რა არის ჩემთვის პოზიტივი?

0

ფანჯრიდან შემომავალმა გამჭოლმა შუქმა ჩამხედა თვალებში. ზარმაცად შევიშმუშნე და მიბნედილი მზერა გავაყოლე მზის სხივებს. ფარდებს მიღმა სიცოცხლე მიღიმოდა. თითქოს, მიბიძგესო, მყისიერად ენერგიის უზარმაზარი ტალღა შემოვარდა სხეულში და უხილავი ფრთები გამომასხა. საწოლიდან წამოვხტი, ფანჯარა გამოვაღე და მთელი ნეტარებით შევისუნთქე მაცოცხლებელი ჰაერი….

– ამ განწყობით იწყება ჩემი პოზიტივი, მერე თანმიმდევრულად იშლება ფიქრები თავში და ვხვდები, რომ ის ყველგანაა, ყველაფერშია, თუ შენ მის დანახვას და აღქმას შეძლებ. მახსოვს, ერთ დღეს, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაში მიმავალი, თითქოს, მომენტალურად რაღაც ღილაკი გადართესო, წამიერად მომიცვა უჩვეულო განწყობამ, მომინდა მეყვირა ბედნიერი ვართქო, მინდოდა ყველა ჩემი ახლობლისთვის დამერეკა და მეთქვა, ძალიან მიყვარხართ და მაპატიეთ, თუ ოდესმე რამე მიწყენინებია თქვენთვის მეთქი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, შიგნიდან მზე მინათებდა სხეულს, სრულმა აღმაფრენამ მომიცვა, ტუჩებზე კონტროლი დავკარგე, მინდოდა მთელი გზა ასკინკილით გამევლო, ყველა შემხვედრს მივსალმებოდი, ყველასთვის გამეღიმა.

ღიმილი ხომ სულში არსებული პოზიტივის ყველაზე გულწრფელი გამოვლინებაა! ჩემი ღიმილი იმ წუთს სამყაროთი იყო შთაგონებული და მთელ გულს მითბობდა. ეს შინაგანი მდგომარეობაა, ტვინიდან წამოსული ძლიერი იმპულსი, ენდორფინების სიჭარბე ორგანიზმში, სიკეთის კეთების სურვილი, სიყვარული, ესაა აღქმითი უნარი, რომელიც პიროვნებიდან მოდის, აბსტრაქცია და არა მატერია. ხომ შეიძლება ორი ადამიანი იჯდეს მზის გულზე, მაგრამ ერთს სხეული უთბებოდეს, მეორეს კი განწყობა, ფიქრები, სული.. იმ ცნობილი მაგალითისა არ იყოს – სანახევროდ ავსებულ წყლიან ჭიქაზე. ყველაფერშია პოზიტივი უბრალო ყვითელი მაისურიდან დაწყებული – ქუჩაში მდგომი პატარა მათხოვარი ბიჭის მოციმციმე მწვანე თვალებით დამთავრებული. გულში რომ გეღიღინება, წვიმაში გიჟივით ცეკვის სურვილი რომ გიჩნდება, რომ გესიყვარულება, მთელი სამყარო რომ გეახლობლება – ეგაა პოზიტივი.

მოხუცის მიმქრალ თვალებში ჩაძირული ახალგაზრდული წლებია პოზიტივი. წიგნები, ნოტები, ფერებია პოზიტივი. ზღვის ნაპირას მდგომს ნაპირებიდან წამოსული წყლის ტალღები რომ გელამუნება ფეხებზე და სასიამოვნოდ გიღიტინებს – ეგაა პოზიტივი, საყვარელი ადამიანის კოცნისას ტვინის ამრევი ემოცია რომ გეღვრება სულში და მთელ სხეულს გითბობს – ეგაა პოზიტივი. პატარა, უსუსური თითები რომ ჩაგჭიდებენ და ამქვეყნად ყველაზე სათნო ღიმილით
გთხოვენ მოფერებას – ეგაა პოზიტივი. ზაფხულის წვიმაში ზეცის სველ მკლავებს რომ გრძნობ მთელ ტანზე – ეგაა პოზიტივი. აქ არ არსებობს სტანდარტები. მას არ აქვს სუნი, ფერი, გამოსახულება და ამავდროულად, იგი სუნშიცაა, ფერშიც და გამოსახულებაშიც. მთავარია ჩვენ თუ ვართ მზად გონებაში, ფიქრებში, ჩვენს ცხოვრებაში პოზიტივის შემოსაშვებად?

ხატია ჩხეტიანი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply