რევაზ ინანიშვილის “ნამცეცებად გაბნეული სიკეთე”

0

ჩვენმა მკითხველებმა მოგვაწოდეს იდეა, რომ სტატია რეზო ინანიშვილზე გაგვეკეთებინა. რითაც ბუნებრივია, რომ დავინტერესდი.

,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამონაკვესის ცდაა’’, – წერდა რეზო ინანიშვილი. მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული სიკეთეები შეაგროვა, ისეთები, როგორებსაც ყურადღებას შეიძლება არც კი ვაქცევდით. სიკეთე უცნაური რამ არის – ძალით ვერ გააკეთებ.

წერა-კითხვა ბებიას უსწავლებია: ისხდნენ თურმე საღამოობით გახურებულ ღუმელთან, ბებია წინდას ქსოვდა, მას კი “ქართული მწერლობის” ძველი, გაყვითლებული სახელმძღვანელო გადაეშალა და ნელ-ნელა, დამარცვლით კითხულობდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას მოთხრობებს. განსაკუთრებით სევდიანი ამბები გულს უჩვილებდა.

ის ამბობდა: “ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული. მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ”. წერდა გოგო-ბიჭებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ვინც “დღიურ საქმეს სიბნელით ართმევდა თავს”, ნაშრომ-ნაჯაფი და დაღლილი ჩამოჯდებოდა, გადაშლიდა წიგნს და გმირებთან ერთად, ხან ტიროდა, ხან იცინოდა.

ლიტერატორი თემურ მაღლაფერიძე რევაზ ინანიშვილზე ამბობდა: “ბევრს არ შევხვედრივარ რეზოსავით ნაკითხ კაცს. ერთ რამედ ღირდა მოსმენა, როცა თავის საყვარელ ავტორებსა და ნაწარმოებებზე იწყებდა მუსაიფს. ჰყვებოდა დინჯად, მდორედ და გემოვნებით, კახური ინტონაციით. გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ყველაფერი დეტალურად ახსოვდა, რაც კი ოდესმე წაეკითხა. მიკვირდა, მაშინ უკვე არაერთი შედევრის ავტორს, გულწრფელი აღტაცება რომ შეეძლო, როცა სხვათა მხატვრული სიმაღლეების თაობაზე საუბრობდა”.

სხვათა სიმაღლეებით აღფრთოვანება კი მხოლოდ რჩეულ და თავმდაბალ ადამიანებს, შემოქმედებს შეუძლიათ, ვინც საკუთარი თავის ფასიც იცის და გარშემომყოფთათვისაც მხოლოდ სიკეთე ემეტება.

წერდა პატარა მოთხრობებს, თითქოს უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველ ამბებსა და ადამიანურ თვისებებზე. აკაკი ბაქრაძემ ინანიშვილის მოთხრობებს „სულის პური” უწოდა: ,,მისი სამყარო მზით გაბრწყინებული სამყაროა, დასახლებული პატიოსანი, კეთილი, მშრომელი, ურთიერთმოყვარული ადამიანებით.“ ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა, – რეზომ თვითონაც არ იცის, როგორი დიდი მწერალიაო.

არ უყვარდა, როცა “ბატონოთი” მიმართავდნენ.… მისი მშვენიერი მოთხრობების გმირებიც, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანები არიან. მისი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ რწმუნდები, რომ სამყარო სწორედ“პატარა ადამიანებზე დგას. ეს გმირები იმ სიკეთესა და სილამაზეს აფრქვევენ, რომლის გარეშეც ყოველდღიურობა აუტანელი გახდებოდა. ღიმილი და ცრემლი ენაცვლება და ავსებს ერთმანეთს, როცა რეზო ინანიშვილის ბრწყინვალე მინიატიურულ პროზას კითხულობ, ამიტომაც ამბობს: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მწერალი გრძლად წერს თუ მოკლედ, მთავარია, კარგად წეროსო. მის მინიატიურებს ფრაზის სისადავე და სიზუსტე გასდევს.

როგორც თავად წერდა, “ზამთრის ერთ გაცრიაცებულ დღეს” მიაბარეს მიწას. წავიდა. იმ ლიტერატურული სამყაროს მარადიული ნაწილი გახდა, სადაც ყველა მოთხრობაში ასეთი გულმოდგინებით გვეპატიჟება და უნდა, ამ სამყაროს ღირსი ვიყოთ, – თუნდაც ოდნავ უკეთესი, ვიდრე ვართ.

რევაზ ინანიშვილი არ იყო “ელიტური””მწერალი, რომელიც მუდამ წუწუნებს, მკითხველს ჩემი არ ესმისო, მას სჯეროდა თავისი მკითხველის, ხშირად ამბობდა: მწერლის ნაწერს რომ წაიკითხავენ, ასე უნდა ამოიძახონ: ოჰო, აი, როგორი ვიღაცები ყოფილან ჩვენშიო.

მისი მინიატიურები და მოთხრობები ყველაზე საჭირო სალბუნად უნდა ვაქციოთ და წონასწორობადაკარგულ სამყაროში სწორედ მისით გავიმაგროთ დაღლილი გულები. რევაზ ინანიშვილის წიგნებში ხომ ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები გელოდებათ.

რეზო ინანიშვილი სულ სხვანაირი იყო, სიკეთე მასთან ერთად ცხოვრობდა, ერთი ხელი ნიჭიერებისთვის ჩაეკიდა, მეორე – თავმდაბლობისთვის და მთლიანად ავსებდა სივრცეს, სადაც მწერალი დადიოდა, წერდა, შვილებსა და შვილიშვილებს ეფერებოდა და ალალ ლუკმას აწვდიდა ოჯახს. სწორედ სიკეთეს განედევნა მისი სახლიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ კეთილმოწყობას ვეძახით. განედევნა კი არა და არ შემოეშვა, თორემ, არც არასდროს ყოფილა უზრუნველყოფილა…სამაგიეროდ, სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერი გაანადგურებდა, თავად მისგან მომდინარეობდა. როგორც რეზო ამბობდა: ,,ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას, ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა სხვა დაავადებათა შორის’’.

რეზო ინანიშვილს უნდოდა სამყარო, მისი გარშემომყოფნი უკეთესები ყოფილიყვნენ და ამისათვის ნიჭსა და ოსტატობას არ იშურებდა. მწერლის შედევრების წაკითხვის შემდეგ საკუთარი თავიც უკეთესი გეჩვენება და სამყაროც შენ ირგვლივ, ხვალინდელ დღესაც მეტი ოპტიმიზმით ხვდები; ნამდვილ ლიტერატურას ხომ მეტი არც არაფერი მოეთხოვება.

წყარო: კვირის პალიტრა, ambebi.ge, ბურუსი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მასწავლებელი, "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Leave A Reply