პატარა მუსიკოსის უკანასკნელი კონცერტი – ამბავი, რომლის მოსმენა უცრემლოდ შეუძლებელია

0

ის მუდამ 11 წლის გმირად დარჩება ხალხის თვალში – გმირად, რომელსაც ერთი ტყვიაც კი არ გაუსვრია ბრძოლის ველზე, ერთი პროკლამაცია არ გაუვრცელებია სამშობლოს დაცვის მოწოდებით, არცერთი ასაფეთქებლი სითხით სავსე ბოთლი არ შეუგდია ფაშისტების მატარებლის ქვეშ, თუმცა მისი სახელი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში შევიდა, როგორც პატარა გმირისა. მისი ბრძოლა ფაშისტებთან სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა, მისი იარაღი იყო ვიოლინო და საოცარი ვაჟკაცობა….

მას არავინ არ იცნობდა სრული სახელით-აბრაამი. ბიჭუნას ყველა მუსიას ეძახდა-სახელს, რომელიც დედამისმა დაარქვა. მუსია პინკენზონი დაიბადა 1930 წლის 5 დეკემბერს მოლდავეთის ქალაქ ბელციში, რომელიც მაშინ რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა. მუსიას ოჯახი იყო კლასიკური ებრაული ოჯახი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პინკენზონებმა ბელციში შექმნეს ექიმების მთელი დინასტია, რომელიც რამოდენიმე თაობას ითვლიდა და მუსიას მამა ვლადიმერ პინკენზონი ამ დინასტიის გამგრძელებელი იყო. ექიმ პინკენზონს ქალაქ ბელციში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა.

მუსიას ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში აღმოაჩნდა მუსიკისადმი მიდრეკილება და საოცარი ნიჭი. უკვე 5 წლის ასაკში ის ისე ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე, რომ ქალაქის მთელი გაზეთები წერდნენ პატარა ვუნდერკინდზე და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 1940 წელს ბესარაბია და მასთან ერთად ქალაქი ბელცი სსრკ-ის შემადგენლობაში შევიდა. პიონერი მუსია კვლავ აგრძელებდა მუსიკაში მეცადინეობას, ხოლო ვლადიმერი ავადმყოფების მკურნალობას.

1941 წლის ივნისში პატარა მევიოლინეს მონაწილეობა უნდა მიეღო ბავშვთა პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, თუმცა ომის დაწყებამ ყველა გეგმა და მომავლის იმედი დაამსხვრია.

პინკენზონების ოჯახის ევაკუაცია ყუბანში, სოფელ უსტ-ლაბინსკში მოხდა, ვლადიმერ პინკენზონი სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი გახდა, ხოლო მუსია ადგილობრივ სკოლაში წავიდა. საღამოობით ის მამასთან მიდოდა ჰოსპიტალში და დაჭრილებისათვის ვიოლინოზე უკრავდა.

1942 წლის ზაფხულში ყუბანი უკვე აღარ წარმოადგენდა ღრმა ზურგს, გერმანელების მიერ ელვის სისწრაფით განხორციელებულმა შეტევამ ახალი ევაკუაცია მოითხოვა, თუმცა უსტ -ლაბინსკის ჰოსპიტლიდან ვერც დაჭრილების და ვერც სამხედრო ექიმების გაყვანა ვერ მოასწრეს. ექიმი ვლადიმერ პინკენზონი, რომელიც ბოლო წუთამდე დაჭრილებთან დარჩა, ფაშისტებმა დააპატიმრეს და უბრძანეს მათი ავადმყოფებისათვის ემკურნალა, რაზეც საბჭოთა ექიმმა უარი განაცხადა, ამიტომ ის ციხეში ჩააგდეს, რათა რამოდენიმე დღეში სხვებთან ერთად დაეხვრიტათ. ორიოდე დღის შემდეგ ვლადიმერთან ერთად აღმოჩნდა ციხეში მისი ცოლი და შვილიც. გერმანელებს სურდათ უსტ-ლაბინსკში მცხოვრები ებრაელების მხოლოდ ლიკვიდაცია კი არა, საჩვენებელი დამსჯელი აქციის მოწყობა ხალხის დასაშინებლად.
სიკდილით დასჯის დღეს სოფლის ცენტრში მთელი ადგილობრივი მოსახლეობა მორეკეს, ეშაფოტთან კი რამოდენიმე ებრაელი მოიყვანეს, რომლებიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ. როცა ადგილობრივებმა მათ შორის 11 წლის მუსია დაინახეს, ხალხს უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა: ის ხომ ბავშვია, ბიჭუნა მაინც შეიცოდეთ, -ამბობდნენ ბავშვის დანახვით შეძრწუნებული ადამიანები.

ვლადიმერ პინკენზონი გერმანელი ოფიცრისაკენ შებრუნდა და თხოვა, რომ მისი შვილი შეეწყალებინათ, პასუხად ფაშისტის რევოლვერის ხმა გაისმა და სამხედრო ექიმი უსულოდ დაეცა მიწაზე. იგივე ბედი ეწია მის ცოლსაც, რომელმაც მიწაზე დაცემული ქმრისაკენ გაიწია მისაშველებლად.

ის სულ მარტო დარჩა მტრის წინაშე-11 წლის ბიჭუნა, გარშემორტყმული ნამდვილი არიელებით, რომლებიც მას-ებრაელს არასრულფასოვან ქმნილებად თვლიდნენ და დაცინვით უყურებდნენ. გერმანელების რიგებს უკან უსტ-ლაბინსკის მოსახლეობა იდგა საშინელების მოლოდინში; ისინი შიშით ხმაგაკმენდილი, დაძაბული ადევნებდნენ თვალს ამ შემზარავ სანახაობას და არაფრით არ შეეძლოთ დახმარებოდნენ უმწეო, 11 წლის ბავშვს, რომელსაც ვიოლინო ჩაეხუტებინა გულში და რომელსაც სიკვდილი თვალებში უყურებდა.

უცებ ამ სიჩუმეში მუსიას ხმა გაისმა: – ბატონო ოფიცერი, ნება მომეცით სიკვდილის წინ უკანასკნელად დავუკრა ვიოლინოზე!

გერმანელმა ოფიცერმა გაიცინა და დათანხმდა. ის ფიქრობდა, რომ პატარა ებრაელი ამ ხერხით მას თავს შეაცოდებდა და მუხლებზე დაჩოქილი გამოთხოვდა სიცოცხლეს.

წამის შემდეგ უსტ-ლაბინსკის თავზე მუსიკის ჰანგები გაისმა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ვერც გერმანელები, ვერც ადგილობრივები ვერ მიხვდნენ, რომ ეს საოცარი ხმა მუსიას ვიოლინოდან იღვრებოდა. უფრო სწორად, ისინი ხვდებოდენ, რაც ხდებოდა, თუმცა ამის დაჯერება ძალიან ძნელი იყო.

გერმანელების წინ მდგარი 11 წლის მუსია პინკენზონი უკრავდა ”ინტერნაციონალს” -კომუნისტების ჰიმნს, რომელიც იმ დროს სსრკ-ის ჰიმნიც იყო. ..

უცებ ხალხის ბრბოში ვიღაცა გაუბედავად, მაგრამ მაინც აჰყვა მუსიკას, შემდეგ კიდევ ერთმა აუწყო ხმა ვიოლინოს, შემდეგ კიდევ ერთმა და….სოფლის თავზე მძლავრი სიმღერა აგუგუნდა.

გონს მოსულმა გერმანელმა ოფიცერმა განრისხებულმა იღრიალა: – გაჩერდი, ღორო..

გაისმა გასროლის ხმა; პირველმა ტყვიამ მუსია მხოლოდ დაჭრა, ის კვლაც ეცადა გაეგრძელებინა დაკვრა, მაგრამ ტყვიების ზალპმა პატარა მევიოლინის სიცოცხლე შეწყვიტა.

გაცოფებულმა ჰიტლერელებმა კიდევ რამოდენიმე ებრაელი დახვრიტეს და ხალხი გარეკეს. ფაშისტების საჩვენებელი, დამსჯელი აქცია მათ სირცხვილად და დამცირებად გადაიქცა. სიკვდილის პირისპირ მდგომმა 11 წლის ბიჭუნამ სულის ისეთი სიძლიერე გამოიჩინა, რომლის წინაშე ფაშისტური იარაღის ძალაც კი უძლური აღმოჩნდა.

იმ დღეს უსტ-ლაბინკში მცხოვრებმა ადამიანებმა გამარჯვების ირწმუნეს. მათ ეს რწმენა პატარა მევიოლინემ დაუბრუნა.

ომის შემდეგ იმ ადგილას, სადაც მუსია პინკენზონი დახვრიტეს, ამჯერად უკვე ქალაქ უსტ-ლაბინსკის მცხოვრებლებმა ძეგლი აღმართეს იმ ქარცეცხლიანი დღეების და პატარა მევიოლინის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
image

ავტორი

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply