რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მეტად კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნოთ თავი

2

ეცადეთ კარგზე იფიქროთ

ჩვენ უამრავ დროს ვატარებთ იმაზე ფიქრში, რაც შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში და რიგ მიზეზთა გამო არ მოხდა, თუმცა ძალზე ცოტას ვფიქრობთ იმ კარგ ფაქტებზე, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა.. რა იქნებოდა თუ თქვენს მეგობარს არ გაიცნობდით, არ შეხვდებოდით თქვენს შეყვარებულს, მეუღლეს? არ მიგიღებდნენ სამსახურში? რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე,რაზეც ფიქრი თუნდაც მცირე თავდაჯერებულობასა და კმაყოფილების გრძნობას გჩუქნით? ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება არ მომხდარიყო, მნიშვნელოვანი იარაღია დეპრესიასთან და ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლის პროცესში. ამგვარი აზროვნებით დაკავება, მეტ მნიშვნელობას სძენს ჩვენს ცხოვრებას, გვასწავლის დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობას გვანიჭებს.

გამოხატეთ მადლიერება

მადლიერების გრძნობის გამოხატვა გვეხმარება ბედნიერად ვიგრძნოთ თავი. გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება ადამიანთა მიმართ, რომლებიც გეხმარებიან ან უბრალოდ თქვენს ცხოვრებას ალამაზებენ. რამდენადაც უბრალო ჟესტად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს, თქვენ არამარტო კმაყოფილების გრძნობით ივსებით საკუთარი პიროვნების მიმართ, არამედ გულწფელი დაფასებითა და აღიარებით სხვა ადამიანებსაც აბედნიერებთ.

გაუკეთეთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს

ფულს შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად დახარჯავთ. დახარჯეთ იგი სხვა ადამიანებისთვისაც. ფაქტია, სხვისი დახმარება და პატივისცემა, ხშირად უსაზღვრო ბედნიერების გრძნობას გვანიჭებს, რადგანაც ამ დროს, თავს მეტად კარგ, კეთილ, პასუხისმგებლობით სავსე და სულგრძელ ადამიანად წარმოვიდგენთ. გაუკეთეთ საჩუქრები მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს – თუნდაც მცირე, არაა აუცილებელი ფულის დახარჯვა („ფული რომ მქონდესო“ ვიცი ცინიკური უმრავლესობა ამ საკითხზე ამგვარ კომენტარს გააკეთებს); მცირედი დაფასება, ყურადღება და პატივისცემა ხშირ შემთხვევაში შეუფასებელი საჩუქარია ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ასე და ამგვარად, ყალიბდება გრძელვადიანი და ძლიერი ურთიერთობები, რაც თავისთავად ბედნიერების განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორია. ასე რომ ხშირად გაუკეთეთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, რომ არ ინანებთ.

ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობით დაკავება გვეხმარება შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი ენერგია და ამავდროულად მენტალური მდგომარეობაც გავიუმჯობესოთ. მშვენიერია არა? ყველამ ვიცით რომ ასეა, თუმცა ყოველთვის არსებობს მიზეზი, რის გამოც თავს ვიკავებთ. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი მაინც სიზამრმაცეშია. არაა აუცილებელი დიდ მარათონში მიიღოთ მონაწილეობა. ეს შეიძლება იყოს, სუფთა ჰაერზე 20–30 წუთი სირბილი, ცეკვა, სეირნობა, ექსკურსიებზე სიარული. გააკეთეთ ასე და თავს მეტად კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობთ.

მუსიკა

მუსიკის საშუალებით, შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი განწყობა. ეცადეთ ხშირად უსმინოთ პოზიტიურ მუსიკას, რაც თავისთავად პოზიტიური ფიქრების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ბევრი შეიძლება შემეკამათოს და არც იმას არ უარვყობ, რომ ზოგჯერ სევდიანი მუსიკაც კი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

აკეთეთ ის, რაც გიყვართ

ძალზედ რთული საქმეაო მეტყვით. დაგეთანხმებით, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაა. ეს შეიძლება იყოს: კითხვა,წერა, ხატვა, მეგობრებთან გართობა, რაიმეს სწავლა ან თამაში. გამოყავით ყოველდღიურად თუნდაც მცირე დრო იმისთვის,რაც გიყვართ და დარწმუნებული იყავით, რომ მეტად კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით საკუთარი ცხოვრებით.

დაასრულეთ დღე პოზიტიურად

ვიდრე დაიძინებდეთ, დაფიქრდით რა მოხდა კარგი განვლილ დღეს. ეცადეთ რაც შეიძლება ბევრი მიზეზი იპოვნოთ და იფიქრეთ მათზე. არაა აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული მოვლენა აღმოაჩინოთ, უბრალოდ ორი– სამი რამ, რის გამოც თუნდაც ოდნავ უკეთესად იგრძენით თავი.

გაზიარება:

ჟურნალი “ოთხი მოტივის” პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...