რა მინდა ვასწავლო შვილს?

1

– წლების წინ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, არ მესმოდა რაში მჭირდებოდა ქიმიის ფორმულების ცოდნა, არ მესმოდა ფიზიკის ცოდნის საჭიროება. ნიშნების მისაღებად ვიზუთხავდი საჭირო ინფორმაციას და მას შემდეგ არც არასდროს გამომიყენებია ეს ფორმულები. თავისთავად საგნები ძალიან საჭირო ყოფილა და გული დამწყვეტია ბევრჯერ, რომ არ მქონდა ნასწავლი.

– წლების წინ მშობლები, ირგვლივ მყოფი ზრდასრულები ბევრ რაღაცას მეუბნებოდნენ, რომელთა აზრიც არ მესმოდა. გავიდა წლები და გავიგე ბევრი მათგანის დანიშნულება, საჭიროება, ფუნქცია და ა.შ.

ინფორმაციის დანიშნულება

ბევრს გვიფიქრია იმის შესახებ, თუ როგორ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს შვილებს და როგორ ვაწვდით მათ. ვადარებთ საკუთარ გამოცდილებას და ვცდილობთ არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც ბავშვობაში საკუთარ თავზე გამოგვიცდია. ვცდილობთ უფრო მისაღები, მარტივი გავხადოთ ინფორმაცია და რამდენად გამოგვდის, ეს უკვე ბავშვების შესაფასებელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ბევრი “უნდა”, ანუ ბევრი მოთხოვნა. რომელსაც ვუყენებთ ბავშვებს, თანატოლებს, უფროსებს, საკუთარ თავს. ეს მოთხოვნები თითქოს კალაპოტი ხდება და ინფორმაცია – მასში არსებული მდინარე. ხანდახან გვინდა წყალს შევუცვალოთ მიმართულება, მაგრამ კალაპოტი იმდენად მყარია, რომ მხოლოდ ვამღვრევთ წყალს და რჩება ყველაფერი ძველებურად. ხანდახან გამოგვდის კალაპოტის შეცვლა.

ჩვენ ვიცით, რომ ასეა საჭირო!
ეს მას გამოადგება!
უმისოდ კაცი ვერ დადგება მისგან!
გავა დრო და მიხვდება!
ჩვენც ხომ მივხვდით!

სანამ ეს დრო დადგება იქამდე რა ხდება? ეს ჰგავს ბავშვის შეკითხვას:

სანამ დავიბადებოდი, სად ვიყავი?

ფაქტიურად ისახება კლასიკური სქემა:

  1. იღებ ინფორმაციას
  2. ელოდები შესაბამის დროს
  3. აი დადგა ეს დრო – შენ გაიგე ოდესღაც მიღებული ინფორმაცია
  4. ისევ იღებ ინფორმაციას
  5. ელოდები შესაბამის დროს….

და ციკლი უსასრულოდ ბრუნავს. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ გაუგებარ ინფორმაციებსა და შესაბამისი დროის მოლოდინში.

მიზანი

სქემა რომ შეიცვალოს, საჭიროა ფუნქციების გადანაცვლება. რას ვგულისხმობ: თუ ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ გამოიყენოს ინფორმაცია, იქნებ პირიქითაც მოსინჯოს ხანდახან? ინფორმაცია მიიღოს იმისთვის, რომ იცხოვროს. ეხლა გავამარტივებ.

ახალი სქემა:

  1. დაისახე მიზანი. რისი თქმა გსურს?
    მაგ.: მინდა გასწავლო, როგორ მიაგნო საკუთარი ბედნიერების გზას. 
  2. ადრესატი. ვის მიმართავ? აარჩიე სამიზნე ჯგუფი და შესაბამისად სასაუბრო ენა.
    მაგ.: ბავშვი. ბედნიერება არის, როდესაც ძალიან კარგად გრძნობ თავს. შენ როდის გრძნობ ხოლმე თავს ძალიან კარგად?
  3. ფორმულირება. გამოხატე სათქმელი მტკიცებით ფორმაში.
    მაგ.: ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ შენ გხედავ ხოლმე ძალიან გახარებულს, ბედნიერს.
  4. მოცულობა. ეცადე სათქმელი გამოხატო ორი ფორმულირებით: მოკლედ და ჩაშლილად.
    მაგ.: შენ გაქვს უფლება იყო ბედნიერი. შენ შეგიძლია იყო ბედნიერი.
    როგორ? 1…2…3…
  5. პრაქტიკული გამოყენება. რაში სჭირდება და როგორ გამოიყენებს ეს ადამიანი ამ კონკრეტულ ინფორმაციას?
    მაგ.: რა საჭიროა იფიქრო ბედნიერებაზე? როცა კარგად ხარ და განსაკუთრებულად გახარებული, ამ დროს შენი ორგანიზმი ძლიერდება. ხარ ჯანმრთელი. სხვებზე ზრუნვას იწყებ, შენი სიხარული გინდა რომ სხვებსაც გადასდო და სხვების გახარებას იწყებ. როდესაც ბედნიერი ხარ ყველა საქმე უფრო კარგად გამოგდის, ვიდრე როცა არ ხარ.

შედეგად გამოვა, რომ პირველ რიგში ჩვენ გვეცოდინება რატომ ვამბობთ სათქმელს. ჩვენი რა საჭიროება დგას მის უკან. მსმენელისთვის გასაგები იქნება ინფორმაცია და დღევანდელ დღეს გამოყენებადი.

შეჯამება

ჩვენი შეხედულებებზებევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენ შესაძლებლობები უსაზრვროა. მთავარია მათ ის მიმართულება მივცეთ, რაც გვინდა. ჩვენ შეგვიძლია ის საბანი მოვძებნოთ, რომელიც ბოლომდე მოგვწვდება და არა იმით დავკმაყოფილდეთ, რომელიც მუხლებამდეა.

იცხოვრე აქ და ახლა.  ცხოვრება დღევანდელი დღეა.

 

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი 
ანასტასია ნათია მარღანია
პიროვნული ზრდის ხელოვნება “მიზანი”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. Pingback: რა მინდა ვასწავლო შვილს? - feel.ge

Leave A Reply