როგორ მოიქცე, რომ არასოდეს წააგო?! – დარიგება დისშვილს

1

ტრენინგის დროს, დარბაზში რომ დავსვა კითხვა: „ვის უნდა, იყოს ყოველთვის გამარჯვებული?!“, ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა აიწევს ხელს და რაკი ეს პოსტი წასაკითხად გახსენი, მეგობარო, ე.ი. შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიარო ნაწყვეტი ერთი დიალოგიდან, ვიმედოვნებ, დაგაფიქრებს და გამოგადება, რაც მე მთელი გულით მინდა!!!

თბილისის სიცხეს (უჰ, მგონი საჰარაში უფრო გრილა…) გამოქცეული წაღვერში ჩემი სახლის აივანზე გულს ვიგრილებდი, თან ეზოში შეკრებილ ბავშვებს ვაკვირდებოდი. სათამაშოდ ემზადებოდნენ, რომ, მოულოდნელად, ჩემმა უსაყვარლესმა დისშვილმა სანდრომ (სანიჩკას ვეძახი), თამაშზე უარი განაცხადა და უბრალო დამკვირვებლობა/მაყურებლობა არჩია.

სხვების თანდასწრებით არაფერი ვუთხარი (ბავშვებისთვის ძალიან მძიმე გადასატანია, როცა სხვების თანდასწრებით „საქმეს ურჩევ“), სამაგიეროდ, საღამოს, როდესაც ნაძვნარში გავისეირნეთ, ვკითხე:

–        სან, რატომ თქვი უარი ბავშვებთან თამაშზე?

–        ისე, უბრალოდ, არ მინდოდა…

–        ადრეც შემიმჩნევია, რომ ასე მოიქეცი… თამაშზე იმიტომ ამბობ უარს, რომ გეშინია არ წააგო?!

წამით დაფიქრდა, შემომხედა და მიხვდა, რომ კარგად ვიცოდი მისი მდგომარეობა და გაეღიმა, საიდან იციო…

–   მეც ეგრე ვიყავი, ჩემო ბიჭო, აბა, საიდან მეცოდინებოდა?! დაფიქრდი, როცა უარს ამბობ, თვლი, რომ თუ არ ითამაშებ, წაგებას გადაურჩები და დამკვირვებლის როლიდან თავს უსაფრთხოდ იგრძნობ?! როცა პატარა ვიყავი, მეც ასე ვამბობდი ხშირად უარს თამაშზე, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიქცეოდი ასე, მაგრამ შემდეგ რომ დავუფიქრდი, უბრალოდ, წაგებას ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს… უბრალოდ, წაგება იმდენად სამარცხვინო და მტკივნეული რამ იყო, მერჩივნა თამაშგარე ვყოფილიყავი საერთოდ, შენც გაქვს ხოლმე ასეთი განცდა?!

თანხმობის ნიშნად, თავი დამიქნია.

–         იცი, იყო პერიოდი, როცა მიკვირდა, რატომ ნერვიულობდნენ მოთამაშეები ასე, რატომ ჩხუბობდნენ და აპროტესტებდნენ ყოველ ქულას, მიკვირდა, რაში სჭირდებოდათ მათ ამდენი ნერვიულობა, როდესაც შეეძლოთ, უბრალოდ, გვერდიდან დაკვირვებოდნენ თამაშს და თავი მშვიდად და უსაფრთხოდ ეგრძნოთ… როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ თუ ითამაშებ, შეიძლება მოიგო ან წააგო, მაგრამ თუ არ ითამაშებ, ავტომატურად წაგებული ხარ!

თუკი ითამაშებ და წააგებ, დაფიქრდები: – რა გავაკეთე არასწორად?! სად იყო შეცდომა?! რა უნდა გამოვასწორო?! ეს დაფიქრება დაგეხმარება, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო და მომდევნო თამაშზე შეიძლება კვლავ წააგო, მაგრამ წააგო უკეთესად, ეს ისევ დაგაფიქრებს, ისევ დაგეხმარება გაუმჯობესებაში და უფრო მიუახლოვდები მოგებას! გამოდის, რომ წაგება შენი მეგობარია, ხოლო გამარჯვება – შენი დამსახურებული საზღაური… წაგება გეხმარება გახდე უკეთესი, მოგება შედეგია იმისა, რომ მარცხში შესაძლებლობა დაინახე და გამოიყენე… მიხვდი?!

რათქმაუნდა, მიხვდა… ეს არ არის ჩვენი პირველი სერიოზული საუბარი, ამიტომაც არ უჭირს ასეთი სიღრმის აღქმა, უცებ, მოიღუშა და მეუბნება:

–        კი, მაგრამ, თუ წავაგებ, დამცინებენ…

–        ჰო, ასეც ხდება, რადგან მათ ეშინიათ, არ მოძლიერდე, ამიტომ მუდმივად ჩაგჩიჩინებენ, რომ წაგებული შენ ხარ, ხოლო ისინი მოგებული, რომ მომდევნო თამაშზეც ასე იყოს… ისინი გეტყვიან, რომ შენ სუსტი ხარ და არაფერი გამოგდის, რომ ამით საკუთარი უპირატესობა გაგრძნობინონ, მაგრამ ისინი ამ მიდგომით ვერასოდეს გახდებიან უკეთესები, შენ კი შეგიძლია მარცხიც კი შენს სასარგებლოდ გამოიყენო, ხოლო ისინი შიშს ჰყავს შეპყრობილი, რომ არ წააგონ მომდევნო თამაშებზე, ამიტომ ეცდებიან ხშირად შეგახსენონ, როგორ მოგიგეს გუშინ, წინა კვირას ან წინა წელს… ისინი იცხოვრებენ წარსული გამარჯვებებით, ხოლო შენ ყველა სიტუაციაში დაინახავ შესაძლებლობას და გამოიყენებ მას განვითარებისთვის… ეს არ ნიშნავს, რომ შენ ისინი შეიძულო ან მოწინააღმდეგეებად გამოაცხადო… ეს თამაშია, უბრალოდ თამაში… ადამიანების უმრავლესობა დამკვირვებლის როლს ისე ერგება, მთელი ცხოვრება დამკვირვებლად რჩება და ვერც კი ხვდება, როგორ „ჩაუწუილებს“ ხოლმე უამრავი შესაძლებლობა და ის ისევ თამაშგარეთაა… „ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს მოვკვდებით და ისე ვკვდებით, თითქოს არასოდეს გვიცხოვრია“…

–        ხან მოვიგებ და ხან წავაგებ, წაგება და მოგება ძმები არიანო, ხომ? – გაიკრიჭა ჩემი ბიჭი.

–        ჰო… – გამეცინა მეც, – ოღონდ ისინი, ვინც ამას თავის დროზე გვეუბნებოდნენ, თვითონ ნერვიულობენ იმის გამო, რომ არ წააგონ :)))… ანუ, რა უნდა გააკეთო, რომ არ წააგო?! პირველ რიგში უნდა ჩაერთო თამაშში… გახსოვს, რა გითხარი მაიკლ ჯორდანზე?!

–        კი, მახსოვს, 9000–ჯერ ააცილა ბურთი მიზანს, წააგო 300 მატჩი, 26–ჯერ ააცილა, როცა მატჩის ბედი მასზე იყო დამოკიდებული…

გამიკვირდა, როგორ დაუმახსოვრებია… გაიგო… ყველაფერი გაიგო ჩემმა პატარა ბიჭმა…

ჩვენ, დიდები, ხშირად არ ვუკვირვებით ბავშვების ქცევების მიზეზებს და გვგონია, რომ „გაიზრდება და გაუვლის“, მაგრამ ასე არ არის… ბავშვებს არ ეშინიათ მარცხის! როცა პატარა ფეხზე გავლას სწავლობს და ეცემა, ის ავტომატურად დგება და ისევ ცდილობს, მანამ არ გამოუვა – წაგების სიძულვილსა და შიშს დიდები ვუნერგავთ ჩვენი შიშით და ჩავაგონებთ, რომ შეცდომის დაშვება ცუდია, სისუსტეა, რომ მარცხი ცუდია და ისინი სწავლობენ დამკვირვებლის რიგებში გადაინაცვლონ, რადგან ჩვენ ვასწავლეთ, რომ ეს „უსაფრთხო“ ზონაა…

უბრალოდ, ჩაერთე „თამაშში“, სახელად ცხოვრება და თუკი არასოდეს დანებდები, გარანტირებული გაქვს გამარჯვება…

სანიჩკას წავაკითხე ეს პოსტი გამოქვეყნებამდე… ღიმილით ჩაიკითხა და მითხრა, მაგარია, ამით სხვებსაც დაეხმარებიო :))) … ისე, შემდეგ წავიდა და იჯდა მთელი საღამო კალმითა და რვეულით, რამე სასარგებლო წიგნი უნდა დავწეროო… :)))))…

P.S. სასაგებლო იყო შენთვის ეს პოსტი, თუ ტყუილად ვიბოდიალე? :)) გამიზიარე შენი მოსაზრებები კომენტარებში…

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Discussion1 კომენტარი

  1. ,,ვიღაც იგებს და ვიღაც არ იგებს…
    რაშია საქმე?-განა ამაში?-
    განგება ჭრის და და ბედი არიგებს,
    თვითონ ცხოვრება არის თამაში”

    (მამუკა სალუქვაძის ,,ბანქოს მოთამაშეებიდან”

Leave A Reply