ოტია იოსელიანი: მიწის ვალი

0

ადამიანი სადაც იბადება და იზრდება, იქვე რჩება,
დედაზე ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო პალოს.
და თუ ვშორდებით – ვაგრძელებთ ბაწარს,
მაგრამ რამდენად შორს ვიწყებთ წანწალს,
იმდენს ვეხვევით ათრეულ თოკში და თავის არ გვწამს.

ასე არა ქნა რომაელმა ცინცინატუსმა
(ქრისტეს შობამდე ხუთას წლის წინათ).
პატრიციუსმა,ტრადიციულად, ზნეობით და თავმდაბლობით გამორჩეულმა,
კონსული გახლდათ
(დღევანდელი პრეზიდენტის ტოლი და ფარდი).
ხმალშემართული ებრძოდა ვოლსკებს და მუსრს ავლებდა,
აძმობილებდა დანასისხლად წაკიდებულ რომის პარტიებს.
და როცა სენატს აღუდგინა დაცემული გავლენა და
ავტორიტეტი,
დაჰკრა ფეხი და
ვალმოხდილმა მიაშურა თავის სახლს – სოფელს..

ისევ მოაწყდა მტერი ქვეყანას,
ისევ დასჭირდათ მხედართმთავარი..
სარდალი ამ დროს იდგა ნახნავში და რგავდა ჭარხალს.
გადაირია მალემსრბოლი:
– ჭარხალს ხომ ყველა ბოგანო დარგავს?!
– როგორ არ დარგავს და ვინც დარგავს, მიწის ვალს იხდის,
მაგრამ თავისას, ჩემსას კი არა.
– შემოესია რომს ეკვები და საბინები,
შენ მეტი მახვილს
გამარჯვებისას ვერავინ დაძრავს!

ამბობენ ფეხი დაუბანია, ხელი კი -არა,
შერკინებია მომხდურ მტრებს და მოგეცათ ლხენა..
დიდი ნადავლით და ტრიუმფით დაბრუნდა რომში.
და თექვსმეტ დღეში (ამდენ ხანს ჩვენში თამადად გაძლებ…)
უთქვამს ლიციუს კვინქციუს ცინცინატუსს:
– სამშობლოს ვალი, რაც შემეძლო, ხომ მოვიხადე,
ახლა კვლავ ვალი მეძახის მიწის..
წასულა სოფლად, ჩამდგარა ხნულში,
რგავდა კომბოსტოს და წითელ ჭარხალს..

თქვენს მონა-მორჩილს (ჯარისკაცად ღმერთს არ ვუქნივარ),
სამშობლოს ვალი ხომ მაწევს ვალად,
რა უფლება მაქვს, ვიჯდე სადმე, თბილ სავარძელში,
მიწისას მაინც არ ვიხდიდე.
არ ვთესდე ყანას, არ ვრწყავდე ნარგავს.
იმ მამულს მაინც არ ვუვლიდე, ვისგან ვართ, რაც ვართ,
რომელზეც ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო – პალოს..

ფოტოს წყარო

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply