ოთხი რამ, რაც ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ

0

მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. (მარკ.10. 13-15)

მოტივაციური მწერალი და მრჩეველი ჯიმ რონი, თავის წიგნში “დიდების 4 გასაღები” შეგვახსენებს” ბავშვის ოთხ თვისებას, რაც ჩვენს ცხოვრებას აუცილებად უნდა დავუბრუნოთ:

” 1. ცნობისმოყვარეობა.

იყავით ცნობისმოყვარე. რას აკეთებენ ბავშვები, როცა რაიმეს გაგება სწყურიათ? მართალი ხართ, ისინი მილიონობით შეკითხვას დაგისვამენ და როდესაც გგონიათ, რომ მორჩნენ, ისევ მილიონს დაამატებენ. ისინი არ მოგასვენებენ, ვიდრე პასუხს არ გაიგებენ. ბავშვები ცნობისმოყვარეობას შემეცნებისთვის იყენებენ. როცა ზრდასრული ადამიანები ჭიანჭველებს ფეხს აბიჯებენ, პატარები მათ აკვირდებიან და სწავლობენ. ცნობისმოყვარეობა ეხმარებათ მათ გაიზარდონ, შეიმეცნონ და წინ წავიდნენ.

2. მოუსვენრობა. 

ისწავლეთ იყოთ ბავშვივით მოუსვენარი. არაფერია ამაზე უფრო ჯადოსნური. ბავშვებს არ უხარიათ დაძინება, ისინი მოუთმენლად ელოდებიან როდის გათენდება.. როგორ შეიძლება ვინმეს არ იზიდავდეს ცოცხალი და ემოციური ცხოვრება?! თუმცა შეიძლება მართლაც შემხვდეს ვინმე და მითხრას: “კარგი, მაგრამ მე საკმარისად ზრდასრული ვარ ბავშვური მოუსვენრობისთვის.” მე მებრალება ასეთი ადამიანები, თქვენც უნდა გებრალებოდეთ. მე ასე ვიტყოდი: “თუ ემოციებისთვის საკმარისად დიდი ხართ, ჩანს დაბერებულხართ.” ნუ მიხვალთ ამ დონემდე.

3. რწმენა.

ბავშვებს რწმენა ახასიათებთ. დიდები უმეტეს შემთხვევაში სკეპტიკოსები არიან, ბევრ მათგანს ცინიკურობის ტენდენციაც ახასიათებს. უფროსები იტყვიან: “დიახ, მე დავინახე რაღაც პოზიტიური, თუმცა მოდი ჯერ დამიმტკიცე, რომ ასეა.”  თუმცა ბავშვები ასე არ ფიქრობენ. ბავშვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ისინი ძალზედ სახალისონი არიან. თუ ეტყვით “სამი საცურაო აუზი გვექნებაო”, ისინი იტყვიან “სამი? რა მაგარია!” და მაშინვე გაინაწილებენ საცურაო აუზებს. უფროსები ასე არ ფიქრობენ. “სამი საცურაო აუზი? ხომ არ გაგიჟდი!” ალბათ ნათელია განსხვავება.

4. ნდობა.

ნდობა ბავშვური სათნოებაა, მაგრამ დიდი ღირსების მატარებელია. ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა: “ბავშვივით სძინავსო”. აი, რას ნიშნავს ბავშვური ნდობა.

ცნობისმოყვარეობა, მოუსვენრობა, რწმენა და ნდობა – ეს არის ძლიერი კომბინაცია, რომელიც აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ცხოვრებას!”

სტატიის ბოლოს კი, ყველასათვის საყვარელი მწერლის, ეგზიუპერის, გამონათქვამს შეგახსენებთ:

“წარმოშობით ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ვართ!”

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.