რა ვისწავლე ორმოში ჩავარდნით?!

0

(სტატიათა ციკლიდან “სიზმარი”, #5)

როგორ მოხვდი მანდა?!

ზოგი იტყვის, რომ ვიღაცამ მკრა ხელი, ზოგიც იტყვის, რომ ფეხი დამიცდა, ზოგიც არაფერს იტყვის, მაგრამ, ასეა თუ ისე, ღრმა და ვიწრო ორმოს საკმაოდ ცივ, ნეტიან ფსკერზე გამეღვიძა უსაშველო სიმძიმისა და სიმარტოვის განცდით, ხოლო გარშემო – სრული სიბნელე!

კედელზე ფოსფორისფერი წარწერა აინთო: – ობიექტი წარმატებულად დაენარცხა! -და გაქრა! ეს რა იყო?! ხელი შევახე კედელს, გამოჩნდა წარწერა: – ვინაობა დადასტურებულია! კედლის თხელი ფენა ჩამოიფშვნა და გამოჩნდა ეკრანი სენსორული კლავიატურით. იქვე აინთო ჩატის ფანჯარაც.

–         სად ვარ? – დავიწყე გამორკვევა.

–         ორმოში, – მიპასუხეს იქიდან.

–         ეგ უკვე ვიცი!

–         გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით! – ფანჯარა დაიხურა.

–         მოიცა, მოიცა!

–         დიახ?!

–         ორმოში რატომ ვარ?!

–         გრძელი ამბავია!

–         აქედან როგორ გავიდე?!

–         ერთ კითხვას უნდა გასცე პასუხი: რატომ ვარ ამ ორმოში?!

–         ვინმემ მკრა ხელი თუ ფეხი დამიცდა?!

–         არა!

–         აბა ჩემით ჩამოვხტი აქ?!

–         კი!

–         რა?!

–         ის!

–         შენ ვინ ხარ?!

–         ორმოში ჩავარდნილთა დახმარების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი!

–         მე რა დაგიძახო?!

–         ორმოში ჩავარდნილთა დახმარების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი!

(შარზეა ეს!)

–         კარგი!  შენ რისთვის ხარ აქ?! ან ეს ყველაფერი რისთვისაა მოწყობილი?!

–         აქ შენს დასახმარებლად ვარ, რადგან განსაცდელში თავი თავად ჩაიგდე! ეს შენი ემოციონალური ორმოა! ეს ორმო წარმოსახვითია და მას მხოლოდ იმიტომ ხედავ, რომ შენია – სხვები მას ვერ ამჩნევენ, მხოლოდ შენ და დროდადრო მეც, როცა იღლები და შენი ზურგით ტარება მიწევს.

–         ეს ორმო იმდენად ხილულია, ასე მგონია, რომ ეს სულაც არაა სიზმარი!

–         ეს შენი შინაგანი მდგომარეობაა, შენ დადიხარ ქუჩებში, სახლიდან სამსახურში, შეხვედრებზე, მეგობრებთან, მაგრამ შინაგანად შენში სწორედ ის ხდება, რასაც ახლა ხედავ – სიცარიელე, სიცივე, სინესტე, სიმარტოვე, იმედგაცრუება! მე კი გეუბნები – ეს შენ თავად შექმენი, ვიცი, რომ გულის სიღრმეში იაზრებ ამას და გეტყვი იმასაც, რომ შენ შეგიძლია შეცვალო ეს. შენ დადიხარ და ამბობ, რომ ასეთია ცხოვრება, რომ ის უსამართლოა და იმდენად ხარ დამწუხრებული საკუთარი მდგომარეობით, რომ ყველაზე სასიამოვნო წვრილმანის შემჩნევაც გიჭირს!

–         ყველაფერი არ შემიქმნია მე, თუკი სხვა ადამიანები უხეშად ან უსამართლოდ მექცევიან, ეს ჩემი ბრალი არ არის!

–         არც შენ იქცევი ყოველთვის სამართლიანად და თავაზიანად და ეს სხვა ადამიანებს ისევე ტკენს გულს, როგორც შენ და ისინიც ისევე გაბრალებენ თავიანთ უბედურებას, როგორც შენ აბრალებ ახლა მათ!

–         ჰო, მაგრამ მე მართალი ვარ!

–         ყველა მართალია – თავისებურად, ჭეშმარიტება კი ყოველთვის ერთიაშენს ცხოვრებაში ყოველ მოვლენაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ! ზოგჯერ, შენ გინდა გაიქცე, გგონია, რომ თუკი სხვაგან იქნები, შენი ცხოვრება შეიცვლება, თუკი სხვა ადამიანები გეყოლება გვერდით, სულ სხვანაირი იქნები, თვლი, რომ როცა უფრო მეტი შემოსავალი გექნება უფრო დამშვიდდები, მაგრამ ეს ასე არ არის!

–         მე მართლაც ასე მგონია, მე ვიბრძვი ჩემი ცხოვრების შესაცვლელად და ვთვლი, რომ ასეც უნდა ვიქცეოდე!

–         მესმის, მაგრამ თუ მუდმივად წარსულში იყურები, ეს მხოლოდ შიშს გმატებს და ჭრილობებს გიმწვავებს, თუ მუდმივად მომავალს გაჰყურებ – მღელვარება და გაურკვევლობა გიპყრობს, მხოლოდ ახლა, ამ მომენტში შეგიძლია იპოვო გამოსავალი, მხოლოდ ამ მომენტში ხარ უსაფრთხოდ, მშვიდად, მოქმედებ გააზრებულად, შეიგრძნობ სიამოვნებას, სიხარულს, მადლიერებას! ცხოვრება ასეთი მომენტებით შექმნილი მძივია, თუკი ასე იმოქმედებ ასეთ ორმოში ჩავარდნასაც შეიძლება დააღწიო თავი!

–         ორმო გამიგია, მაგრამ ასეთი ბნელი? არც ჩამოსასვლელი ჩანს, არც ხმა ისმის ვინმესი, თითქოს სადღაც, მიწაში ღრმად ვარ ჩამარხული!

–         ეს ორმო შენი გათხრილია და შენივე ნებით აღმოჩნდი მის ფსკერზე! პერიოდულად ხვდები ხოლმე აქ, როდესაც გიმძიმს. შენ მიეჩვიე სიხარულს, როცა ყველაფერი კარგად მიდის და მოწყენას, როცა რაიმე შენი სურვილისამებრ არ ხდება, ეს სუსტი ადამიანების გზაა, წარმოიდგინე სუსტი ნერგი, რომელიც ქარის ყოველ წამობერვაზე აქეთ იქით ირხევა მორჩილად.

–         ყველა ასეა!

–         ყველა ასეა, მათ გარდა, ვინც იცის, რომ თითოეული მოვლენა, თავის მხრივ, არც კარგია, არც ცუდი, ასე ჩვენ ვაფასებთ. სინამდვილეში ყველაფერი ჩვენი პიროვნული ზრდისთვის ხდება, ყოველი მოვლენა კიდევ ერთი გაკვეთილია იმისათვის, რომ გაიზარდო, აქაც სწორედ ამიტომ ხარ, მაგრამ შენ შეგიძლია გამოიყენო ეს შანსი და შეგიძლია სხვა ადამიანებივით სეზონური სიხარულით დატკბე დროდადრო, ძირითადი ცხოვრების ნაწილი კი აქ – შენს ნაჭუჭში გაატარო!

–         მე არ ვიცი, როგორ გავაღწიო აქედან! აქ ისეთი სივიწროვეა, სადაცაა სული ამომხდება. ვგრძნობ, რომ სიმართლეს მეუბნები, იმის მიუხედავად, რომ ამის მიღება და გაცნობიერება ძალიან მიჭირს, ყველაფერი მეწინააღმდეგება შიგნიდან! სხვები რატომ ვერ ამჩნევენ, თუ რა დღეში ვარ ახლა?!

–         ვერც შენ ხედავ სხვების გასაჭირს, იმდენად ხარ საკუთარ თავზე ფიქრით გართული, აი, ახლაც, როდესაც შენ სრულიად მარტოდ გრძნობ თავს ამ ორმოში, შენს გვერდით, კედლის თხელი ფენის იქით, სხვა ადამიანი იტანჯება და შველას ითხოვს! – ეკრანზე მართლაც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ასეთივე ორმოში იჯდა და ტიროდა, მას მე დიდი ხანია ვიცნობდი, მაგრამ არასოდეს შემიმჩნევია, რომ მას რაიმე უჭირდა, – ეს ორმო შენ თავად გათხარე და მის ფსკერზეც შენი ნებით აღმოჩნდი! ისიც შენსავით აღმოჩნდა თავის ორმოში, მასაც დავეხმარები, თუკი ამას მოისურვებს!

–         როგორ, არიან ადამიანები, ვისაც არ სურთ დახმარების მიღება?!

–         რათქმაუნდა, არიან! ბევრს ურჩევნია მსხვერპლის სინდრომით იცხოვროს და საკუთარი თავი ჩაგრულად მიაჩნდეს და ავიწყდება, რომ უზენაესმა ყველა ადამიანი სიყვარულით შექმნა და სრული თავისუფლება მისცა – იცხოვროს ისე, როგორც მას სურს!

–         მე მინდა ცვლილებები, მე მინდა უკეთესობა!

–         მაშინ, მოექეცი ამ ცვლილებების სათავეში და ნუ დაელოდები უკეთესობას! შენ ცოტა ხანში გაიღვიძებ და ისევ შენს საწოლში აღმოჩნდები, მაგრამ შენი არჩევანია ჩვენს საუბარს უბრალო სიზმრად ჩათვლი, თუ აქედან გაკვეთილს მიიღებ. ვიცი, კითხვების დასმა და უფრო მეტად კი მათზე პასუხების მიღება გიყვარს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და განვითარებასთან ერთად თანდათანობით გაიაზრებ ან არ გაიაზრებ – არჩევანი შენზეა!

–         დროდადრო მინდა ხოლმე შენთან საუბარი, რაღაც მკარნახობს, რომ ბევრის სწავლა შემიძლია შენგან, როგორ გიპოვნო?!

–         მე შენი შინაგანი ხმა ვარ, რომელიც სამყაროს უზენაეს სულთან გაკავშირებს, რადგან „ამქვეყნად ყველაფერი ერთი ხელით არის დაწერილი“ (პ.კოელიო), როდესაც ჩემთან საუბარი მოგინდება, მოუსმინე გულის ხმას, ის გეტყვის სიმართლეს!

გამომეღვიძა. ამ ხანმოკლე საუბარს ჩემთვის სიმძიმე არ მოუხსნია, მაგრამ მიზეზი რაკი გავიგე, ე.ი. გამოსავლის პოვნაც შემიძლია. მწყუროდა, ახალი ცხოვრება მწუროდა…

ზოგი იტყვის, რომ ვიღაცამ მკრა ხელი, ზოგიც იტყვის, რომ ფეხი დამიცდა, ზოგიც არაფერს იტყვის, მაგრამ მე ვიტყვი, რომ მე თავად…

რა მივიღე ამ სიზმრისგან: ყველაფერი გაკვეთილია ჩემს ცხოვრებაში, ხოლო თუკი გაკვეთილი არ არის, ე.ი. ჯერ ვერ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ასეა! 😉

P.S. როცა მხოლოდ საკუთარ საზრუნავზე ფიქრს მოვეშვი, სხვების სევდიანი თვალების დანახვა დავიწყე, ხოლო როცა ხედავ სხვის გასაჭირს, იწყებ მის დახმარებას.

P.P.S. სხვას რომ დაეხმარო, ჯერ შენ უნდა გაძლიერდე.

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

(2014 წელი)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply