პინგვინი, რომელმაც სტუდენტი მარტოობისგან იხსნა

0

ტომ მიშელი სკოლა-ინტერნატში ინგლისურ ენას ასწავლიდა. ზამთრის შვებულება ურუგვაიში გაატარა, სადაც სანაპიროზე ზეთში ამოსვრილ პინგვინს გადააწყდა. მიშელმა პინგვინი სახლში წაიყვანა, დაბანა, აჭამა. ერთმანეთს ისე შეეჩვივნენ, რომ ტომმა თავისთან საცხოვრებლად წამოიყვანა. ხუან სალვადო დაარქვა, სახლი ტერასაზე გაუკეთა, სადაც პინგვინი მზის სხივებითა და ბევრი სტუმრით ტკბებოდა. ტომი კი იმ სიხრულს აღწერდა, რომელსაც მნახველებს პინგვინი ჰგვრიდა:

„პინგვინი სკოლაში წავიყვანე. ერთ-ერთმა მოსწავლემ, დიეგო გონსალესმა, ჩემი დახმარება გადაწყვიტა. დიეგო სკოლაში 13 წლის ასაკში მოვიდა. ძალიან მშიშარა ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. განსაკუთრებული ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა. მისთვის ზედგამოჭრილი არც დამატებითი აქტივობები აღმოჩნდა. არც ინგლისური იცოდა სრულყოფილად და არც ესპანური. ნოსტალგიები ტანჯავდა. ალბათ ოჯახის დატოვებისთვის მზად ჯერ არ იყო. ძალიან ენატრებოდა. ხუან სალვადოსთან დიდ დროს ატარებდა. დიეგოს მეგობრებიც ჰყავდა, თუმცა ისინიც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ერთხელ, როდესაც სკოლის საცურაო აუზის დასუფთავებას აპირებდნენ და მოცურავეები გავიდნენ, დიეგოს და მის მეგობრებს ხუან სალვადოს მოყვანა ვთხოვე. წყალი შეათვალიერა. ვანიშნე, ჩამხტარიყო. ჯერ მე შემომხედა, მერე აუზს. კიდევ გაუმეორე, რომ წყალში ჩასულიყო. ფრთების ერთი მოქნევით წყალში ისარივით გადაფრინდა. მოპირდაპირე კედელს შეეჯახა. დიეგომ და მეგობრებმა ამოიოხრეს. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ენერგიულად დაეშვა წყლისკენ.

ვუყურებდი, როგორ ხტუნაობდა აუზის ერთი ბოლოდან მეორესკენ. აუზი 25 მეტრის სიგრძის იყო. აშკარა იყო, რომ თავისუფლებისგან ტკბებოდა. თავისი ბუნების გამოხატვის საშუალება ჰქონდა და ასეც იქცეოდა. დიეგო და მეგობრები პინგვინს გულშემატკივრობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ დიეგომ მთხოვა, შევუერთდებიო. მეც მხოლოდ 5 წუთით ცურვის უფლება მივეცი.

,,მხოლოდ ხუთი წუთი’’? – მკითხა დიეგომ.

მისი მხრიდან ასეთი მონდომება არასდროს მიგრძნია.

,,წყალი ცივია, უკვე გვიანია. დარწმუნებული ხარ რომ გინდა‘’? – ვკითხე.

,,გთხოვთ’’.

,,კარგი, ოღონდ ცოტახნით’’.

თვალებგაბრწყინებული დიეგო გამოსაცვლელად გავარდა. დაბრუნებულმა სწრაფად ჩაყვინთა წყალში.

გავოცდი. იმით კი არა, რომ დიეგო ცურავდა, არამედ თავად სანახაობით. ასეთი რამ აქამდე არ მენახა. საოცარი სილამაზე იყო. ცეკვას ჰგავდა.

დიეგო შეთანხმებისამებრ, 5 წუთის შემდეგ წყლიდან ამოვიდა. პინგვინი ჩემს ფეხებთან მუცლით მოსრიალდა.

ვერაფერს ვამბობდი. საოცარი სანახაობის მომსწრე გავხდი. დიეგო ჩვეულებრივი არ იყო, რაღაც განსაკუთრებული ნიჭი დავინახე, თუმცა ამას აქამდე ვერავინ ვხვდებოდით.

– დიეგო, შენ ცურვა შეგიძლია.

– დიახ, შემიძლია. მადლობა.

– არა, მე სხვა რამ ვიგულისხმე. შენ ბრწყინვალედ ცურავ!

– ასე ფიქრობთ?

დიეგო თვალებში არ მიყურებდა, თუმცა მის სახეზე ღიმილი მაინც დავინახე. მითხრა, რომ ცურვა მამამ ბოლივიაში ასწავლა. შემდეგ განაგრძო და თავის შესახებ მიყვებოდა, ინტერესებზე, ჰობებზე. მეც ვუსმენდი და ინგლისურს არ ვუსწორებდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სულ სხვა ადამიანს ვესაუბრებოდი.

სახლში დაბრუნებულმა ღვინის ბოთლი ავიღე და ხუან სალვადოსთან ერთად კომფორტულად მოვთავსდი. ბნელდებოდა. ვარსკვლავები ჩნდებოდა. ყოველთვის ვინახავდი თევზს სალვადოსთვის, ახლაც მქონდა, პინგვინი ჩემს ფეხებთან კომფორტულად მოკალათდა. ღვინო ჭიქაში ჩამოვასხი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამით ღმერთს მადლობას ვუხდიდი…“

ტომ მიშელე

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply