“როგორ ვიცხოვროთ სასიამოვნო ცხოვრებით” ეპიკურეს წერილი მენოიკევსს

0

არც ახალგაზრდა უნდა აყოვნებდეს და არც მოხუცი უნდა იღლებოდეს ფილოსოფოსობით, რადგან სულის სიჯანსაღე არავისთვის არ არის არც ნაადრევი, არც გვიანი. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ ჯერ არ დამდგარა ან გავიდა დრო ფილოსოფოსობის დაწყებისთვის, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერების დრო არ დამდგარა ან გავიდაო. ასე რომ ფილოსოფიით, როგორც ახალგაზრდა ისე მოხუცი უნდა იყოს დაინტერესებული. პირველი იმიტომ, რათა მოხუცებულობისას ახალგაზრდად დარჩეს წარსული სიამოვნების გახსენებით გამოწვეული სიკეთით, მეორე კი იმიტომ, რომ იყოს ერთსა და იმავე დროს ახალგაზრდაც და მოხუციც მომავლის წინაშე უშიშროებით. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რაც ბედნიერებას იწვევს, რაკი მისი ქონებისას ყოველივე გვაქვს, ხოლო მისი არქონებისას ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ის მოვიპოვოთ.

რასაც გირჩევდი განუწყვეტლივ, ის გააკეთე და იმაზე იზრუნე. ამავე დროს გახსოვდეს, მშვენიერი ცხოვრების ელემენტები ესენია: პირველი, ღმერთი ჩათვალე უკვდავ და ნეტარ არსებად, როგორც აღბეჭდილია ზოგადი წარმოდგენა ღმერთებზე ადამიანის გონებაში და ნუ მიაწერ მას ნურც მისი უკვდავებისთვის უცხოს, ნურც მისი ნეტარებისთვის შეუფერებელ რამეს. წარმოიდგინე მის შესახებ ყველაფერი, რასაც შეუძლია დაიცვას მისი უკვდავება და ხელშეუხებლობა. ღმერთები, მართალია, არსებობენ, სავსებით ნათელია ცოდნა მათ შესახებ, მაგრამ ისინი ისეთნი არ არიან, როგორიც ბრბოს წარმოუდგენია, რადგან მათ წარმოდგენაში არსებული ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ. ხოლო უღმერთო ის კი არ არის, ვინც უარყოფს ბრბობს ღმერთებს, არამედ ის, ვინც ღმერთებზე ბრბოს წარმოდგენას იზიარებს. დაკვირვებაზე დამყარებული ცნობები კი არა, ყალბი წარმოდგენებია ის, რასაც ბრბო ღმერთებზე ამბობს, რომ ღმერთები ბოროტებს დიდ ვნებას მიუზღვავენ, ხოლო კეთილებს სარგებელსო. ეს არავინ იცის.

მიეჩვიე იმ აზრს, რომ სიკვდილი ჩვენ სრულიად არ გვეხება, რადგან ყოველი კარგი და ავი შეგრძნებაშია, ხოლო სიკვდილი არის შეგრძნებათა დაკარგვა. ამიტომ სწორი შემეცნება იმისა, რომ სიკვდილი ჩვენ სრულიად არ გვეხება, სასიამოვნოდ აქცევს სიცოცხლის წარმავლობას – არა მისი დაუსრულებელი გახანგძლივებით, არამედ ჩვენი განთავისუფლებით უკვდავების სურვილისაგან. არაფერი არ არის საშიში იმის ცხოვრებაში, ვინც ჭეშმარიტად მისწვდა გონებით, რომ არსებობაში საშიში არაფერია. ამიტომ უგუნურია ის, ვინც ამბობს, რომ სიკვდილის მას იმიტომ კი არ ეშინია, რომ იგი დაიტანჯება მაშინ, როცა სიკვდილი უკვე მოსული იქნება, არამედ იმიტომ, რომ იტანჯება იმით, რომ ელის სიკვდილს, ვინაიდან, თუ რამე არ გვაწუხებს იმით, რომ არსებობს, ტყუილ-უბრალოდ ვწუხვართ, რომ მოსალოდნელია იარსებოს.

ამრიგად, ბოროტებათაგან ყველაზე უსაშინლესი – სიკვდილი ჩვენ სრულიად არ გვეხება, რადგან როცა ჩვენ ვართ სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც სიკვდილი არის, ჩვენ აღარ ვართ. ასე რომ, იგი სრულიად არ ეხება არც ცოცხლებს და არც მკვდრებს, რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს, მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ.

ბრბო კი გაურბის სიკვდილს, როგორც უდიდეს ბოროტებას, ხან კი ძლიერ სურს იგი, როგორც ცხოვრების ბოროტებათა შეწყვეტა. ბრძენი კი არც სიცოცხლეს გაურბის და არც სიკვდილისა ეშინია, რადგან სიცოცხლე მას არ ამძიმებს, არც სიკვდილი ესახება მას დიდ ბოროტებად. ისევე როგორც უპირატესობას აძლევს იგი არა ყველაზე დიდი რაოდენობის საჭმელს, არამედ ყველაზე სასიამოვნოს, ასევე ტკბება იგი არა ყველაზე გრძელი, არამედ ყველაზე სასიამოვნო დროით.

ხო ის, ვინც მოუწოდებს ახალგაზრდას მშვენიერი ცხოვრებისკენ, ხოლო მოხუცს კი მშვენიერი სიკვდილისკენ სულელია არა იმიტომ, რომ სიცოცხლე სასურველია, არამედ იმიტომაც, რომ ზრუნვა, როგორც მშვენიერ სიცოცხლესა და სიკვდილზე ერთი და იგივეა. გაცილებით უარესია ის, ვინც ამბობს, კარგი იქნებოდა არ დავბადებულიყავით, “მაგრამ რადგან დავიბადეთ, რაც შეიძლება მალე უნდა გადაგვევლო ჰადესის ზღურბლი”. ის თუ ამას რწმენით ამბობს, რატომ არ ტოვებს ცხოვრებას? ეს ხომ მის ხელთაა, თუ მას ეს მართლაც მტკიცედ გადაუწყვეტია. მაგრამ თუ დაცინვით ამბობს, უგნურად იქცევა იქ, სადაც ეს დაუშვებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი არც ჩვენია, არც სრულიად არაა ჩვენი, რათა სრული რწმენით აღარ ველოდეთ, რომ იგი დადგება და არც უიმედოდ ვფიქრობდეთ, რომ სრულიად არ დადგება.

დაფიქრებას მოითხოვს ისიც, რომ სურვილთაგან ზოგი ბუნებრივია, ზოგი კი ფუჭი. ბუნებრივთაგან ზოგი აუცილებელია, ზოგი კი მხოლოდ ბუნებრივი. აუცილებელთაგან ზოგი ბედნიერებისთვისაა საჭირო, ზოგი სხეულის სიმშვიდისათვის, ზოგი კი თვით სიცოცხლეს ასაზრდოებს. უცთომელი დაკვირვება ყოველივე ამაზე გვასწავლის, რომ ჩვენ ვეტანებოდეთ ან გავურბოდეთ რასმე მხოლოდ სხეულის ჯანმრთელობისა და სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, რადგან ეს არის ბედნიერი ცხოვრების მიზანი. ჩვენ ხომ ყოველივეს იმისთვის ვაკეთებთ, რათა არ განვიცდიდეთ არც ტკივილს, არც შიშს. როდესაც ჩვენ მივაღწევთ ყოველივე ამას, მაშინ მოეღება ბოლო სულიერ ღელვას, რადგან ცოცხალ არსებას აღარ დასჭირდება მიმართოს რაიმეს ნაკლებობის გამო და ეძებოს რაღაც სხვა, რაც სულისა და სხეულის სრულ სიკეთეს იწვევს. ჩვენ ხომ მაშინ გვჭირდება სიამოვნება, როცა მისი არარსებობა გვტანჯავს, ხოლო როდესაც არ ვიტანჯებით სიამოვნება აღარ გვჭირდება. ამიტომ ვამბობთ, რომ ბედნიერი ცხოვრების თავი და ბოლო არის სიამოვნება. ჩვენ სიამოვნება მივიჩნიეთ პირველ და თანდაყოლილ სათნოებად. მისგან ვიწყებთ ჩვენ ყოველგვარ არჩევანსა და დაწუნებას და მასვე ვუბრუნდებით, როდესაც ვმსჯელობთ ყოველ სიკეთეზე გრძნობით, როგორც წესით.

და რადგან ის არის პირველი და თანდაყოლილი სიკეთე, ამიტომ ჩვენ არ ვირჩევთ ყოველგვარ სიამოვნებას და გვერდს ვუვლით მრავალს, რადგან მათ შეიძლება მოსდევდეს ჩვენთვის უფრო მეტი სიამოვნება. მრავალ ტანჯვას კი სიამოვნებას ვამჯობინებთ, როდესაც მას უფრო მეტი სიამოვნება მოსდევს ჩვენთვის მას შემდეგ, რაც დიდხანს ვიტანდით უსიამოვნებებს. ამრიგად, ყოველი სიამოვნება იმის გამო, რომ მას ჩვენი მონათესავე ბუნება აქვს, არის სიკეთე, მაგრამ ყველა არაა ასარჩევი, ისევე როგორც ყოველი უსიამოვნება არის ბოროტება, მაგრამ ყველას არ უნდა გავურბოდეთ ყოველთვის.

თავისით კმაყოფილებას იმიტომ კი არ ვთვლი უდიდეს სიკეთედ, რომ ყოველთვის მცირედი გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ როცა ბევრი არ გვექნება, მცირეთი დავკმაყოფილდეთ. როცა დაძლეული გვაქვს ნაკლებობით გამოწვეული ყოველი ტანჯვა, უბრალო საკვები ისეთსავე სიამოვნებას გვანიჭებს, როგორსაც ძვირფასი. პური და წყალი უდიდეს სიამოვნებას გგვრიან, თუ მათ მაშინ მივიღებთ, როცა მოთხოვნილება გვაქვს. უბრალო და იაფფასიანი საკვების მიღება არა მხოლოდ სრულს ჯანმრთელობას გვანიჭებს, არამედ ცხოვრების აუცილებლობის დაკმაყოფილების საქმეში ადამიანს გაბედულსა ხდის, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მიღებული ფუფუნებისადმი საუკეთესო განწყობილებას გვიქმნის და უშიშარს გვხდის შემთხვევათა ცვალებადობის მიმართ.

როდესაც ვამბობთ, რომ სიამოვნება არის მიზანი, ვგულისხმობთ არა უზნეო ადამიანების სიამოვნებას და იმ სიამოვნებას, რომელიც განცხრომაში მდგომარეობს, როგორც ასე ზოგიერთი მსჯელობს, ვინც არ იცის და არ გვეთანხმება ან ცუდად გაუგია, არამედ ვგულისხმობთ სხეულის უტანჯველობას და სულის უშფოთველობას.

სასიამოვნო ცხოვრებას ჰქმნის არა განუწყვეტელი ქეიფი და დროსტარება, არა ტკბობა ბიჭებთან და ქალებთან ურთიერთობით, თევზით და სხვა საჭმელებით, რასაც მდიდრული სუფრა იძლევა, არამედ საღი აზროვნება, რომელიც არკვევს ყოველი მიღებისა და უარყოფის მიზეზებს და განდევნის ყალბ წარმოდგენებს, რომელთა გამო სულს უდიდესი ღელვა მოიცავს ხოლმე.

ყოველივე ამის საწყისი და უდიდესი სიკეთე არის კეთილგონიერება. ფილოსოფიაზეც კი უფრო ძვირფასია კეთილგონიერება, რომლიდანაც წარმოიშვა ყველა სათნოება. იგი მიგვითითებს რომ არ შეიძლება სასიამოვნოდ ცხოვრება, თუ არ ცხოვრობ გონიერად, ზნეობრივად და სამართლიანად და პირუკუ, არ შეიძლება გონიერად, ზნეობრივად და სამართლიანად იცხოვრო, თუ არ ცხოვრობ სასიამოვნოდ. ეს სათნოებანი დაკავშირებული არიან სასიამოვნო ცხოვრებასთან და სასიამოვნო ცხოვრება მათგან განუყრელია. რადგან ვის დაასახელებ იმ კაცზე უკეთესს, ვინც მოწიწებით იხსენიებს ღმერთებს, ვისაც არასოდეს ეშინია სიკვდილისა, ვინც შეიცნო ბუნების მიზანი და გაიგო, რომ უმაღლესი სიკეთე ადვილად ხელმისაწვდომი და შესასრულებელია, ხოლო უდიდეს ბოროტებას ხანმოკლე აქვს ან ტანჯვა, ან არსებობა… ვინც დასცინა ბედისწერას, რომელიც ზოგიერთი ყოველივეს მეუფედ თვლის.

ბრძენის აზრით, ზოგი მოვლენა აუცილებლობით ხდება, ზოგი შემთხვევით, ზოგი ჩვენს მიერ არის გამოწვეული, რადგან ის ხედავს, რომ აუცილებლობა შეუზღუდავია, შემთხვევა არამყარი, ხოლო ჩვენგან გამოწვეული კი არ ემორჩილება ამ მეუფეს. ბუნებრივია, რომ მას თან სდევს როგორც ძაგება, ისე საწინააღმდეგო – ქება. ამიტომ უკეთესი იქნებოდა გავყოლოდით მითს ღმერთების შესახებ, ვიდრე ფიზიკოსების ბედისწერას დავმონებოდით. პირველი იმედს მაინც გვიტოვებს, მეორე კი შეიცავს შეუბრალებელ აუცილებლობას.

ბრძენი შემთხვევას არ თვლის ღმერთად, როგორც ბრბოს ჰგონია (რადგან ღმერთი უწესრიგოდ არაფერს აკეთებს), არც ყოველივეს მერყევ მიზეზად (რადგან ფიქრობს, რომ მისგან ეძლევა კაცს ბედნიერი ცხოვრებისთვის სიკეთე და ბოროტება), არამედ ფიქრობს, რომ მისგან გამომდინარეობს დიდი სიკეთისა და ბოროტების საწყისები. ის თვლის, რომ უკეთესია გქონდეს გონება და უბედური უყო, ვიდრე არ გქონდეს გონება და ბედნიერი იყო. მართლაც, უკეთესია, რომ სწორად შერჩეული დამარცხდეს, ვიდრე ცუდად შერჩეულმა პრაქტიკულ ცხოვრებაში მიაღწიოს წარმატებას შემთხვევის გამო.

დღე და ღამე იფიქრე ამაზე და ამის მაგვარზე, მარტომ და შენს მსგავსთან ერთად და აღარასოდეს იღელვებ, არც ძილში და არც ღვიძილში, არამედ იცხოვრებ, როგორც ღმერთი კაცთა შორის. მართლაც სრულიად არ ჰგავს მოკვდავ სულიერს კაცი, რომელიც ცხოვრობს უკვდავ სათნოებათა შორის.

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply