როცა პატიება გიმძიმს… (ერთი მაყურებლის თეატრი)

0

(სტატიათა ციკლიდან “სიზმარი” , #7)

ვისაც არ ძალუძს პატიება, მას არ ძალუძს სიყვარული

მარტინ ლუთერ კინგი უმცრ.

სუსტს არ შეუძლია მიტევება, რადგან ეს სიძლიერეს მოითხოვს

მაჰათმა განდი

ავანსცენიდან თეთრ ტოგაში შემოსილი ახალგაზრდა უგრიმო მამაკაცი მდაბლად მიკრავს თავს დარბაზში მჯდომ ერთადერთ მაყურებელს…

ფარდა იხსნება, გამოდის, ასე, 10-12 წლის ბიჭი და სცენის შუაში დგება. ლოყები სიმორცხვისგან ასწითლებია და თავისი სუფთა თვალებით ათვალიერებს დარბაზს…

– მე მინდა მოგიყვე ამ პატარა ბიჭის შესახებ, – იწყებს ტოგიანი, – რომელიც მამამ მიატოვა, ხოლო ლოთი დედა ყოველდღე სცემს. სწავლა უჭირს, რადგან ვერ აკეთებს კონცენტრაციას, ამის გამო კლასელები დასცინიან. თავს მიტოვებულად გრძნობს, ვერავის ელაპარაკება, ვერც გოგონებს პატიჟებს სადმე. ის გაურკვევლობაშია, შეშინებულია, ხშირად ვერ გამოხატავს სათქმელს ისე, როგორც უნდა, ვერ გადმოსცემს გრძნობებს. მასწავლებლები ეჩხუბებიან, უფროსკლასელები – სცემენ…

ნეტავ, რა დააშავა ამ პატარა ბავშვმა, რომ ასეთი სასჯელი დაიმსახურა? – ვფიქრობ მე, – რა უნდა იყოს ახლა ამის ცხოვრება? ასეთი პატარა და ამდენი ტკივილი, ამდენი ჭრილობა! ის ხომ შეშინებულია, ზრუნვასა და თანაგრძნობას საჭიროებს!

– ალბათ, გაინტერესებს, რა ბედი ეწევა ამ პატარას, როდესაც გაიზრდება… ის შეიძლება გახდეს ის ყაჩაღი, რომელმაც ჩანთა გამოგგლიჯა ან ოქროს სამკაული წაგართვა, ან შენი ნარკომანი მეზობელი, რომელმაც ყველა კარის საკეტი მოსინჯა უბანში, ან მეუღლე, რომელმაც ხელი დაგარტყა, ან მტერი, რომელიც სასტიკად გაგისწორდა, შეიძლება მშობელი, რომელმაც მოგიძულა ან ბოსი, რომელსაც ვერ იტან, მაგრამ შეხედე ამ პატარა ბავშვს, რომელიც თრთის და ეშინია და მითხარიშეგიძლია გძულდეს ეს ადამიანი?! შეიძლება მან ძალიან დაგაზარალა, მაგრამ მხოლოდ გულნატკენ ადამიანს შეუძლია სხვასაც ატკინოს!

შესაძლოა, კვლავაც გახსოვს და გამძიმებს წყენა, რისი დავიწყებაც ვერ მოახერხე, იქნებ, საკუთარ თავზეც ბრაზობ, ან სხვა უამრავ ადამიანზე, მაგრამ შეგიძლია ამ ტვირთისგან გათავისუფლდე და სხვებიც გაათავისუფლო, თუკი პატიებას შეძლებ!

ყოველ მათგანში, ვინც რაიმე დაგიშავა, ასეთი ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც მეტად ან ნაკლებად, მაგრამ, როდესღაც ძალიან ეტკინა! ეს სპეკტაკლი არ არის, ეს სიმართლეა და არც მე მაქვს გრიმი, რადგან სიმართლე უნდა იყოს ნამდვილი, შეულამაზებელი და მიუკერძოებელი, ისეთი, როგორიც არის!

დავფიქრდი – შემიძლია თუ არა იმ ადამიანების პატიება, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში ნეგატიური კვალი დატოვეს?!  შემიძლია თუ არა, ამ პატარა ბიჭუნას გულში ჩაკვრა და დამშვიდება, თქმა, რომ არ არის ცხოვრება ასე სასტიკი, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და მე ვუგულშემატკივრებ მას?!

ვფიქრობ, მოვნახავ საამისო ძალებს (თუ უკვე არ მოვნახე – ავტ.)…

[მეორე მოქმედება]

სცენაზე ბიჭის ადგილას პატარა გოგონა გამოდის. ის იღიმის, მაგრამ ვხედავ, რომ ნამტირალევია (ნეტავ, რატომ იღიმის? იქნებ, იმიტომ რომ არ უნდა სხვებს დაანახოს მისი ტკივილი ან ცრემლი? შესაძლოა, უბრალოდ, ჭირვეული ბავშვია…).

–  ეს პატარა გოგონა იღიმის, მაგრამ მას სტკივა, ამიტომაც იტირა ჩუმად, სანამ სცენაზე გამოვიდოდა. მან ახლა არ იცის, რომ ეკლიანი გზის გავლა მოუწევს, ბევრი ადამიანისგან წყენის მოთმენა და სხვა ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება. ის შენი ნაწილია, ბავშვი, რომელიც შენში ცხოვრობს და რომელსაც ნაკლებად უსმენ. შენ ყრუდ გესმის მისი ტირილი, როცა მას სტკივა საკუთარი (ანუ შენი) ოცნებებისცხოვრებისეულ რაციონალურ არჩევანზეგაცვლა და სიცილი, როცა რაღაც კარგი ხდება, თუმცა შენ ეს სიცილიც ყრუდ გესმის, რადგან იმედგაცრუებამ გაახევა და გაცრიცა შენი ემოციები. შენ დადიხარ ნიღბით, ზერელედ უღიმი ადამიანებს, არ ენდობი საკუთარ თავს და რასაკვირველია, არც სხვებს! ეს ყველაფერი ტანჯავს შენს შინაგან ბავშვს და ის ამიტომ ტირის! შენ შეგიძლია გათავისუფლდე ტკივილისგან, თუკი შენს შინაგან ბავშვს თბილად ჩაიხუტებ და ეტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ არასოდეს დატოვებ მარტო, რომ ყოველთვის მიჰყვები შენს ოცნებებს და რაც უნდა მოხდეს საკუთარ ღირებულებებს კბილებით დაიცავ. მას სჭირდება, რომ გჯეროდეს მისი, რომ ესაუბრებოდე, მარტო არ აგრძნობინებდე თავს. როდესაც ამას გააკეთებ, იგრძნობ, როგორ აივსე სითბოთი და სიმშვიდით, იგრძნობ, რომ შენ შენ ხარ და არა შენი მოსიარულე ოდნავმომრიმარი ფიტული! შენ შენ ხარ, რადგან არ შეგიძლია ვინმე სხვად ყოფნა!

– მე მიყვარხარ შენ, ჩემო პატარა ბავშვო და გპირდები, სულ გულით გატარებ, როცა შეგცივდება შემოგეხვევი და გაგათბობ, თუ ვინმე ეცდება, რომ რაიმე დაგვიშავოს, არ შევიძულებთ, რადგან ასე მხოლოდ ბოროტებას გავამრავლებთ. მაპატიე, რომ აქამდე ნაკლებად გისმენდი, რადგან მეგონა გავიზარდე და სხვებივითდიდურადნახევრადპესიმისტულ რეალობას უნდა მოვრგებოდი, რის გამოც მუდმივად დისკომფორტს ვგრძნობდი. არ მაქვს სურვილი ეს ცარიელი ტვირთი ვათრიო, ამიტომ:

* ვპატიობ პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ რიგ მომენტებში ვერ მოვიქეცი ისე, როგორც მინდოდა მოვქცეულიყავი ან როგორც შეეფერებოდა ჩემს ღირებულებებს

* ვპატიობ სხვა ადამიანებს, რომ არ აღმოჩნდნენ ისეთები და არ მოიქცნენ ისე, როგორც მე მოველოდი მათგან

* ვპატიობ და ბოლომდე ვთავისუფლდები!

P.S. შენ, ალბათ, გაინტერესებს, როგორ დასრულდა ტოგიანი კაცის გამოსვლა: – მიხარია, თუკი ეს სიზმარი დაგეხმარება სხვებისა და საკუთარი თავის მიტევებაში, თუარადა I’ll be back! 😉

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

(2014 წელი)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply