როგორ დავიკლოთ წონაში ტანჯვის გარეშე?! – ფსიქოლოგიური საკითხავი

0

ეპიგრაფის მაგიერ: – მაინც დავიკლებ! – ვთქვი მე და ანერვიულებულმა შავი შოკოლადის ნატეხი ჩავწუწნე… :))

ჭარბ წონასთან დაკავშირებით ხშირად მიწევს ხოლმე რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაცემა და ძალიან კარგად მესმის, რა განცდებთან არის დაკავშირებული, როდესაც მტანჯველ დიეტაზე ხარ (რომლის დაცვა პირადად მე საერთოდ არ შემიძლია) და დაძაბული ელოდები შედეგს, ხოლო ის სულ უფრო აგვიანებს. ამას ერთვის მუდმივი ნერვული დაჭიმულობა და მოკლედ – დიეტა რომ ტანჯვასთან არის ასოცირებული, ეს ჩემი აღმოჩენა ნამდვილად არ არის :)))…

ამას წინათ მეგობარმა შემომჩივლა: – რა გავაკეთო, რომ დიეტის დროს ტორტის ნაჭერი არ მელანდებოდეს?! დავიტანჯე, სულ საჭმელზე ვფიქრობ, ზოგჯერ მოთმენა ჩემს ყველანაირ ძალებს აღემატება!

გული დამეწვა, ძალიან საყვარელი იყო, როცა ამას მეუბნებოდა :)… ვიფიქრე, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის აქტუალური თემაა, ამიტომაც გადავწყვიტე ამაზეც დამეწერა …

ჩემო გოგო, შენ არ ხარ ვალდებული, უბრალოდ არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, რომ გამოიყურებოდე სხვანაირად! – ვუთხარი მას: – უდავოდ არის მიმზიდველობა და მომხიბვლელობა შენს ფორმებში! როცა ქუჩაში მიდიხარ აჩრდილივით კი არ მიაბიჯებ, არამედ ტემპერამენტიანად მიგოგმანებ და ეს ყოველთვის შესამჩნევია! შეიძლება შენ გგონია, რომ თუ 2, 5, 10 ან 50 კილოგრამით ნაკლები იქნები, უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს, მაგრამ შენ არ შეგიძლია იყო უფრო ბედნიერი, ვიდრე ხარ ახლა, ამ მომენტში!

შენ გჭირდება უფრო მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ!!! ნუ მოგერიდება, დადექი სარკესთან და მთელი გულით უთხარი შენს თავს: – მე შენ მიყვარხარ! თუ შენ საკუთარი თავის სიყვარულიც კი არ შეგიძლია, რატომ მოითხოვ ამას სხვებისგან?! როცა ნამდვილად გიყვარს საკუთარი თავი, ნებისმიერი შენი ფორმა, ზომა თუ წონა შენს სასარგებლოდ მუშაობს! ჩემი უსაყვარლესი ფსიქოლოგი ლუიზა ჰეი ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი თავი, არ შეიძლება ატარებდეს ზედმეტ კილოგრამებს (არ დამიწყო ახლა მორალის კითხვა, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი – ეს ნარცისიზმია, რადგან ამ ორ ცნებას ბევრი არაფერი აქვს საერთო…:))) )).

გამოსავალი საკუთარი თავის სიყვარულშია! როცა ფიქრობ მიზანზე, რისი მიღწევა გინდა, სრულიად შეიგრძნობ ყველა მიღწევას, შენ ასოცირებას ახდენ მიზანთან და უკვე ხედავ საკუთარ თავს უფრო მოხდენილს, უფრო ლამაზს, უფრო სასურველს!!! მე მყავს უსაყვარლესი მეგობარი, რომელსაც არაჩვეულებრივი მოდელის ფოტო აქვს გაკრული და გეგმავს, რომ როდესაც მიიღებს სასურველ შედეგს, სწორედ იმ კოსტიუმს მოირგებს, რაც სურათზეა და მე ვამაყობ მისი ასეთი შემართებით და სულ ვეფერები: – ჩემო მოხდენილო, ჩემო კოხტავ, ჩემო კეკლუცო! შეაქე ასე საკუთარი თავი, შეაქე ყოველთვის, ისე, რომ თავი ღირსეულად იგრძნო, მერწმუნე – შენ ამას იმსახურებ!!! შენ იმსახურებ იგრძნო თავი საუკეთესოდ და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია!

ნუ ადანაშაულებ საკუთარ თავს ნურაფერში! მერე რა, რომ ამ საღამოს მაინც დაგცდა ხელი ნამცხვარზე? ამის გამო ხვალ ნუ დასჯი საკუთარ თავს სრული შიმშილით! ორგანიზმის ასეთი დასტრესვა ძვირად დაგიჯდება! არ არსებობს სიტყვა “არ შემიძლია” ან “მეზარება”, უბრალოდ არ გჯერა საკმარისად საკუთარი ძალების და არ გაქვს ძლიერი მიზანი, თორემ შეგიძლია! შეგიძლია! შეგიძლია!

იყო ბედნიერი – ეს პროცესია, დატკბი შენი ყოველდღიური მოქმედებებით, შეაქე საკუთარი ყოველ პატარა მიღწევაზე, არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდე, თუ რაიმე ისე არ მოხდება, როგორც გინდოდა და როგორც ელოდი!

ხშირად ვხედავ, რომ ადამიანს მიუთითებენ ჭარბ წონაზე და უწყებენ ათასგვარი დიეტისა თუ ვარჯიშის აგიტაციას და უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ჭარბწონიანმა ადამიანმა თავადაც ბრწყინვალედ იცის, რომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრას და ვინმეს მითითება კი არა, მხარდაჭერა და მოფერება სჭირდება, მას უსაშველოდ სჭირდება რწმენა,რომ ის შეძლებს, ამიტომ თუ გინდა სიკეთე გაუკეთო შენს ახლობელს – შთააგონე, რომ მას აუცილებლად გამოუვა!!!

შენ აუცილებლად გამოგივა, ჩემო კარგო, აუცილებლად! აუცილებლად! აუცილებლად!

მე მჯერა შენი!

P.S. გქონია ოდესმე მსგავსი პრობლემა? რამდენად ახლოს იყო ჩემ მიერ აღწერილი სიტუაცია შენს მდგომარეობასთან და განცდებთან? რამდენად გაგიადვილდებოდა პირადად შენ მიზნის მიღწევა, თუკი გეცოდინებოდა, რომ ვიღაცას ძალიან სჯერა, რომ შენ გამოგივა?

P.P.S. გაწუხებს ეს პრობლემა? გინდა გაგამხნევო? მომწერე – არ დავიზარებ!

კალორიული სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply