სად მარხია ჩვენი პრობლემების თავი?! მიზეზ-შედეგობრიობის კანონი

0

თუკი ახლა დარდიანი და ტკივილიანი ცრემლებს ვერ იშრობ და ცისკენ ხელაპყრობილი დაუსრულებლად იმეორებ სიტყვებს:

“რისთვის ვისჯები?!”

“რა დავაშავე?!”

“მე ეს არ დამიმსახურებია!”

“ცხოვრება უსამართლოა!”,

მაშინ ეს პოსტი შენთვისაა…

მართალია, ამ პოსტით პრობლემას ვერ მოგიგვარებ, მაგრამ ძალიან მინდა დაგეხმარო ცოტათი მაინც, რომ თავად გაუმკლავდე მას… არაფერი ახალი, უბრალოდ, საკუთარ გამოცდილებასა და ნააზრევს გჩუქნი…

რა აკეთებს ადამიანი, როდესაც რაიმე შეემთხვევა?!

ა) ეძებს დამნაშავეებს – ეს მარტივია! ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვისაც მისთვის“ცუდი უნდოდა” და განგებ დაააზარალა. მაშინვე ნაწილდება როლები: სხვა ბოროტია, ის – კეთილი, სხვა მტაცებელია, ის კი მსხვერპლი.

მისი ეგო ხან მრისხანებისაგან ბრდღვინავს, ხანაც მსხვერპლივით წკმუტუნებს…

ის ეძებს დამნაშავეს ან დამნაშავეებს და რაც მეტი იქნება მათი რაოდენობა, მით უფრო მშვიდად იგრძნობს თავს, რადგან რაც მას შეემთხვა ვიღაცის ბრალია და აქვს “ფუფუნება”, რომ ბრალი წაუყენოს…

ამას მოჰყვება “დამნაშავეში” სულ უფრო მეტი უარყოფითი თვისების ძიება, რომ “სხვა” კიდევ უფრო საზარელ ადამიანად წარსდგეს მის გონებაში, რომ უფრო მეტად იგრძნოს, როგორ ატკინეს, დაუშავეს, როგორი მსხვერპლია… მეტიც, ამით ეგო ვერ ძღება და იწყებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი “მსხვერპლის” გამოცდილების გახსენებას, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად შეეცოდება საკუთარი თავი…

საერთო ჯამში, გროვდება უზარმაზარი შინაგანი ენერგია, რომელიც მასვე ანგრევს და ერთიმეორის მიყოლებით იზიდავს მის ცხოვრებაში მსგავს და უარეს სიტუაციებს…ეს ნეგატიური ენერგია შეიძლება გახდეს რაიმე მძიმე დაავადების სათავეც კი…

თეორიულად, “მარცხენაც მიუშვირე” ადვილი სათქმელია, აი პრაქტიკაში კი ნამდვილი კოშმარი…
ამ თემის ანალიზი ხშირად მიწევს და თავადაც ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მსხვერპლის პოზიციაში, ვინ იცის, რა გამალებით მიძებნია დამნაშავეები, რათა შემდეგ მეთქვა, თუ როგორ მსჯის ცხოვრება…
ესაა ის მიდგომა, რასაც, სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 95%ზე მეტი მიმართავს…
ესაა მიდგომა, რაც შენს გონებას აჯერებს, რომ შენ ხარ მსხვერპლი, რომ შენნაირ ადამიანებს ცხოვრება ასე უსამართლოდ არ უნდა ექცეოდეს და არც გედავები… ძალიან დიდი სურვილი მაქვს ასეთი მწარე გამოცდილება საერთოდ არ გქონოდეს…

შესაძლოა, ახლა გაბრაზდი ან უფრო მეტად გეტკინა გული, მაგრამ მე იმისთვის არ გწერ, რომ გატკინო, მე დახმარებას შეგპირდი, რაც რეალურად არის კიდეც გამოსავალი…
მაშ, ასე, გაიღიმე, გამხნევდი და ვაგრძელებთ :)))) :

ბ) ეძებს მიზეზს. ადამიანთა, დაახლოებით, 3–5%–ს ჰყოფნის გამბედაობა და ძალა, დაუკვირდეს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მიზეზ–შედეგობრივია და თუ შედეგი არ მოგვწონს, მიზეზის ძიება საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი, სწორედ ამიტომ ახერხებს ამ მიდგომით სიმშვიდის მოპოვებას ასე ცოტა ადამიანი…

ისინი თვლიან, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენ მოვლენილები ვართ კონკრეტული მისიით და კონკრეტული განვითარების გზა უნდა გავიაროთ, რაც ჩვენგან კონკრეტული გაკვეთილების მიღებას მოითხოვს. თუკი ვინმე ცუდად მოგვექცა ან რაიმე არასასიამოვნო მოხდა, ღირს დაფიქრება, რას გვკარნახობს ამ დროს სამყარო? რის სწავლებას ცდილობს ის ჩემთვის?! მოთმინებას, მორჩილებას, თანაგრძნობას, პატიებას თუ პასუხის გაცემას და აგრესიის გამოთავისუფლებას?! იქნებ, საკუთარი თავის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს, დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლების ან ეგოიზმთან მუშაობის აუცილებლობას?! ცალსახად თქმა რთულია, მაგრამ თავად მიდგომა – ეძებო მიზეზი და იმუშავო მასთან არის კიდეც ჯანსაღი მიდგომა, თუმცა ჩაღრმავება საკუთარ თავში – ყველაზე კარგ ნაბიჯად მიმაჩნია!

ვიცი, ზოგჯერ მეტისმეტად რთულია გაუმკლავდე სირთულეს, ზოგჯერ წარმოუდგენელიც კია საკუთარ თავში მიზეზის აღმოჩენა, მაგრამ სამყარო ჩვენი ანარეკლია – მასში პროეცირდება ყოველივე, რაც არის ჩვენში!

შეიძლება დამეთანხმო, ან არ დამეთანხმო, ეს შენი უფლებაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გისურვებ გათავისუფლდე სიმძიმისგან, რომლისგან შეწუხებულმაც გადაწყვიტე ჩემი პოსტი წაგეკითხა…

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply