რაზეც ყველა ოცნებობს ანუ, თავგადასავალი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის, რომლებიც ბავშვებს ჰგვანან

0
ერთ დღეს, როდესაც სახლში ცოტათი ადრე დავბრუნდი, გასაღები გადავატრიალე და კარები შევაღე, ჩემს წინ დავინახე საოცარი საღამოს ბინდი, ჩვეულებრივი კი არა, არამედ, უცნაური, რაღაცით განსაკუთრებული, ცოტა ჯადოსნური და ცოტა იდუმალი. ბინდი აივნიდან შემოდიოდა. ზურგს უკან კარები მივხურე და გაოგნებული მივაჩერდი ფანჯარას, რომელიც ახლა პატარა კარად ქცეულიყო, რომელიც საოცრებათა სამყაროში გადიოდა. ამ კარიდან ჩანდა სწორედ მელნისფრად შეღებილი, უსაზღვროდ დიდი და ზღვასავით აღელვებული ცა..
იმ საღამოს გადავწყვიტე ჩემი ოცნებებით აშენებული მცირე სამყარო თქვენთვის, ბავშვებისა და უფროსებისთვის, მოხუცებისა და პატარებისთვის გამეზიარებინა.
ეს არის პატარა მოთხრობა, რომელიც ჯერ არ დამიმთავრებია, იმიტომ, რომ ყოველთვის ვცვლი ხოლმე, ყოველთვის რაღაცას ვამატებ და ისიც გრძელდება და გრძელდება და ალბათ, ბოლოს, გაიზრდება და წიგნად იქცევა, ან უბრალო ზღაპრად დარჩება. თუმცა, აი კიდევ ერთი საიდუმლო, “უბრალო ზღაპრები” არ არსებობენ, იმიტომ, რომ ზღაპრები ოცნებებია, ოცნებები კი – მოციმციმე ვარსკვლავები! რა იცით, იქნებ თქვენი ვარსკვლავი ოდესმე მზედ იქცეს!
ჩვენ სახლებს ვგავართ,
სახურავი გვაქვს ყველაზე ფართო.
ცაში ყვავილები თუ არ გინახავთ,
აიღეთ ყვავილი, ხელი მაღლა ასწიეთ
და ცას შეხედეთ!
ჩემი ოტისი
(თავი პირველი)
იმ არაჩვეულებრივ სამყაროში, სადაც უკიდეგანო და შავად მოლაპლაპე წყლის სიღრმეში მთვლემარე ქალთევზების ფშვინვას ნიჟარები უსმენენ მხოლოდ, ხოლო, მოხუცი მეთევზეები ჯერ კიდევ ღონივრად ისვრიან ბადეს აქოჩრილი ტალღების უფსკრულში, უსაზღვრო მშვენიერება, სიკეთე და უდიდესი საოცრება სუფევს, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ. ხოლო მათ, ვისაც ამ სამყაროს დანახვა შეგვიძლია, ხშირად არავინ გვიჯერებს, ხშირად არც გვენდობიან ან დაგვცინიან. და თურმე, მხოლოდ ზღაპრებში როდი არსებობენ ცოცხზე შემომსხდარი კუდიანები, რომლებიც ყველგან შუღლსა და მტრობას თესავენ, ენის მიტანის მეტს არაფერს აკეთებენ და უამრავ დავიდარაბაში გაგხვევენ, თუკი ამის საშუალება მიეცემათ. არც გოლიათი დევებისა და უზარმაზარი ფრინველების, ფასკუნჯების ამბებია შეთხზული ზღაპრები მხოლოდ. ხოლო მეკობრეებისა და უბრალო ვაჭრების უთანხმოება, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. არც მითიური ტყის სულების, მათი ქალღმერთი დალის ან ჭინკების ოიბაზი ბელადის, ოჩოპინტრეს ამბებია გამოგონილი!

უბრალოდ, მას შემდეგ რაც დიდები ბავშვობას შორდებიან, ისინი კარგავენ იმის ნდობას და რწმენას, რაც ჯერ არ უნახავთ. უფროსებს ხომ მხოლოდ იმის სჯერათ, რასაც ხელით ეხებიან. ისინი აწმყოთი კი არა, მხოლოდ წარსულით ან მომავლით ცხოვრობენ და ვერც ამჩნევენ როგორ ჩაუქროლებს ხოლმე მეტროს მატარებლის ვაგონს გიგანტური ობობების გუნდი, ან, სულაც, უჩინარი, უდაბნოს ქვიშისფერი ფრთოსანი ცხენები ! როგორ დანავარდნობენ შუა გზატკეცილებზე!დიდებს, ბავშვებისგან განსხვავებით, აღარ სჯერათ ჯადოსნური ფანტაზიიის არსებობის! ამიტომ, დიდებო, ეს მცირე მოთხრობად ქცეული ამბავიც სწორედ იმას ემსახურება, რომ გაგახსენოთ ის სამყარო, რომელიც, თითქოს, აღარ ჩანს, სამყარო, სადაც თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასასრულებლადაც კი მხოლოდ მისი ჩაფიქრებაა საჭირო, ნამდვილი, ახალი წლის კუნა! პეტი ღამისა და დღის გზაგას აყარზე… ოცნებები კი ცაში ადიან, რადგან ძალიან მჩატენი არიან და სწორედ ესაა მთავარი, რაც მათ შესახებ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ისინი აუცილებლად, აუცილებლად აგისრულდებიან, თუკი არ უღალატებ და სულ მათზე იფიქრებ! ახლა კი, ჩვენს ამბავს მივხედოთ…

ყველამ იცის, რომ ის, რაზეც ოცნებობ, მართლა არსებობს და ცხოვრებაში, ერთი კვირის ან ერთი თვის მერე მაინც შეგხვდება. მე ბავშვობიდან თავგადასავლები მიყვარდა. ძილის წინ, ხან ხარირემზე ამხედრებული დავქროდი თოვლიან მთებში და გამოქვაბულებში, მოგუგუნე კოცონთან ვათენებდი ღამეს, ხან უზარმაზარ გემზე, ტყვედ გამომწყვდეული ველოდებოდი როდის შეუტევდა ჩემი ეკიპაჟი გაძვალტყავებული, კა! ციჭამიების არმიას, ხან მზით გაჩახჩახებულ ბულვარს მივუყვებოდი, ხან უკაცრიელ ტყეში დაკარგული მგლების ხროვას ვუმეგობრდებოდი, ან ალქაჯების წვეულებაზე მაქციის ტყავში გამოწყობილი ვყმუოდი მთელი სოფლის გასაგონად. ეს ყველაფერი კი, მართლა მომხდარა, ან მოხდება, უბრალოდ, უნდა გჯეროდეს. ჰოდა, მე დღესაც, ძილის წინ ხმალამოღებული მივქრი აფრიკის გაავებული სპილოების არმიასთან შესახვედრად. მე ყოველთვის მჯერა იმის, რაც ჯერ არ მინახავს, თუმცა, ვიცი, რომ არსებობს.
ეს ამბავი, რომელიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ან, თუ გნებავთ, ძალიან ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება, ერთი ბიჭის შესახებაა, რომელიც კუნძულ ოტისზე გაიზარდა. მას პეტრე კოსტა ჰქვია და ჩვეულებრივი, სხვა ოტისელი ბიჭებივით მთელ თავისუფალ დროს აქეთ-იქით ხეტიალსა და კუნძულის ძირფესვიან გადატრიალებაში ატარებს. რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, რომ ამდენი თავგადასავალი უნდა გადახდეს მამამისი, ტოი კოსტა, ერთი უბრალო დურგალი იყო. ოცი წლისამ გაიცნო ოტისის ყველაზე მდიდარი ვაჭრის ყველაზე ლამაზი და უმცროსი ქალიშვილი, ნინა. შეუყვარდა და მამის საშინელი წინააღმდეგობის მიუხედავად იქორწინეს. ამის გამო ნინას მამამ ოტისზე საკუთარი შემცვლელი დატოვა, თვითონ კი ბრაზილიაში, რიოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის თავზე ტოისა და ნინას შვილი შეეძინათ, პელა, პ! ეტრეს და. მერე კი, მათი ოახ ი კიდევ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც პეტრე გამოჩნდა. სახელები შეიძლება უცნაური გეჩვენოთ, მაგრამ იქ, სადაც პეტრე დაიბადა, ყველაფერი უცნაური იყო, და სახელები რატომ იქნებოდა გამონაკლისი?! ცამეტ წლამდე, ბიჭი ოტისში ცხოვრობდა, მერე კი, მისი ცხოვრება სულ თავდაყირა დადგა, თუმცა, ამის შესახებ მოყოლას მერეც მოვასწრებ.

ჰო, რაც მთავარია, არ უნდა დამავიწყდეს: კუნძული ოტისი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კუნძულია შავ ზღვაში. დღეს ადამიანებს სულ გადაავიწყდათ მისი არსებობის შესახებ, იმიტომ, რომ უკვე თვითმფრინავებით ეზიდებიან საუკეთესო აბრეშუმსა და ხალიჩებს, მაშინ კი, როცა მე დავიბადე, ოტისზე გადიოდა ინდოეთიდან და ჩინეთიდან წამოსული აბრეშუმის გზა. ისე, მე მიხარია კიდეც, რომ ბევრი ადამიანი აღარ ცხოვრობს კუნძულზე, მშვენიერი სახლის აშენებას ვაპირებ, ზღვის პირას, ევკალიპტების ტყეში, რომელიც, მართალია ოჩოპინტრესა და მისი ქვეშევრდომი ჭინკების თავშესაფარს წარმოადგენს, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი შიშით კაციშვილი არ ეკარება და სიწყნარეა. პეტრე, ოჩოპინტრეს, ჭინკების მბრძანებელს საკმაოდ კარგად იცნობს და მისი ხათრით მეც პირადად დამპატიჟა თავის ბუნაგში. ცივილიზაციები აქ ვერ აღწევენ. ოჩოპინტრეს ბუნაგი ხომ ტყის ქვემოთ, მიწაში ღრმადაა ჩამარხული და საიდუმლო შესასვლელებისგან, ხის ფესვებგაჩრილი დერეფნების, დაბალი, ხის სვეტების და უამრავი პატარა, მყრალი და ბნელი ოთახისგან შედგება.

ადრე კუნძულ ოტისზე გახურებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. დიდ ბაზრობაზე (ასე უწოდებდა ხალხი ოტისის მთავარ მოედანს, სადაც მრგვალი შადრევნის გარშემო დახლები საქონელს ვერ იტევდა კვირა დილით) ვის არ ნახავდით: წითელ-ყვითელ ჩალმებში გამოწყობილ, შავულვაშებდაწკეპილ სპარსელებს; თეთრი მოსასხამებით დარბაისლურად მოსიარულე არაბებს; ტანდაბალ, მაგრამ ამაყ ინდოელებსა და ნეპალელებს; მკაცრი სახის ჩინელებსა და დიდშუბლიან მონღოლ დიდებულებს; მაღალ, ნაცრისფერ და შავ ცილინდრებში გამოწყობილ, ხელჯოხიან, დარბაისელ ბრიტანელ ლორდებს; თეთრპარიკიან, აზიზ ფრანგებსა და უხეშ, მოყაყანე იტალიელებს; მუდმივად მოკამათე და ენაწყლიან თურქებს; ამპარტავან ბერძნებს; გაოცებულ, გოლიათებივით მოსიარულე აფრიკელ მასაებს; გრძელ, ყავისფერ, ჯვალოს ანაფორაში გამოწყობილ კათოლიკე ბ! ერებს; აჟღურტულებულ ბრაზილიელებს და უშუალო ამერიკელებს; ყირამალა მოსიარულე ცირკის ჯამბაზებსა და ბუთხუზა მწყემსებს აღმოსავლეთ კავკასიონიდან. თუმცა, ხშირად ოტისს ისეთი უცნაური არსებებიც სტუმრობდნენ, რომლებსაც ახლა, სამწუხაროდ ვერსად შეხვდებით. მაგალითად: გრძელცხვირა და წითელკანიანი ალქაჯები; ინდიელთა ახმახი, ბეჭებში გამართული, წითელკანიანი ბელადები; სამხრეთის წყლების სახელგანთქმული მეკობრეები; უცნაურად მოდუდღუნე გოლიათები, რომელთა სიმაღლე ხშირად ოთხ მეტრსაც აღემატებოდა; მოლაპარაკე და კეთილშობილი, ჩრდილოელი, თეთრი მგლები; უდაბნოს ქვიშისფერ ცხენებზე ამხედრებული, ლამაზი ახალგაზრდა ეგვიპტელები; საოცრად სწრაფი და მოხერხებული, ქერათმიანი სამხრეთელი ელფები ხორბლისფერი კანით და გველეშაპებისა და სფინქსების მომთვინიერებელი, მოხეტიალე მოგზაურები; მუდმივა! დ იდუმალი გამომეტყველებით— მოსეირნე და სიტყვაძუნწი, თავისუფალი კენტავრები კორრომარტოების ტომიდან; ათასი ჯურის ჯუჯები და გნომები (ეს ორი ერთმანეთში რომ აგერიოთ, საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს); თმაგაჩეჩილი ფილოსოფოსები და კუდიანები, რომლებიც მაშინვე ამოგაცლიდნენ ჯიბიდან ერთ-ორ გროშს, როგორც კი ამის საშუალება ეძლეოდათ.
ყველა ეს არსება, ადამიანი, მოგზაური თუ ოტისის ძირძველი მკვირი, კვირა დილით ძალიან ადრე იღვიძებდა და ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა. ოტისი დიდი კუნძული არ არის, ამიტომ, მის მთავარ ქალაქსაც ქალაქი ოტისი ჰქვია, რომელსაც ჯერ კიდევ კოლხების დროინდელი, უძველესი და მრავალი შელოცვით გამაგრებული გალავანი იცავს. გალავნის ჩრდილოეთით საჩვენეთის ტყე არის. ტყე ცნობილა, როგორც გზააბნეული მოჩვენებების თავშესაფარი, ამიტომ, ახლოსაც არავინ ეკარება. თავიდან გაუვალი ტყე, მერე ნელ-ნელა ძალიან ლამაზ ევკალიპტის ჭალაში გადაიზრდება და კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაპირამდე გრძელდება. (აი, სწორედ აქ ვაპირებ პატარა ქოხის აშენებას, როცა საკმაოდ დავბერდები მოგზაურობისა და ხიფათიანი თავგადასავლებითვის.) პეტრეს, სიმართლე რომ ვთქვათ, არასდროს სჯეროდა ამ მოჩვენებების და ამიტომ ბავშვობაშივე ძირფესვიანად გადაწყვიტა საჩვენეთის გამოკვლევა (საჩვენეთი სწორედ მოჩვენებების გამო დაარქვეს), თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვისაც მოჩვენებები თვალით არ გინახავთ, მაშინვე ნურც გაიფიქრებთ და, მით უმეტეს, ხმამაღლა ნუ განაცხადებთ, რომ ისინი არ არსებობენ. რა იცით, ეგებ სადმე ამ სიტყვების გამო გაბრაზებულ, რომელიმე ავ მოჩვენებას შეეფეთოთ. ხოლო თუ მა! ინც არსად შეხვდებით, არც ეს უნდა იყოს სიხარულის მიზეზი. შეიძლება ითქვას, ბევრი დაკარგეთ, თუ სადმე ერთ-ორ მოჩვენებას მაინც არ გადაჰყრიხართ!
ქალაქს აღმოსავლეთით პორტი ესაზღვრებოდა, სადაც შაბათობით უამრავი გემი იყრიდა თავს, ზოგი მათგანი დასავლეთიდან, ზოგი კი იბერიიდან მოდიოდა. სულ დამავიწყდა, იმ დროს საქართველოს აღმოსავლეთის იბერიას ეძახდნენ, ხოლო ქართველებს – იბერიელებს. გემები ძირითადად დატვირთული შემოდიოდა, მათი კაპიტნები საქონელს ცვლიდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, სამშობლოში. საქმე ის გახლავთ, რომ ოტისზე ! გადასახადები ძალიან დაბალი იყო, ამის გარდა, ბოშებმა შესანიშნავად იცოდნენ, როგორ აერიდებინათ თავი ამ გადასახადებისთვისაც კი. ამიტომ, თუ ბოშა მეგობარი გყავდათ, ოტისში სარფიანად ივაჭრებდით და ჯიბეებდამძიმებული დაბრუნდებოდით სამშობლოში, საიდანაც არ უნდა ყოფილიყავით. თუმცა, ოტისის შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ეს გადასახადები იყო და ამიტომ მერიის სპეციალური კონტრები (კონტროლიორებს მოკლედ კონტრებს ეძახდნენ) ძალიან მკაცრად აჯარიმებდნენ მას, ვისაც გადასახადების დამალვაში ედებოდა ბრალი. ჯერ სამი დღით ციხეში აყურყუტებდნენ, მერე კი გაასამართლებდნენ და დამალულ თანხაზე სამჯერ მეტს ახდევინებდნენ. ამიტომ, ბოლო დროს ბოშების ბიზნესი არც ისე კარგად ყვაოდა. სამაგიეროდ, კინტოების კლანი, რომლებიც კონტრების გამაწონასწორებელი ძალა იყო და ძირითადად უცხოელ კლიენტებს იცავდა, დიდძალ ფულს აკეთებდა საკუთარი ადვოკატურით. სიმართლე რომ ითქვას, ისინი ერთადერთნი იყვნენ, ვისი იმედიც კონტრაბანდისტ უცხოელებს ჰქონდათ. თუმცა, ხალხი იმასაც ამბობდა, კინტოები და მერიის კონტრები შეკრულები არიან და ორივე ოტისის მთავრობის დაკვეთით მუშაობსო. არცაა გასაკვირი, რას გაიგებ, ოტისი ბინძური პოლიტიკის ნამდვილ ბუდეს წარმოადგენდა, თუმცა, მისი მერი, ბატონი იოკშოზიკი, მაინც ახერხებდა ოტისისთვის კარგი ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ოტისზე ერთი მდინარე იყო, პერსა. პეტრესაც, როგორც კუნძულზე მცხოვრებ ყველა ბავშვს, ძალიან უყვარდა იქ თამაში, სანამ, ერთ დღეს ერთი ბოშა არ დაიხრჩო. ამის მერე მამამისმა აუკრძალა პერსაში ცურვა, თუმცა, არ მახსოვს ერთი დღე მაინც გაეცდინოს ისე, რომ მისი ეს ახალი წესი არ დაერღვია. საქმე ისაა, რომ უსაშველოდ მოუსვენარი და ძალიან ცელქი იყო, როგორც დედამისი ირწმუნებოდა. თუმცა, მგონი აჭარბებდა, აბა, როგორ შეიძლება ისეთ უწყინარ ხუმრობას, როგორიცაა მოხუცი ბებიამისის ყველა წინდის გადამალვა, ცელქობა ეწოდოს?! არ გეგონოთ, ეს ძალიან ეამაყებოდეს ან გულადი ეგონოს თავი, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: ამ ოინების გამო პეტრეს ბევრი თავგადასავალი გადახდა თავს, ბევრ შარშიც გაეხვა და რომ არა ონავრობის მდიდარი გამოცდილება, ალბათ, დასაწერიც არაფერი იქნებოდა.
ოტისზე ასევე ორი პატარა სოფელი იყო. უფრო სწორედ, სოფელი კი არა, დასახლება. ერთს ბარაკებს ეძახდნენ, რადგან ბოშები, მოლდაველები და ქურთები ცხოვრობდნენ, კარვებს შლიდნენ, ან პატარა ვაგონებში იძინებდნენ. მეორეს კი მარმარისი ერქვა. იქ ძირითადად წარჩინებული ადამიანები, პოლიტიკოსები, ვაჭრები, პატივსაცემი უცხოელები, ცნობილი მწერლები, მსახიობები და მომღერლები ცხოვრობდნენ. მარმა! რისში კოხტა, პატარა, ორსართულიანი ან სამსართულიანი სახლები იდგა, ყველას ლამაზი აივანი და პარმაღი ჰქონდა. ზოგი სახლი ღია ბალახისფერ მწვანედ შეეღებათ, ზოგი მოწმენდილ ცისფრად, ზოგიც ახლადგაფურჩქნული იასამნისფერი ან ვარდიფერი იყო. მარმარისში შუასაუკუნეების პრესტიჟული სკოლა – კოს-იო-მარი მდებარეობდა, სადაც უამრავ ენას ასწავლიდნენ, მათ შორის ქალთევზებისა და გობლინების ენებსაც, ასევე ძველი ბერძნული, და ლათინური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული, ჟესტების ინტერნაციონალური ენა და უამრავი სხვა საგანი, მაგალითად: ბიოლოგია, ქიმია, კვანტური ფიზიკა, უმაღლესი მათემატიკა, ძველი ეგვიპტური იეროგლიფები, მსოფლიოს ხალხების ლიტერატურა და გრამატიკა, რომელსაც ვერავინ იტანდა. აქვე იყო ცნობილი გრანდ-კონსერვატორია და სამეფო თეატრი. მართალია ოტისს მეფე არასდროს ჰყოლია, მაგრამ, თეატრს მაინც სამეფო ერქვა. ხშირად საცირკო წარმოდგენებიც იქ იმართებოდა, რასაც დასახლების ელიტა მოთმინებით იტანდა ხოლმე. უბრალო მუშებისა და მსახურების შვილებმა კოს-იო-მარის პრესტიჟულ სკოლას „კოშმარი“ შეარქვეს. მაშინ აბა ვინ იფიქრებდა, რომ მომავალში ასე დასჭირდებოდათ ქალთევზებისა და აფრიკელი ხალხების ენების ცოდნა…
აი, ასეთი იყო ოტისი, მხიარული, ხმაურიანი, მზიანი და სხვადასხვა წარმომავლობის, სხვადასხვა მიზნებით მოსული ხალხის თავშესაყარი, ჩახლართული პოლიტიკის ცენტრი, პეტრესთვის კი, უბრალოდ უსაყვარლესი ქალაქი, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა. შემოდგომისას ოტისს წვიმიანი, შავ-ღრუბლიანი დღეები ეხვეოდა. ხშირად ქარბორბალა ან გაშმაგებული ზღვაც უტევდა. ამ დროს ბავშვებს სასეირ! ნოდ და მზესუმზირის საკნატუნოდ არ უშვებდნენ მშობლები, რაც ძალიან დასანანია, იმიტომ, რომ ქარბორბალას, როგორც ამბობენ, შეუძლია ჰაერში აგაფრინოს და თავბრუ ისე დაგახვიოს, რომ თვალის დახამხამებაში ტროპიკულ, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდები! თუმცა, იმის შანსიც დიდია, რომ კაციჭამია დინოზავრების ხროვის შუაში გამოგეღვიძოს, ამ უკანასკნელებთან კი საუბრით ბევრ ვერაფერს გახდები. ზამთრობით დიიიიიიდი თოვლი მოდიოდა და ისე ყინავდა, რომ ნამდვილი ჩრდილოეთ პოლუსი გეგონებოდათ. პეტრეც ასე ფიქრობდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ პოლუსს ეწვია, ნამდვილად დააფასა ოტისის ზამთრის ყინვით ატკეცილი დილა, რადგან ჩრდილოეთ პოლუსზე, იქ, სადაც ჩრდილოეთის ციალი ფერადი და უმსუბუქესი ფატასავით ფრიალებს, გაცილებით ცივა! თუმცა, სინამდვილეში, პეტრეს ყველაზე მეტად გაზაფხულობით უყვარდა ოტისი, როცა ვაშლის ხეები ვარდისფრად აფეთქდებოდა ხოლმე, აიფოფრებოდნენ გაავებული ფასკუნჯებივით (რომელთან პირისპირ შეყრასაც არავის ვურჩევდი), გაიფხორებოდნენ ეს ხეები და მთელი ქალაქი ლამაზ, ვანილის ნაყინს ემსგავსებოდა პეტრეს უცნაური თავგადასავალიც სწორედ ერთ, ადრეული გაზაფხულის საღამოს დაიწყო, როდესაც სახლში რკინის პატარა ზარმა გაიწკრიალა, ორიოდ წამის მერე კი მუხის კარზე მსუბუქად დაუკაკუნეს.
საბა გვეტაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply