როგორ ვუპასუხოთ ანაზღაურების შესახებ დასმულ შეკითხვას?

0

დამეთანხმებით და გასაუბრებაზე ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული თემაა. ამიტომაც, კარგი იქნება, გასაუბრებამდე თუ გადახედავთ პოტენციური დამსაქმებლის სახელფასო პირობებს, გაარკვევთ საშუალო ანაზღაურების ოდენობას, რომელსაც ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულებს უხდიან და რაც მთავარია, სწორად ჩამოყალიბდებით საკუთარ საჭიროებებსა და მოთხოვნებში.

როგორია თქვენი მოლოდინი ანაზღაურებასთან დაკავშირებით?

კარგი შესაძლებლობები, საჭირო გამოცდილება და შესაბამისი ანაზღაურება არის ის ძირითადი ფაქტორები, რასაც ნამდვილი პროფესიონალები ეძებენ. როდესაც გასაუბრებაზე ხელფასის შესახებ კითხვას დაგისვამენ, ნუ დაასახელებთ ზუსტ ციფრს. ეცადეთ იყოთ დიპლომატიური, ჰკითხეთ მათ, თუ რა პასუხისმგებლობას და სარგებელს სთავაზობენ ისინი თქვენი მსგავსი განათლების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

თუ დამქირავებელი კვლავ აარიდებს თავს ზუსტი პასუხის გაცემას, კონცენტრირება მოახდინეთ ხელფასის იმ საშუალო ოდენობაზე, რომელსაც ადრე გამოიმუშავებდით ან ანაზღაურებაზე, რომელსაც მსგავსი პოზიციის ადამიანები იღებენ საშუალოდ. ამგვარი ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვნოთ დასაქმების პორტალებსა და სოციალურ ქსელებში.

რას გამოიმუშავებდით წინა სამსახურში?

ხაზი გაუსვით, რას გიხდიდნენ წინა სამსახურში (ან თუ დასაქმებული ხართ, რას გიხდიან მიმდინარე სამსახურში). ამ გზით თქვენ მიანიშნებთ დამსაქმებელს იმ სავარაუდო ზღვარის შესახებ, რომლის ქვემოთაც შემოთავაზებულ ანაზღაურებას არ დათანხმდებით.

ხელფასი მთავარია?

პირველ რიგში, ნუ გააგზავნით რეზიუმეს ვაკანსიაზე, სადაც მხოლოდ ხელფასის გამო იმუშავებთ. გასაუბრებაზე კი შეეცადეთ არ შექმნათ შთაბეჭდილება, რომ ანაზღაურება თქვენთვის მთავარი კრიტერიუმია. ეცადეთ ხაზი გაუსვათ იმ სამუშაო ფაქტორებს, რომელთა გამოც მზად ხართ დაივიწყოთ “უფრო მაღალი” ხელფასი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply