ოქროსფერი ყანა

0

ერთ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილის მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა ბავშვები ერთად შეგვკრიბეს და სოფელში წაგვიყვანეს. იქ გატარებული დღეებიდან პატარა ეპიზოდს გიამბობ, ჩემო მკითხველო.

სოფელი,სადაც სტუმრად ვიყავით ქარელიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს, მდინარეების – ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან. ამბობენ, აქ ოდითგან ბიბინებს ყველაზე ნაყოფიერი ყანა, რომელსაც მე ,, მარტოსულების ყანა“ ვუწოდე. ჩემი ბიძაშვილი, რომლის სახლშიც ვიყავით სტუმრად, არასოდეს თამაშობდა ჩვენთან ერთად და არ გვაქცევდა ყურადღებას. ჩაიცვამდა ბებოს ახალგაზრდობის დროინდელ ულამაზეს ვარდისფერ კაბას, რომელიც ყველას ძალიან მოგვწონდა, გადმოდგებოდა აივანზე და ნიშნისმოგებით გვიყურებდა. ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რატომ იქცეოდა ასე და გული გვწყდებოდა, რომ არ გვქონდა ასეთი ტანსაცმელი. ბიძაშვილს ჩვენთან ერთად სადილობაც არ სურდა და ამის გამო ტიროდა. შენიშვნის მიცემის ნაცვლად, მშობლები კალთაში ჩაისვამდნენ, თავზე ხელს გადაუსვამდნენ და ცალკე სადილობდნენ. დანარჩენი პატარები ვისხედით მარტო და მორიდებით ვჭამდით.

ამიტომ მივდიოდი ხშირად იქ, სადაც ღმერთს ოქროსფრად შეეღება ყველაფერი. ღობე-ღობე მივუყვებოდი ბილიკს. ძაღლები სოფლის საძოვრებში ყეფა-ყეფით მიერეკებოდნენ ნახირს.მეც, შეშინებული, ტყეს უკან ვიტოვებდი და თავთავებით სავსე პურის ყანას ვაფარებდი თავს. აქ უამრავ ფრინველს გაეკეთებინა ბუდე. ვთბებოდი მზის გულზე და ვფიქრობდი: თუ უფროსები საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას და პატარებს სოფლად წაიყვანენ, უნდა გააღრმაონ კიდეც მათ შორის სიყვარული. მართალია, ბავშვებს აქვთ თავიანთი დამოკიდებულება თანატოლების მიმართ,მაგრამ მშობლებმა საკუთარი მაგალითით უნდა ასწავლონ შვილებს, როგორ უყვარდეთ ერთმანეთი.

მე კი, როგორც მინდვრის პაწაწინა მელა, პურის თავთავებში ვიყავი ჩამალული და სახლიდან წამოღებულ წიგნებს ვკითხულობდი. ხშირად ვფიქრობდი, რომ შეიძლება მე მიმქონდა გულთან ყველაფერი არასწორად. ამიტომ საკუთარ თავში ვეძებდი პრობლემებს. აფრინდებოდნენ ჩიტები ჰაერში, დაეწყობოდნენ მწკრივად და ჩემს გასამხიარულებლად ღრუბლებში დაფრინავდნენ. ვიცოდი, სული მხოლოდ ადამიანს აქვს, მაგრამ შეგიძლია ყველაფერს მისცე შენი სული და ასე ყველგან ყოფნას შესძლებ. დაუბერავს ქარი, აშრიალდება ტყე. გარშემო იქნებ ისეთი ხეები და ყვავილები ხარობენ, ადამიანებზე უკეთ რომ ესმით შენი ამბები.

სევდიანი გამოვიდა ჩემი ნაწერი, რადგან როგორც მახსოვდა, ისე დავწერე ყველაფერი. ისეთი არაფერი მომხდარაო – შეიძლება გაიკვირო, ჩემო მკითხველო. ყოველთვის ასე ხდება: ვიღაცას ყოველთვის სტკენენ გულს. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავტოვე სხვისი სოფელი, ყოველთვის მეტი სიყვარულით და სითბოთი ვექცევი გარშემო ყველას. მორცხვი ადამიანი თუ შემხვდა, ვცდილობ, ყურადღება გამოვიჩინო და მარტოობა არ ვაგრძნობინო . სოფელში ჩასვლისას შემოვიკრებ ბავშვებს და უკვე ვიცი, ვის რა ამბავი აქვს. პატარები უფროსების მაგალითზე სწავლობენ სიყვარულს, მეგობრობას, ადამიანის პატივიცემას. მაგრამ მშობლები ზოგჯერ ისე არიან ერთმანეთის ჯიბრით გადაღლილი, რომ აღარაფერს ასწავლიან პატარებს. მე მოწყენილი ვიყავი სოფელში, რადგან იქ სიყვარული ვერ ვიპოვე. შეიძლება გარშემო კარგი ადამიანებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ მე ერთ პატარა სამყაროში ვიყავი გამოკეტილი და მეგონა , გარშემო მხოლოდ გულგრილი ადამიანები იყვნენ. ჩემს გულს კი უსიყვარულოდ ყოფნა არ შეეძლო. ამიტომ ვგრძნობდი თავს მარტო.

ბავშვები ადვილად ხვდებიან სად არის გულწრფელობა და სად – სიყალბე. იმდენად სათუთია მათი სამყარო, რომ შეიძლება ადვილად გაიბზაროს. ამიტომ, მშობლებო, ბებიებო, ბაბუებო, იყავით სამართლიანნი და გონიერნი. არ ატკინოთ გული პატარებს, თორემ ისინი იფიქრებენ, რომ ცხოვრება არ არის ლამაზი. სინამდვილეში ფერადი სამყაროც ხომ არსებობს? არიან ქვეყნად კეთილი და გულისხმიერი ადამიანებიც, რომლებიც ბევრ სიკეთეს აკეთებენ. ამიტომ ჩავკიდოთ მათ ხელი და მოვეხვიოთ ერთმანეთს. რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, უფრო ლამაზ სამყაროს შევქმნით. დავხატოთ მხიარული გემები, თეთრი სახლები და ამ სახლის საკვამურში ჩავუშვათ ფერადი ბუშტები. თუ საკუთარ ამბიციებს, შურს და წყენას დავივიწყებთ, გულში მხოლოდ სიყვარულისთვის დაგვრჩება ადგილი.

კომენტარები

შეთავაზებები

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply