რა განსხვავებაა პიროვნებას, მასასა და ბრბოს შორის

0

მასა არც ეთნიკური და არც ისტორიული ერთობა არ არის. იგი გარკვეული ტიპის ადამიანთა სიმრავლეა. ამ ადამიანებს აერთიანებთ არა ეროვნულობა, არა რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პროფესიული საქმიანობა, არამედ აზროვნების გარკვეული დონე და ხასიათი. თუ მასას რაოდენობრივად დავახასიათებთ, მაშინ იგი საზოგადოების უმრავლესობაა. თვისებრივი მახასიათებლის მიხედვით, იგი გამოხატავს ადამიანის საშუალო დონეს. ეს არის ადამიანი მის ყოველდღიურობაში, რომელსაც არ აქვს თავისი `მე~, დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა და პიროვნულობა. მასის ყოველი წარმომადგენელი ერთმანეთს ჰგავს, ისინი არაფრით არ განირჩევიან ერთმანეთისაგან. მასა არ არის ცალკეულ ადამიანთა ჯამი, იგი საშუალოობა, უსახობა და უპიროვნობაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მარტინ ჰაიდეგერმა აღნიშნა ტერმინით `მან~- ი. ეს არის სხვებისაგან განურჩეველი ადამიანი. მოკლედ, მასა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც საშუალო ადამიანი – `მან~- ი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა.

ვინ არის პიროვნება? პიროვნება ადამიანური ინდივიდია, მაგრამ არა ყოველი ინდივიდი. იგი ისეთი ინდივიდია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა თავისი ცნობიერებით და თვითცნობიერებით, ნიჭით და უნარებით. იგი მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალობაა, რომელსაც თვითმყოფადი და დამოუკიდებელი სახე აქვს.

მოკლედ, პიროვნება შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ: პიროვნება არის ადამიანური ინდივიდი, რომელსაც სხვებისაგან გამორჩეული, თვითმყოფადი სახე აქვს და აქტიურად იბრძვის საკუთარი `მე~-ს დასამკვიდრებლად. როგორც ვნახეთ, მასისა და პიროვნების გამიჯვნის კრიტერიუმი არც ეროვნულობა, არც სოციალური წარმომავლობა და არც პროფესიული საქმიანობაა. ყოველ ფენას თავისი მასა და პიროვნება ჰყავს. ნებისმიერი მისი წარმომადგენელი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ან ერთს, ან მეორეს.

ბრბო სოციალური ჯგუფია, რომლის წევრები გაერთიანებულნი არიან ერთი იდეით და მოქმედებენ ერთნაირად. მათთვის დამახასიათებელია უკიდურესი ეგზალტირება და აღტკინება. იგი ემოციურად დამუხტულია, აღგზნებულია და მზადაა წალეკოს ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება.

ბრბო არ არის მყარი სოციალური ერთობა და მისი წევრები ხანგრძლივად ვერ იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს ისეთი ჯგუფია, რომლის წარმოშობა შემთხვევით და მოულოდნელად ხდება. პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის აზრით,^ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიში, უკმაყოფილება, შიმშილი, პროტესტი, სიხარბე, მოქრთამვა, ფანატიზმი და სხვა. ბრბოს წარმოშობას სჭირდება შესაფერისი ფონი, რომელიც ხელშემწყობი გარემოა. ეს არის კრიზისული სიტუაციის არსებობა საზოგადოებაში. ამიტომ ბრბო შეიძლება უეცრად წარმოიქმნას და ასევე უეცრად დაიშალოს.

მასა ბრბო არ არის. მათ შორის არსებითი განსხვავებაა. იგი შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ძირითადი ნიშნებით: 1) ბრბო სოციალური ჯგუფია; მასა – არა; ბრბო შემთხვევით და მოულოდნელად წარმოიქმნება და იშლება; მასა – არა; 2) ბრბო ერთი აზრით და გრძნობით დამუხტული ჯგუფია. მის წევრებს მთლიანად იპყრობს რაღაც გრძნობა, რომელიც ემოციურად აღაგზნებს და ერთ მუშტად კრავს მათ, რათა ენერგიულად იმოქმედონ; 3) ბრბო ეგზალტირებულია, ხოლო მასა – ნეიტრალური; 4) ბრბოს ცნობიერება ფსიქოზურია.

ამრიგად, ბრბო არ არის მყარი სოციალური ერთობა, რომელიც ხანგრძლივად არსებობს. იგი სიტუაციების მიხედვით წარმოიქმნება და იშლება.

ამონარიდი “ფილოსოფია – ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია”

თბილისი. 2009

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply