როგორ გაება ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ხაფანგ(ებ)ში

0

რამდენიმე თვის წინ ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდებოდა, ხელისუფლება მარცხს ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე აღიარებდა და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადასვლას გამოაცხადებდა. მაგრამ თუ დეტალურ ანალიზს მოვახდენთ დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი იყო იმ ქმედებების ლოგიკური შედეგი, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა თავად ახორციელებდა. თუმცა მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

ხაფანგი #1 შიში
ხმები საჯარო მოხელეთა პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამდებობებიდან გათავისუფლების, ასევე მეწარმეთა დევნის შესახებ შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო, მაგრამ აშკარაა რომ საჯარო მოხელეთა დიდი უმრავლესობა და არა მარტო ისინი, მაქსიმალურად ერიდებოდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეხედულებების გამოხატვას, რაც ყველაზე კარგად სოციალურ ქსელებში ჩანდა. ანუ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი არ აღიარებდა და არ საუბრობდა ღიად ოპოზიციისადმი ლოიალობის შესახებ. ეს ყველაფერი კი აისახებოდა იმ პოლიტიკურ კვლევებში რომლებსაც ყველაზე ხშირად სწორედ თავად ნაციონალური მოძრაობა ატარებდა საკუთარი კოორდინატორების მეშვეობით.  მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საკუთარი თუ ოჯახის წევრის სამუშაოს დაკარგვის შიშით მათ უცხადებდნენ, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობს უჭერდნენ, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა ხშირად ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. 

 
ხაფანგი #2 კომპრომატები
მიუხედავად იმისა, თუ ვისი ბრძანებით ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამება აშკარაა, რომ ამ ყველაფრის ფირზე ასახვა სისტემატურ ხასიათს ატარებდა. ეს ერთგვარ ფსიქოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა მათ წინააღმდეგ ვისი წამებაც ხდებოდა, დამეთანხმებით, მიუხედავად ყველაფრისა არცერთი პატიმარი, რომელიც ასახულია ამ კადრებზე არ ისურვებდა მათ გასაჯაროებას, შესაბამისად ეს ფირები წარმოადგენდა პატიმრებზე ზემოქმედების ერთერთ ბერკეტს. ანუ ეს რეალურად ფიქსირდებოდა რათა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ ყოფილიყო ამ პატიმართა წინააღმდეგ, თუმცა როგორც ყველამ ვნახეთ მოხდა პირიქით.
ამას გარდა პარლამენტის წინაშე სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის წარდგენის შემდეგ უმრავლესობას ჰქონდა შესაძლებლობაა, როგორც მინიმუმ არ დაეწყო თავის მართლება, გამოემჟღავნებინა მცდელობა ან თუნდაც სურვილი სიტუაციის შესწავლისა და გამოსწორების. თუმცა ეს მან არ გააკეთა რაც საბოლოოდ ძალიან ძვირად დაუჯდა. 

 
ხაფანგი #3 მმართველობა
ახალი კონსტიტუციის თანახმად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგი პრეზიდენტი უფლებამოსილებებისა გადადის პრემიერ-მინისტრზე. შესაბამისად სწორედ პრემიერ-მინისტრი ხდება ქვეყნის მმართველობაში მთავარი ფიგურა. როდესაც მმართველობის მსგავსი ფორმა შეირჩა ბევრი ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თავისთვის ამზადებდა. ასე იყო ეს თუ არა ალბათ უკვე ვეღარ გავიგებთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ეს მოდელი მმართველ პარტიას მეტ შანს აძლევდა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, რადგანაც თუ პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია მთელი ქვეყნის მაშტაბით მინიმუმ 50%+1 ხმის მიღება პრემიერ-მინისტრის თანამდებობის აღება შესაძლებელი იქნებოდა ამის გარეშეც თუ მოხდებოდა ის რასაც ნაციონალური მოძრაობა პროპორციული შედეგების პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ იმედოვნებდა, ანუ  რეგიონებში გამარჯვებული მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვებდა უმრავლესობას. თუმცა ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად 2013 წლიდან ყველა იმ უფლებით, რომლებიც ენიჭება პრემიერ მინისტრს ისარგებლებს ქართული ოცნების კანდიდატი, ხოლო საპრეზიდენტო არჩენვებში ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას უკვე აღარ ექნება ის ბერკეტები, რომელთა საშუალებითაც დღეს პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია. 

 
ხაფანგი #4 კონსტიტუციური უმრავლესობა
2012 წელს პარლამენტმა კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური უმრავლესობა  2/3 –ს ნაცვლად განისაზღვრა 3/4–ით. ამ ფაქტს ზოგიერთი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ხსნიდა, ზოგიც ნაც. მოძრაობის მხრიდან ქართული ოცნების უმრავლესობაში მოსვლის შიშით, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეს შიში ნაკლებად იგრძნობოდა, პირიქით ისინი მიანიშნებდნენ, რომ მიუხედავად ამ ცვლილებისა მაინც მოახერხებდნენ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის მოგროვებას, თუმცა მოგვიანებით როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს თავი დაეზღვიათ და ზემოაღნიშნული მუხლს მიეწერა, რომ ის ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდოდა. ანუ  თუ 2012 წლის საპარალმენტი არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ვერ მოიპოვებდა 3/4–ს მას 2013 წლამდე ექნებოდა საშუალება კონსტიტუციაში ცვლილებები კვლავაც 2/3–ს მხარადაჭერით განეხორციელებინა. თუმცა უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, შესამაბასად მას ახლა საჭიროების შემთხვევაში უფრო ნაკლები პარლამენტარის „გადმობირება“ დასჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად ან თუნდაც პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად.
საბოლოოდ გამოჩნდა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გარჩევამ, საპატიმროებში არსებულმა სიტუაციამ, ქვეყნის მმართველობისა და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებამ სწორედ იმ ძალის წინააღმდეგ იმუშავა, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებდა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს მომავალ ხელისუფალთათვის.
ლევან ნიშნიანიძის ანალიზი

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply