რატომ უნდა გამოვხატოთ დადებითი ემოციები?!

0

მახსოვს, სადღაც ამოვიკითხე, რომ ადამიანები იმ სითბოს მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც რეალურად გვაქვს. რაღაც გვეზარება, რაღაცის გვერიდება ან გვრცხვენია, გვავიწყდება, ხანდახან გვინდა, მაგრამ საპირისპირო მხრიდან იმედგაცრუების გვეშინია, ან უბრალოდ არ ვიცით , რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ. რაღაც ნაწილს გარემოში არსებული ,,წესები’’ თრგუნავს, რაღაც სასაცილოდ გვეჩვენება, სიგიჟედ და სხვ. ბოლოს რჩება რა? მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი, რომელსაც ან გამოვხატავთ ან საერთოდაც არა. აქედან გამომდინარე, ემოციების ტყვეობაში ვექცევით.

არც თუ ისე ცოტა ადამიანში არსებობს ჩაკეტილი ,,მე’’. ემოციების გამოხატვის საჭიროებას ბევრი ვერ აცნობიერებს. საჭიროა სათქმელი გადმოსცე არა ისე, როგორც სხვებს მოეწონებათ, არამედ გამოხატო ისე, როგორც თავად გსურს, შენებურად, მაგრამ გასაგებად.

ხშირად ადამიანები მთელ ცხოვრებას ემოციების გამოხატვის გარეშე ატარებენ. მოგვიანებით ხვდებიან, რომ სათქმელი უნდა ეთქვათ, ემოცია უნდა გამოეხატათ და მეტიც, სხვებისთვის გაეზიარებინათ.

რა საოცარი მაგიის მატარებელია გულწრფელი, სითბოთი სავსე სიტყვები. შეგინიშნავს ოდესმე, რომ სიყვარულით ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლია?! უსიამოვნო ემოციებისგან გათავისუფლებს და შენს ცხოვრებაში პოზიტივი, ის ემოცია შემოაქვს, რომელიც შესაძლოა დიდხანს გაგყვეს. ახლა ხვდები რამდენია ჩვენზე დამოკიდებული?

ერთი უბრალო სიტყვა ან ფრაზა – ,,გამარჯობა’’ , ღიმილიანი ,,როგორ ხარ’’ – გასაღებივით ერგება ადამიანის გულს და ტკივილისგან ათავისუფლებს. საოცარია იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც შენზე ზრუნავს, მუდმივად შენს გვერდით არის.

ცოტას თუ ესმის, რომ სიცოცხლე წამებისგან შედგება და მარადისობას სწორედ ეს წამები ქმნის. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ მთელი საუკუნით, მთელი წლით ან წამის მეათასედით გვაგვიანდება იმის თქმა, რომ გვიყვარს, გვენატრება. წამების მარადისობა სწორედ ასეთი მომენტებით განისაზღვრება. ეს ის მომენტებია, როდესაც გრძნობ, რომ ცოცხლობ. ხვდები, რომ შენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სიცოცხლე ნამდვილად ღირს. ამ ადამიანებისთვის გრძნობები, კომპლიმენტები არ უნდა დაიშურო, უნდა გამოხატო.

ადამიანი ხარ და აუცილებელია გრძნობდე, გინდოდეს, გიყვარდეს, განიცდიდე, გტკიოდეს, ამბობდე…

როგორც ფრედერიკ ბეგბედერი ამბობს: ,,სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაინიშნება”.

ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი დღე გარანტირებული არავის აქვს. შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც დროის დაკარგვას ინანებ. ინანებ იმას, რომ არ იყავი საკმარისად გულწრფელი, თბილი, არ გამოხატავდი გრძნობებს, არ ამბობდი იმას, რასაც ფიქრობდი. სათქმელს გზა არ მიეცი, სითბო და დადებითი ენერგია შენში ჩაკეტე.

ხანდახან, როცა ,,არაადეკვატურად’’ ვიქცევი და არც თუ ისე ახლობელი ადამიანის მიმართ სითბოს გამოვხატავ, ვხვდები, რომ ვვარსებობ. ვხვდები, რომ სწორედ ერთმანეთისთვის და ასეთი მომენტებისთვის უნდა ვიარსებოთ. უნდა ავივსოთ სიყვარულით და გავუზიაროთ სხვებსაც. სითბო და კარგი განწყობა გაზიარებით მხოლოდ იზრდება…

არ ვიცი რას ვიგრძნობდი, რომ მამასთვის უკანასკნელი სიტყვების თქმა ვერ მომესწრო. წარმოდგენაც არ მინდა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ ვერ მომესწრო მისთვის ამ სიტყვის თქმა: მიყვარხარ.. მოვასწარი მეთქვა, რომ შეძლო საუკეთესო ყოფილიყო ჩემთვის. მოასწარი შენც სანამ გვიანი არ არის. 🙂

სწორედ ამიტომ არ უნდა მოგერიდოს. არ უნდა დაფიქრდე ამაზე. გამოხატე! მოეფერე და ჩაეხუტე საყვარელ ადამიანებს! გაეცი ბევრი პოზიტივი და აკეთე სიკეთე დაუზარებლად! ეს არის ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია სამუდამოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს. სითბოს და სიყვარულის რესურსი ხომ ამოუწურავია.

სიყვარულით,

ნინო მაზანიშვილი

გაზიარება:

მასწავლებელი, "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply