ოთარ ჭილაძე მწერლების შესახებ

0

მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია, მეტად მძიმეა მისი შრომა, შეიძლება ითქვას ტანჯვაა, ამავე დროს იქმნება ასეთი პარადოქსი:

თუკი შეიძლება შენი შრომა გაუთანაბრო ტანჯვას, თუკი მწერლობა გინდა, ჩვეულებრივი ადამიანი უნდა იყო. თუ ჩვეულებრივი ვნებები არ გაქვს, ისე არ ცხოვრობ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მწერალი ვერ გახდები, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანს ვერაფერს მიაღწევ.

ჩვენი სიმართლე სავსეა რომანტიკული წარმოდგენებითა და ლეგენდებით მწერლებზე, საერთოდ, საქართველოში, უმთავრესად, ლეგენდებით ვცხოვრობთ, სინამდვილისადმი მაინცდამაინც თვალის გასწორება არ გვიყვარს. მითებს ვქმნით, მითები კი ხელს გვიშლის მწერლის ნაკლი შევამჩნიოთ.

ზოგიერთი მწერალი თვითონ იქმნის ხოლმე ცხოვრებისეულ ლეგენდებს, ამ ლეგენდის შექმნას უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე წიგნს. დღევანდელმა ცხოვრებამ მწერალს ჩამოხსნა ყოველგვარი იდუმალების ფარდა- საათობით ელოდება ტროლეიბუსს, ფეხით დადის, პურის რიგში დგას, კარგია, რომ საკუთარი ხალხის ჭირ-ვარამს იზიარებს, მათი ნაწილია,მაგრამ ერთს ვიტყვი და მინდა სწორად გამიგოთ, პროფესიის თავისებურების გამო ხალხი რაც უფრო ნაკლებად შეხვდება თავის მწერალს, მით უკეთესია. ჩვენი საქმიანობა უსათუოდ ატარებს ძველი მისტერიების ეზოტერიულ ხასიათს. თავად მკითხველისთვისაა ცუდი, ყველაფრის გაუბრალოება, ერთი ფერით წარმოდგენა…

უმეტეს შემთხვევაში მწერალი ადამიანებს სხვა სამყაროდან გონიათ, უჭირთ წარმოდგენა, რომ შეიძლება მწერალიც მათ წრეს ეკუთვნოდეს. მე პირადად, ასეთი დამოკიდებულება უფრო შესაფერისი მგონია, ვიდრე დღევანდელი, ჩვეულებრივი ურთიერთობამწერლებთან …

არ მიყვარს მწელრები, რომლებიც სარეკლამო საშუალებებს მიმართავენ, საკუთარი მწერლური პოპულარობისთვის.

კაცმა რომ თქვას, მწერლები, მართლაც, სხვა ქვეყნის, ირაციონალური სამყაროს ელჩები არიან. ყოველ შემთხვევაში ორი სამყაროს, რეალურისა და ირეალურის დამაკავშირებელთა როლს ნამდვილად ასრულებს.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply