რამდენიმე გამონათქვამი მეგობრობის შესახებ – ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გეტყვის,რომ შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ !

0

1. ნამდვილი მეგობარი ხედავს შენში მხატვარს,მაშინაც კი, თუ შენ მოკრძალებით ინახავ შენს ნამუშევრებს მაგიდის უჯრაში და ეჭვი გეპარება,რომ   მომავალში შეიძლება საუკეთესო მხატვარი გახდე. ნამდვილი მეგობარი ამჩნევს შენს სილამაზეს, მაშინაც კი, როცა შენ გამუდმებით უკმაყოფილო ხარ საკუთარი გარეგნობით. ასეთი მეგობარი ყოველთვის გიმეორებს,რომ  განუმეორებელი ხარ,რომ შენ ღმერთის ყველაზე მაგარი ქმნილება ხარ.ამიტომ,თუ ასეთი ადამიანი გარგუნა ბედმა,რაღას უცდი,დაიჯერე მისი სიტყვები.ჩაჰკიდე ხელი და ნუ ეტყვი –  დაგანებოს თავი.

2. ვფიქრობ,სიყვარულზე ძლიერი  მეგობრობა შეიძლება იყოს. რადგან შესაძლოა დაივიწყო საყვარელი ადამიანი,მაგრამ ვერასდროს დაივიწყებ მეგობარს,რომელიც  ამ სიყვარულში შენი ტკივილის თანამოაზრე იყო.რომელმაც ზეპირად იცოდა შენი სიყვარულის ისტორია.იცოდა,როგორ ათენებდი სიყვარულის გამო ღამეებს,როგორ ელოდი საყვარელ ადამიანთან შეხვედრას და განიცდიდი განშორებას. მერწმუნე, ვერასდროს დაივიწყებ მეგობარს,რომელიც გედგა  სევდიანი სიყვარულის დროს   მხარში.

3. ნამდვილი მეგობარი სულის მკურნალია.ასეთ მეგობარი თუ გყავს,ის ყველა შენს პრობლემას მოაგვარებს შენთან ერთად. მეგობრის ნუგეში – ღმერთის ნუგეშს უტოლდება,როდესაც მარტო ხარ,იტანჯები ან  ღმერთმა დაგიფაროს,ლოგინს ხარ მიჯაჭვული.მეგობარი კი  ასეთ წუთებში გვერდიდან არ გშორდება.ყველა შენს ტკივილს იზიარებს და იმედიანი სიტყვებით განუგეშებს.ასეთ დროს ის  არის ხიდი შენსა და სამყაროს შორის.ყველაფერი კი ამ ხიდზეა გადებული:იმედი და სიყვარული,რწმენა  და  სასოება.

4. ვიცი, სიკვდილამდე დიდი დროა, ჯერ უამრავი მთა უნდა გავიცნო, უამრავი ქალაქი  დავიმეგობრო, მაგრამ,როდესაც სიკვდილის სარეცელს მივეჯაჭვები, მე შენ გინატრებ მეგობარო. დავხუჭავ თვალებს,წარმოვიდგენ შენს გულწრფელ ღიმილს, მშვენიერ თვალებს, მადლიან ხელებს და  მადლობელი ვიქნები ღმერთის, რომ ამჯერად შენთან შეხვედრას სწორედ, რომ ჩემს გულში  შევძლებ.

5. სკოლის მოსწავლე, როდესაც ვიყავი ჩანახატებს ვწერდი. ჩემი მეგობარი კი ყოველთვის აღტაცებული იყო ჩემი ნაწერებით. შემდეგ, როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან ვთანამშრომლობდი, ის ყოველთვის ყიდულობდა ჟურნალებს, რომელშიც ჩემი სახელით ქვეყნდებოდა სტატიები. მოდიოდა ჩემთან, მოჰქონდა ტკბილეული და ასე ავღნიშნავდით გოგონები ჩემს წარმატებას. შემდეგ ინტერნეტმა დაიპყრო ადამიანების გულები. ჩემი ბლოგები თუ  პოსტები ინტერნეტ საიტებზე გამოჩნდა. და როდესაც ჩემი სტატია ქვეყნდებოდა ინტერნეტ სივრცეში, პირველი ლაიქი და კომენტარი, ყოველთვის მას ეკუთვნოდა. ამის გამო თვალები მევსებოდა ცრემლით. ის როგორც ბედისწერა, ყოველთვის თან მზდევდა, თითქოს ჩემს მოვალეობას მახსენებდა განუწყვეტლივ. ხან ჩემს სულში მოგზაურობდა, ხან  ყოველდღიურ სამყაროში არ მცილდებოდა გვერდიდან. განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ მე ნამდვილი მწერალი ვიყავი და მეც, უკვე ნაკლებად მეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი.

6. არასდროს დამავიწყდება როგორ შევხვდი ცხოვრების გზაზე ნამდვილ მეგობარს. ეს სკოლაში მოხდა,“გასულ საუკუნეში“. ჩვენ ორივე პატარები ვიყავით. მას მწვანე კაბა ეცვა, ორი ნაწნავი ჰქონდა ჩამოყრილი მხრებზე. უკანა მერხზე იჯდა.მე წინ ვიჯექი, მაგრამ მაშინათვე ვიგრძენი,რომ ჩემი ადგილი მის გვერდით იყო. მივხვდი, ამიერიდან ის გახდებოდა ჩემი ნამდვილი მესაიდუმლე. იმ დღეს,როდესაც სკოლიდან სახლში წამოვედით, მე მას პირველი საიდუმლო გავუმხილე. ვუთხარი,რომ თუ ჩვენ დავმეგობრდებოდით, მე მას ვერასდროს დავპატიჟებდი ჩემთან სახლში, რადგან ღარიბები ვიყავით, მამა ბევრს სვამდა და შემდეგ ჩხუბობდა. მან თვალებში შემომხედა, შემდეგ კი ხელი ჩამკიდა. მივხვდი, მას ეს ამბავი არ აღელვებდა. რადგან ყველაფრის მიუხედავად  სურდა ჩემთან მეგობრობა. შემდეგ ჩვენ  პურის ნამცეცებით დავაპურეთ ჩიტუნები, რომლებიც გზა და გზა  ბილიკებზე იყვნენ შეფენილნი და ბედნიერები ვიყავით. მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ  ამოიცნონ ადამიანში ნამდვილი მეგობარი და გულწრფელად ენდონ ერთმანეთს.

6. მახსოვს,როდესაც გასაჭირი შემხვდებოდა ცხოვრების გზაზე,  ჩემი მეგობარი, ყოველთვის ჩემთან იყო. ხელში ეკავა ჩემი ხელი და მამხნევებდა. ზოგჯერ მე სისხლისგან ვიცლებოდი,მაგრამ ის დანებების უფლებას არ მაძლევდა.ამიტომ  ყოველ ჯერზე ჩვენ  ვიმარჯვებდით უიმედობასა და სასოწარკვეთაზე, ტკივილსა და უბედურებაზე. თქვენ ფიქრობთ,  რადგან ასეთი მეგობარი მყავდა გვერდით, მე   ბედი მწყალობდა? რა თქმა უნდა ეს ნამდვილად ასე იყო.

7. ჩემი მეგობარი, რომელსაც მიეძღვნა  ჩემი  დღევანდელი პოსტი ჩემთვის ნამდვილი ანგელოზი იყო. ხელს არასდროს მიშვებდა, სულიერად მეხმარებოდა და საკუთარი თავის რწმენას მატებდა. ალბათ გაინტერესებთ მე როგორ გამოვხატავდი მის მიმართ სიყვარულს? მე მას  მეგობრული გული მივუძღვენი, რომელიც ვიცი საუკუნეზე მარადიული აღმოჩნდება.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply