ოცნება,რომელმაც გაგვზარდა

0
“ ოცნება– ნიშანი აზროვნებისა“
ყველას გვაქვს რაღაც, რამაც შეგვცვალა ან ოცნება რომელმაც გაგვზარდა.
შორეულ თუ ახლო წარსულში. დღესაც, ერთი წუთის წინ ჩვენ ვოცნებობდით. დაუფიქრებლად ამის გაუაზრებლად მაგრამ ჩვენ ყველა ვოცნებობდით…
ვოცნებობთ: უკეთეს ყოფაზე, ჯანმრთელობაზე, ბევრ ფულზე, მოგზაურობაზე „მაგარ მანქანაზე“ თუნდაც უბრალოდ უმნიშვნელო რაღაცაზე … და ყველას ოცნება თავისებურია, ისევე როგორც ოცნების დასაბამი ტკბილი ბავშვობა…
მართლა ასე იყო, არ ვიცოდით ვინ ვიქნებოდით. ხან ექიმობა გვინდოდა, ხან მასწავლებლობა ხან მსახიობობა და ეს იქიდან გამომდინარე თუ ვინ იყო ჩვენს გვერდით. ვბაძავდით მას სიამოვნებით აღფრთოვანებით და ვერც კი ვხვდებოდით, რომ თუნდაც ის უმცირესი უმნიშვნელო დეტალი რაც მიბაძვისას შევიძინეთ, ცხოვრების ბოლომდე თან გაგვყვებოდა, მეტიც, ამ რაღაცას უცებ ჩვენად აღვიქვამდით უფრო მარტივად ვიტყვი, საუბრის სტილი, სიარულის მანერა ხასიათის ცვალებადობა ანდაც სიმტკიცე და ა.შ. ბავშვობის დროიდან იღებს სათავეს, შეიძლება ჯერ არ მეთანხმები, მაგრამ დაუფიქრდი, ჩაუღრმავდი შენს თავს და მითხარი ხომ არ ვცდები, ეს ხომ მართლა ასეა?
ჩვენ ვინც ვართ, რანიც ვართ ამ ყველაფრის უკან ის ბავშვური ტკბილი ოცნებები და ფიქრები დგას. როგორი ვიქნები, რომ გავიზრდები…
როგორც ყველას მეც მყავდა ჩემი მისაბაძი ხალხი, რეალური ადამიანები, ზოგი ისტორიის ბრწყინვალედ დამწერი და ზოგიც „ჩრდილში მდგომი მოკარნახე“. ცოტნე დადიანი შალვა მაღლაკელიძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მიხა ხელაშვილი… თუნდაც ეს ხალხი ეს უკვდავები რომლთაც სიცოცხლეშივე შექმნეს საუკუნო ლეგენდები… ამ ხალხის ისტორიებზე ვიზრდებოდი, თუმცა არც ერთის ჩამომავალი არ ვარ. მიზიდავდა მათი ცხოვრებისეული, ხშირად საბედისწეროც, გმირობის ტოლფასი არჩევანი და ვხედავდი ჩემს თავს მათ სიახლოვეს, გენერალ მაღლაკელიძესავით მიზიდავდა გასიდუმლოებული ცხოვრება, ადამიანთა ჩემს აზრზე მოქცევა და თუ ეს გამომდიოდა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ქაქუცასავით მინდოდა მებრძოლა. მიხასავით გავსწორებოდი შეჭირვებულთა მაოხრებლებს. ვაანალიზებდი ბავშვური ლოგიკით მათ გმირობებს და თანდათან მიჩნდებოდა წერის სურვილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეგობრების წრე საკმაოდ წიგნიერი იყო, და ბავშვობიდან ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ცოდნაში და ერთხელაც ერთმანეთს ნოველის დაწერაში შევეჯიბრეთ, მახსოვს გურამმა შექმნა „ტყის მცველი“–კაცი, რომელსაც ბუნება უყვარდა და უანგაროდ ემსახურებოდა მას. მე კი დავიწყე და სამ კვირაში „შემსრულებელი“ წარმოვადგინე, ამბავი საიდუმლო სამსახურის ლეიტენანტ არჩილ ბარნოვზე. ორივეს თემა ძალიან აქტუალური იყო (2001 წელი გახლდათ მაშინ) ტყეები იჩეხებოდა და ცხოველთა მდიდარი ფაუნაც უმოწყალოდ ნადგურდებოდა. „შემსრულებელი“ კი ჯაშუშური „ჯეიმს ბონდ“–ის მაგვარი რომანი იყო ქართული შტრიხებითა და ბავშვური აზრებით გაჯერებული, ვწერდი და ის დღეები ის სამი კვირა არასოდეს დამავიწყდება, მე ვიცხოვრე როგორც „ჯაშუშმა“ და მივხვდი, იყო მწერალი ნიშნავს გინდოდეს ცხვრება შენი გმირივით და აქაც ერთი დიდი საერთო ამ წერილის აზრთან! მწერალიც დიდი ბავშვია, იგი წერს თავის ოცნებას. რასაც ცხოვრებაში ვერ „შეწვდება“ ის წიგნში თავისავე კალმით იღებს იმას. მეტიც მე ეხლა ვხვდები, რომ ჩემმა „ბავშვურმა რომანმა“ ბევრი ახალი რამ მასწავლა, უფრო დაკვირვებული, ფრთხილი, ინდივიდუალური ახლობლებისგან გამორჩეული ხასიათის, ეჭვიანი(ც) გავხდი და რაც ყველაზე საკვირველია ვარჯიშიც კი დავიწყე, საბრძოლო ილეთებს ვსწავლობდი და ვქმნიდი გარემოს სადაც იმიჯი შევიცვალე, მაშინ ახალი არავინ იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ მე მოვახერხე ერთი რამ, შემომხედეს სხვა თვალით როგორც საჭიროს და როგორც პიროვნებას. მსუქანი და დაბნეული ბიჭიდან რამდენიმე თვეში სულ სხვა იმიჯის და აზროვნების მქონე ადამიანად ჩამოყალიბება დავიწყე, დავიკელი წონაში, სწავლას მოვუმატე დავიწყე PR–ის და ფსიქოლოგიის შესწავლა, მაინტერესებდა ყველაფერი რაც სხვებისგან გამომარჩევდა, მიყვარდა ჭორის მარცვალის ჩაგდება და შემდეგ იმის ხილვა თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ეს და იცით რას ვხდები? რომ მე დავიწყე არა სხვისი წიგნის პერსონაჟის მიბაძვა არამედ თვითონ მოვექეცი ჩემივე გამოგონილის (ოცნების) გავლენის ქვეშ. მივხვდი, რომ თავად გავხდი „უშიშროების ოფიცერი არჩილ ბარნოვი“, რომლისთვისაც მთავარი იყო სამშობლოს და საკუთარი ღირსების დაცვა ნებისმიერ ფასად. ის რაც მაშინ მოზარდობისას ხდებოდა ჩემს თავს მაქცია იმად ვინც ვარ, აღარც მამას ვგავარ ხასიათით და აღარც სხვა ძალიან ახლობელს რადგან ვცდილობდი შემექმნა რაღაც ჩემეული, არა ახალი მაგრამ გამორჩეული, შევიცვალე ცხოვრების მიზნები და ეს ხდებოდა სულ რაღაც თვეების განმავლობაში, დიდი ხნის უნახავი ნათესავები, მეგობრები ვეღარ მცნობდნენ რადგან, ჩემით რაღაც თავისთავად ვითვისებდი ახალ მანერას, ჭამის სტილს, მოქცევის კულტურას და რასაც ყველა მამჩნევდა ეს იყო ძალიან გამსჭოლი „ჯაშუშური“ მზერა, რაც დღემდე შემომრჩა, არ ვიცი ეს ვისგან და საიდან შევიძინე მაგრამ, ფაქტია ჩემს მზერას დღემდე თვალს არიდებენ– არ ვიცი „შემსრულებელი“, რომ არ დამეწერა ვინ ვიქნებოდი დღეს მაგრამ ფაქტია, სკოლის დასრულების შემდგომ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პარალელურად ვმუშაობდი სულ რაღაც ახალს ვითვისებდი, მიმუშავია როგორც „შავ მუშას“ ასევე, როგორც მმართველს და აქაც ერთი პარალელი 10 წლის წინ დაწერილ რომანშიც ესე იყო აღწერილი: არჩილ ბარნოვი იყო ის ვინც სახელმწიფოს იმ მომენტში ჭირდებოდა, მუშაობდა ურანის სავარაუდო საბადოზე ყვარლის მთებში და ხელმძღვანელობდა საგამომცემლო სახლს… საკვირველი კი ის არის, რომ ისეთი ადამიანი რომლის პერსონაჟიც „შემსრულებლის“ არჩილ ბარნოვია მართლა არსებობს და ეს ახლახანს აღმოვაჩინე.
აქედან კი ჩემი მორალი: ვთვლი, რომ ჩვენ ჩვენს პიროვნებას თვითონვე ვზრდით (თუნდაც ოცნებით), მთავარია საჭირო „გასაქანი“ მივცეთ ჩვენს აზროვნებას.
ეს ყველაფერი “ექსპრომტად” დავწერე, „ერთი ამოსუნთქვით“. მქონდა თავისუფალი დრო და დავწერე მასზე, რაც ჩემმა ცოლმაც კი არ იცის, ყველას ვინც ამის შესახებ იცოდა ჰგონია რომ „შემსრულებელი“ რომელიც სცენარებად დავამუშავე დავწვი… P.S. პოლიტიკურ ჭრილში ნუ განიხილავთ.
გამომგზავნი/ავტორი: ნიკა კულოშვილი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply