პიროვნული მიღწევის მოტივაცია

0

ადამიანებში მიღწევის მოთხოვნილებების არსებობის შესახებ ჰენრი მარეი ამბობს, რომ მიღწევის მოთხოვნილების ძალა განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში და გავლენას ახდენს მათი  წარმატების მიღწევისა და საკუთარი მოღვაწეობის ტენდენციაზე.

დევიდ მაკლელანდი მიღწევის მოთხოვნილებებში სიძლიერის დასადგენად ფანტაზიას იყენებდა და ამბობდა: „თუ გსურთ იცოდეთ რა ხდება ადამიანის თავში, არ ჰკითხოთ მას ამის შესახებ, რადგან მას არ შეუძლია პირდაპირ , ზუსტად გითხრათ. დაინტერესდით მისი ფანტაზიებითა და ოცნებებით. თუ ამას გარკვეული დროის მანძილზე გააკეთებთ, აღმოაჩენთ იმ თემებს, რომელსაც მისი გონება კვლავ და კვლავ უბრუნდება. ამ თემების გამოყენება მისი ქმედების ასახსნელად შეიძლება“.

მიღწევის მოთხოვნილება განსაზღვრავს ინდივიდუალურ განსხვავებებს იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისათვის მიზნის დასახვა და მის მისაღწევად შრომა. მიღწევის მოთხოვნილების მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდები უფრო მეტად მიიწევენ ზემოთ, ვიდრე დაბალი მაჩვენებლის მქონენი. მაგალითად, ის ვაჟიშვილები, რომლებსაც მიღწევის მაღალი მაჩვენებლი აქვთ, მეტად აღწევენ თავიანთ მამებზე უფრო მაღალ სტატუსს, ვიდრე ისინი, ვისაც დაბალი მაჩვენებლი აქვთ. ასევე, იმ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებსაც მიღწევის მაღალი მაჩვენებლი აქვთ, 31 წლის ასაკში, მათი შრომის ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე 41 წლის ასაკში მიღწევის დაბალი მაჩვენებლის მქონეებისა. ამ მონაცემების მიუხედავად, მიღწევის მაღალი მაჩვენებელი გულმოდგინე შრომის გარანტი არ არის, თუ წარდგენილი ამოცანა რთულად ეჩვენებათ, მალევე ანებებენ თავს მის გადაწყვეტას. მიღწევის მოტივაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდებისათვის სასურველია შედეგების მიღება ნაკლები ძალისხმევით.

პიროვნულ წარმატებაში დაინტერესებაზე გავლენას ახდენს წარმატებისა და მარცხის ატრიბუცია, ანუ ის, თუ რაზე მოახდენს ინდივიდი შედეგების მიზეზების მიწერას, გარეგან თუ შინაგან ფაქტორებზე. გამოიყოფა ატრიბუციის ორი სტილი: პესიმისტური, რომელიც მიმართულია მარცხის შინაგანი წარმოშობის მიზეზებზე მიწერისაკენ და აქვს დამოკიდებულება – „მე ამას ვერ შევცვლი და ეს გავლენას მოახდენს ყველაფერზე“, ხოლო ატრიბუციის ოპტიმისტური სტილი მარცხს გარეგანი მიზეზების შედეგად განიხილავს. თუ ადამიანი გამოიმუშავებს წარმატებისა და მარცხის ოპტიმალურ სტილს, შეძლებს სიტუაციაში შესაძლო მიზეზების მოძიებით თავიდან აიცილოს წარუმატებლობის უარყოფითი ატრიბუცია. დროებით ჩავარდნებს უფლება არ უნდა მისცეთ, რომ შეგირყიოთ მოტივაცია!

მიღწევის მოთხოვნილებების გაზომვა იმისათვისაა საჭირო, რომ გამოითქვას ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ადამიანის ცხოვრება.

გამომგზავნი/ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,ფსიქოლოგიის მიმართულების II კურსის სტუდენტი – ბაია კუბლაშვილი.

გაზიარება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. მიმართულება ფსიქოლოგია/ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply