი სევდიანიც არ უნდა ყოფილიყო იგი. ამასაც თანდათან სწავლობ. იმდენი კაცური გაუგებრობა ხდება, ისეთი გაიძვერა და ძნელად მოსახელთებელი ყოფილა სასიამოვნო წუთები, ბავშვობის უსიამოვნებებიც ლამაზ მოგონებად გადაქცეულა. და შენც უფრთხილდები, ამაზე ძვირფასი და დაუბრუნებელი სიტკბო, იცი, რომ აღარ გექნება. როგორც არ უნდა დაგწყდეთ შენ და შენს მეგობრებს გული, აღარ იტირებთ, სიყვარული ხელუხლებელ, გაუხუნებელ გრძნობად უნდა შემოინახოთ; ქოხი სახლად უნდა გადააქციოთ; სათამაშო თოფები და შტაბები ომში, უკეთეს შემთხვევაში სანადიროდ გამოსცადოთ; თქვენმა ცოლებმა ნამდვილი ტორტი აცხონ და თან სულ დაღლილობას უჩიოდნენ.

მეზობლის ბავშვი მაგიდას არც კი მისჯდომია, ისე უცებ დალია ჩაი. პირიც დაიწვა, დედის საყვედურების მოსმენა მოუხდა, თუმცა არც არაფერი გაუგია და არც დამწვარი ენა მოუბრუნებია საპასუხოდ. ეზოს იქით კუთვნილი ბავშვობა უხმობს, ახლა მისი ცელქობის დროა.. დრო, რომელიც თვალსა და ხელს შუა ქრება და წუთიც კი არაა დასაკარგავი.

შენ კი დგები, გაბრაზების ნაცვლად სიანცე გიპყრობს. ხვდები, არსადაც არ მიდიან ბავშვობის დღეები, ისინი მუდამ შენთან არიან, სანამ იქნები. არ იცი, რატომ, მაგრამ ხალვათად იცვამ, კარს გაიხურავ, ბავშვებს სხივჩამდგარ თვალებს მოავლებ და გაეშურები იქითკენ, სადაც ამდენი ხანია გეგმავ და მოუცლელობის გამო ჯერ არ წასულხარ. დღე სასიამოვნოდ დაიწყო.

გამომგზავნი/ავტორი: ნინო სოფრომაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply