რა არის ადამიანის ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანი?

0

ბავშვობაში ზაფხულს ჩემი ბებია–ბაბუის რანჩოში ვატარებდი, ტეხასის შტატში. მსიამოვნებდა ქარის წისქვილებში ბაბუასთან ერთად სიარული, ცხენებისა და საქონლის მოვლა და რანჩოს სხვა საქმეების კეთება. შუადღისას საპნის ოპერასაც ვუყურებდით, მგონი “ჩვენი ცხოვრების დღეები” ერქვა. ბაბუაჩემის ოჯახი “ქარავნის” კლუბში იყო გაერთიანებული. ამ კლუბში ირიცხებოდნენ მოგზაურობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც ამერიკასა და კანადაში აწყობდნენ ტურებს. ჩვენც ყოველ ზაფხულს ვმოგზაურობდით მათთან ერთად.მივუყვებოდით ბაბუაჩემის ავტომობილით, ამერიკისა და კანადის გზებს, 300–მდე მოგზაურის ავტომობილთა კოლონის რიგში.

ძალიან მიყვარდა ბებია და ბაბუა და მუდამ მოუთმენლად ველოდი ხოლმე ამგვარ მოგზაურობებს. ერთ–ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, დაახლოებით 10 წლისა ვიქნებოდი. მე მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი, ავტომობილს ბაბუაჩემი მართავდა, ბებიაჩემი კი გვერდით ეჯდა მას. იგი მთელი გზის განმავლობაში ეწეოდა მე კი სიგარეტის სუნი მეზიზღებოდა.

ამ ასაკისათვის საკმაოდ კარგად ვერკვეოდი დაწყებით მათემატიკაში. შემეძლო გამომეთვალა უამრავი წვრილმანი რამ და მეწარმოებინა სულელური სტატისტიკა. ამ პერიოდში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას ვადევნებდი თვალს, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ რეკლამა დაახლოებით ამ შინაარსისა იყო: “სიგარეტის ყოველ ნაპასს ჩვენი ცხოვრების წუთების გარკვეული რაოდენობა ეწირება”. გამოვითვალე დაახლოებით რამდენ სიგარეტს ეწეოდა ყოველდღიურად ბებიაჩემი, განვსაზღვრე სავარაუდო ნაპასების რაოდენობა და თავი კმაყოფილად ვიგრძენი,როდესაც რაღაც ლოგიკურ ციფრამდე მივედი. შემდეგ თავი წამოვწიე,ბებოს მხარზე ხელი დავადე და ამაყად განვუცხადე: “2 წუთი სიგარეტის მოწევისას, 9 წლის სიცოცხლეს იკლებ”.

შესანიშნავად მახსოვს რაც მოხდა. ამას აშკარად არ მოველოდი. ველოდი,რომ დააფასებდნენ ჩემს სიჭკვიანეს და მათემატიკურ აზროვნებას. მეტყოდნენ : “ჯეფ რა ჭკვიანი ხარ. რა საოცარი რამ გამოთვალე!”. მაგრამ ეს არ მოხდა. ნაცვლად ამისა ბებიაჩემს თვალებიდან ცრემლები წასკდა.სავარძელზე გაქვავებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა.ვიდრე ბებიაჩემი ტიროდა ბაბუა მდუმარედ მართავდა ავტომობილს. რამოდენიმე წუთის შემდეგ მან ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა, უკანა კარი გააღო და მთხოვა მანქანიდან გადმოვსულიყავი.. აშკარად “შარში” ვიყავი. ბაბუაჩემი ინტელიგენტი და მშვიდი ბუნების ადამიანი იყო, არ მახსოვს რაიმე უხეში სიტყვა ეთქვა ჩემთვის. “ნეტავ პირველი ასეთი შემთხვევა იქნება?” – ვფიქრობდი მე. “ან იქნებ მთხოვს,რომ ავტომობილში დაბრუნებისას ბოდიში მოვუხადო ბებიას?” არასოდეს მქონია ასეთი შემთხვევა და არაფერი ვიცოდი მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ცოტა მოშორებით რომ გავედით ბაბუაჩემმა გამაჩერა, თვალებში ჩამხედა და რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, მშვიდად და დამაფიქრებლად მითხრა: “ჯეფ,იყო კეთილი ადამიანი ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ჭკვიანად იწოდებოდე. ერთ დღესაც მიხვდები ამას.”

დღეს მსურს არჩევანსა და საჩუქარს შორის არსებულ განსხვავებაზე გესაუბროთ. სიჭკვიანე საჩუქარია,სიკეთე კი არჩევანია,რომელსაც ვიღებთ. საჩუქრის მიღება ადვილია,რადგან ყველა ჩვენთაგანს გვეძლევა რაიმე ასეთი. არჩევანს გაკეთება და მისი შესრულება კი მეტად რთული საქმეა. შეგიძლიათ თავი მოიტყუოთ საკუთარი საჩუქრებით, გათამამდეთ და გაამაყდეთ კიდეც,რომ ასეთი ნიჭიერები ხართ. თუმცა, თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ..

დარწმუნებული ვარ,რომ თქვენი ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჭკვიანი და ნიჭიერი გონებაა. ნიჭიერება უდავოდ გამოყენებადი საჩუქარია, ვინაიდან ჩვენ ყველანი საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობთ. ნელ–ნელა წინ მივიწევთ და საკუთარ თავსაც კი ვანცვიფრებთ ჩვენი მიღწევებით. ვეძებთ ენერგიის ახალ წყაროებს, ვქმნით მანქანებს,რომელთა საშუალებით ვაშენებთ უზრუნველ მომავალს… თითქმის ყოველთვეს გაიგებთ ახალი გამოგონებისა და აღმოჩენის შესახებ. მჯერა,რომ ერთ დღესაც ადამიანის ტვინსაც დაწვრილებით შევისწავლით. ჟიულ ვერნის, მარკ ტვენის, გალილეო გალილეის,ნიუტონისა და უამრავი, ყველა დროის, უჭკვიანესი ადამიანის ოცნება იქნებოდა,რომ დღევანდელ დროში ეცხოვრათ. ღმერთი უამრავ საჩუქარს გვიკეთებს,როგორც ინდივიდუალურად, ისე საზოგადოდ.

და როგორ გამოვიყენებთ ამ საჩუქრებს? როდის ვიამაყებთ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით?

Amazon.com-ის დაფუძნების იდეა 16 წლის წინათ მომივიდა. თვალს ვადევნებდი ფაქტს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა,ყოველწლიურად, 2300 პროცენტით იზრდებოდა. არასოდეს მენახა რაიმე,რაც ასე სწრაფად ვითარდებოდა. გამიჩნდა იდეა,რომ შემექმნა ონლაინ წიგნების მაღაზია,სადაც მილიონობით პროდუქტი გაიყიდებოდა, მსურდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა ამ სამყაროში – ეს ძალიან შთამაგონებელი იდეა აღმოჩნდა ჩემთვის. უკვე 30 წლისა ვიყავი და დაქორწინებულიც გახდით.

ვუთხარი ჩემს მეუღლეს, მაკკენზის,რომ მსურდა სამსახური მიმეტოვებინა, დამეწყო ბიზნესი,რომელსაც შეიძლებოდა წარმატებაც არ მოეტანა – ვუთხარი,რომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ ძალიან მინდოდა მეცადა. მაკენზიმ მირჩია,რომ აუცილებლად მეცადა სურვილის ასრულება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი. ჩემს გარაჟში უამრავ პატარა აღმოჩენას ვაკეთებდი – ზოგი არ მუშაობდა,ზოგიც გამოუსადეგარი იყო, მაგრამ ფაქტია,რომ ყოველთვის მსურდა გამომგონებელი ვყოფილიყავი – დღეს კი შემეძლო ჩემი ოცნების ასახდენად მებრძოლა.

ამ დროისთვის ნიუ იორკის ერთი–ერთ ფინანსური კომპანიის ფილიალში ვმუშაობდი, ძალიან ჭკვიან და ინტელექტუალურ ადამიანებთან ერთად. სამუშაოთი კმაყოფილი ვიყავი და ძალიან კარგი უფროსი მყავდა. გადაწყვეტილება მივიღე და ჩემს უფროსს მოვუყევი ჩემი ბიზნეს–იდეის შესახებ. ნიუ–იორკის ცენტრალურ პარკში მივსეირნობდით და იგი ყურადღებით მისმენდა. როდესაც საუბარი დავასრულე მან მითხრა: “მშვენიერი იდეაა, თუმცა უკეთესი აზრი იქნებოდა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს კარგი სამსახური”. კარგად მივხვდი,რასაც გულისხმობდა და მისი აზრიც ლოგიკურად მეჩვენა. ამიტომაც, ჩემს თავს კიდევ მივეცი 48 საათი,რომ ამ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე მეფიქრა. გულწრფელად,რომ გითხრათ ეს ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილება იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ის ავირჩიე ,რაც გულს ყველაზე მეტად სურდა. არ მიფიქრია,რომ რამეს ვინანებდი დამარცხების შემთხვევაში, უბრალოდ ვეჭვობდი,რომ მუდამ შემაწუხებდა იმაზე ფიქრი,რომ არაფერი გავაკეთე ჩემი ოცნების ასასრულებლად. ასე,რომ დიდი ფიქრის შემდეგ, მე ეს ნაბიჯი გადავდგი – მივყევი ჩემს ოცნებას, სურვილს,რომელიც მთელი გულით მსურდა და დღეს მე ვამაყობ ჩემი არჩევანით..

მოდით, იფიქრეთ,რომ ხვალ იწყება ცხოვრება,რომლის ავტორიც თავად ბრძანდებით.

როგორ გამოიყენებთ თქვენს საჩუქრებს? რა გადაწყვეტილებებს მიიღებთ?

აირჩევთ ინერტულობას, თუ მიჰყვებით თქვენს ოცნებებს?

მიჰყვებით დოგმებს, თუ მეტად ორიგინალური აღმოჩნდებით?

სიმარტივეს აირჩევთ, თუ თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას?

შეგეშინდებათ კრიტიკის, თუ იწამებთ საკუთარი შესაძლებლობების?

როდესაც მტყუანი იქნებით დაიცავთ საკუთარ პოზიციას, თუ ბოდიშს მოიხდით?

ცინიკოსი იქნებით, თუ მეოცნებე?

თავს მოიტყუებთ, თუ შეეცდებით შეიყვაროთ ვინმე?

მხოლოდ ჭკვიანი იქნებით,თუ სიკეთესაც შეუხამებთ მას?

შემიძლია ვიწინასწარმეტყველო კიდეც. როდესაც 80 წლის იქნებით, საკუთარ თავში ჩაიხედავთ და თქვენი ისტორიის ყველაზე გულწრფელ ვერსიას მოისმენთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ნაწილი იქნება ის გადაწყვეტილებები,რომლებიც თქვენი ცხოვრების განმავლობაში მიიღეთ. საბოლოოდ, სწორედ ის ვხდებით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ. ეცადეთ აირჩიოთ ღირსეული ისტორია…

Amazon.com-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი; თარგმანი: თემო ბერიშვილი

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply