ნორვეგიის საპენსიო ფონდი – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენა

0

ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (თავად ნორვეგიელები მას ნავთობის ფონდს უწოდებენ) – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენაა. ფონდი დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის დამატებითი შემოსავალი არამხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს, არამედ მომავალ თაობებსაც დარჩეს. XXI საუკუნის დასაწყისში მაღალი ფასების გამო ფონდი სწრაფად გაფართოვდა და დღესდღეობით მას მსოფლიო აქციათა 1,3% ეკუთვნის. ამას გარდა, ფონდი აქტიურად იძენს ობლიგაციებსა და უძრავ ქონებას. მარტივად რომ ვთქვათ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით მიღებული თანხა ნორვეგიელებს ეხმარება გამოიმუშავონ ფული სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ნავთობთან არავითარ კავშირში არ არის. მაგალითად, როდესაც Apple წარმატებით უშვებს ახალ აიფონს, ნორვეგიელები და მათი შთამომავალნი, კიდევ უფრო მდიდრდებიან. ცნობისთვის, ფონდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს კომპანია Apple-ში.

ნორვეგიელებს მსოფლიოს უმსხვილესი სტაბილიზაციის ფონდი აქვთ: მისი რესურსი 830 მილიარდ დოლარს აღწევს. მაგალითისთვის, რუსეთის სარეზერვო ფონდის რესურსი, რომელიც ნორვეგიულის ანალოგზე შეიქმნა, 150 მილიარდი დოლარია, როდესაც რუსეთი წელიწადში ნორვეგიაზე 5-ჯერ მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს გამოიმუშავებს.

მკაცრი კონტროლი
ე.წ. ნავთობის ფონდიდან ინვესტიციებზე მკაცრი კონტროლი და წესებია: აკრძალულია მომავალი თაობისთვის განკუთვნილი ფულის ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც ბირთვულ იარაღსა და სიგარეტს აწარმოებენ. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ჩაერიონ ფონდში ბიუჯეტის დასაფინანსებლად, მათ წელიწადში მხოლოდ 4%-ის აღება შეუძლიათ და ამ უფლებითაც ბოლომდე არ სარგებლობენ. საერთო ჯამში კი, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, ფონდის რესურსები მუდმივად ივსება.

ახლახან შვედეთმა გამოაცხადა, რომ გადადის 6-საათიანი სამუშაო დღის რეჟიმზე. ჩათვალეს, რომ თუ თანამშრომელს მეტი თავისუფალი დრო ექნება, უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს და სამუშაოც მეტად პროდუქტიული გახდება. შვედეთმა ამ გზით ნორვეგიული მაგალითი გაითვალისწინა, სადაც მუშაობა 10-ზე იწყება და 4-ზე სრულდება. ამასთან, ნორვეგიაში საშუალო ხელფასი 5-7 ათას ევროს შეადგენს, სახელმწიფო კი ყველანაირად უწყობს ხელს მოსახლეობის დასაქმებას – არსებობს დოტაციები კერძო ბიზნესის მრავალ სფეროში. მაგალითად, შეგიძლია იყიდო 30 ცხვარი, მიაკრა ყურზე სანომრე ნიშანი, გაუშვა საბალახოდ მთელი წლის განმავლობაში რომელიმე პატარა კუნძულზე. სახელმწიფოსგან კი მიიღებ დოტაციებს, ტექნიკას, შეღავათებს. წლის ბოლოს კი დაიჭერ შენს ცხვრებს და გაყიდი.

P.S. ნორვეგიაში ნებისმიერი მკვლელობა და ძარცვა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში განიხილება ნაციონალურ ტელევიზიასა და რადიოში. ნებისმიერ ნორვეგიელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოკლე ვადაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან აუდიენციას მიაღწიოს, ამისათვის არ არის აუცილებელი, იყო ოლიგარქი ან პარტიის წევრი. ამასთან, ნორვეგიის პრინცესა სამსახურში ველოსიპედით გადაადგილდება და ამ დროს გზები არ იკეტება.

წყარო: bpn.ge

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply